გენდერული კვოტირება

რატომაა კვოტები მავნე

გია ნოდია
0 კომენტარი

გენდერული თუ ეთნიკური კვოტები ე. წ. „პოზიტიური დისკრიმინაციის“ სახეა. ისინი უმცირესობების (ან „ჩაგრული ჯგუფების“) უფლებების დაცვის მიზნით შემოაქვთ, თუმცა არსებითად ეწინააღმდეგება ძირეულ ლიბერალურ პრინციპებს, რომელთა სახელითაც იცავენ. მეორეს მხრივ, ისინი არც იმ რეალური პრობლემის გადაჭრას უწყობს ხელს, რაც მათ შემოღებას თითქოს საჭიროს ხდის; დიდი ალბათობით, ისინი პრობლემებს, პირიქით, აღრმავებს.

რით ამართლებენ კვოტებს?

ეჭვს არ იწვევს, რომ ტრადიციული წარმოდგენები გენდერული როლების განაწილებაზე ამკვიდრებს აზრს, რომ ქალის ადგილი კერძო და არა საჯარო სფეროშია, რომ პოლიტიკა ის საქმიანობაა, რაც მამაკაცს „შეეფერება“ და არა ქალს. ბუნებრივია, თუ თავისუფლების და თანასწორობის პრინციპებს ვიზიარებთ, ამ განწყობის წინააღმდეგაც გაგვიჩნდეს პროტესტი. თუ ქალს უნდა, პოლიტიკოსი გახდეს, მას ამის ისეთივე უფლება აქვს, როგორც მამაკაცს. როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, მას ისევე შეუძლია, ეფექტური პოლიტიკური ლიდერი იყოს, როგორც მამაკაცს. ზუსტად იგივე ლოგიკა ვრცელდება ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებზე - ადამიანების წარმომავლობა ან რელიგიური კუთვნილება არ უნდა აფერხებდეთ იმაში, რომ საჯარო სიცრცეში წარმატებას მიაღწიონ.

თუ ასეა, სახელმწიფო სრულიად თანასწორად უნდა მოეპყრას ყველა ადამიანს მათი სქესის, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური კუთვნილების და ა. შ. მიუხედავად. ეს ნორმა იქცა ბანალურ ჭეშმარიტებად, რომელიც დღეს ქვეყნების უმრავლესობის კონსტიტუციაშია ფიქსირებული.

ოღონდ, პოზიტიური დისკრიმინაციის მომხრეების აზრით, ეს საკმარისი არ არის. თუნდაც თუ სახელმწიფო ყველას თანასწორობას აღიარებს, კულტურა, საზოგადოების განწყობა შეიძლება მაინც იწვევდეს კონკრეტული გენდერული თუ ეთნიკური ჯგუფების ჩაგვრას. მაგალითად, ადამიანების (მათ შორის ქალების) უმრავლესობა შეიძლება ფიქრობდეს, რომ ქალის ადგილი პოლიტიკაში არ არის და ამის გამო ქალ კანდიდატებს არჩევნებში ხმა არ მისცეს. დემოკრატიული უმრავლესობები შეიძლება ბოლომდე თავისიანებად არ თვლიდნენ ეთნიკური ან რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს, რაც ხელს უშლის მათ ყოფნას პოლიტიკური მართვის ორგანოებში.

აქედან გამოყავთ აზრი, რომ ლიბერალური სახელმწიფო მხოლოდ დისკრიმინაციაზე უარის თქმით არ უნდა შემოიფარგლოს და ხელი მიჰყოს სოციალური ინჟინერიის პროაქტიულ ზომებს. თუ კულტურა გარკვეულ ჯგუფებს „ჩაგრავს“, სახელმწიფომ ამას პოზიტიური დისკრიმინაციის ზომები უნდა დაუპირისპიროს, ანუ „ჩაგრულებს“ ხელოვნულად მიანიჭოს უპირატესობა. ამით სამართლიანობა ნაწილობრივ მაინც აღდგება.

მორალური შანტაჟი

პოზიტიური დისკრიმინაციის მომხრეები თავს სამართლიანობისთვის მებრძოლებად, ხოლო ოპონენტებს - ჩაგვრის გამმართლებლებად წარმოაჩენენ. ეს საშუალებას აძლევთ, მოწინააღმდეგეებს მორალური უპირატესობის პოზიციიდან ელაპარაკონ (როგორც წესი, ასეთი თვითშეფასება სრულიად გულწრფელია).

საკითხის მორალიზაცია წარმატებული სტრატეგიაა, რადგან ადამიანებს, ჩვეულებრივ, ურჩევნიათ, სამართლიანობის, ჩაგრულთა დაცვის პოზიციას დაუჭირონ მხარი. ამას ისიც ეხმარება, რომ პოზიტიური დისკრიმინაციის ზომებს აქტიურად ეწინააღმდეგებიან მკვეთრად ანტილიბერალური შეხედულებების ადამიანებიც, ვინც მართლა თვლის, რომ პოლიტიკაში ქალის ადგილი არ არის, ხოლო ეთნოკულტურულ უმცირესობებს არ უნდა ვენდოთ. მერყევ ლიბერალებს ფსიქოლოგიურად ადვილად აშანტაჟებენ: „როგორ, თანასწორობა არ გინდა? ამ შავბნელ მიზოგინებთან და ქსენოფობებთან ერთად როგორ აღმოჩნდი? გცხვენოდეს, შენზე სხვა წარმოდგენა გვქონდა!“

ჩაგვრა კეთილი განზრახვით

რატომ ვთვლი, რომ პოზიტიური დისკრიმინაცია სინამდვილეში ძირს უთხრის იმ ღირებულებებს, რის დასაცავადაც ვითომ იბრძვის? ამის რამდენიმე ძირითადი არგუმენტი არსებობს, რომელთაგან ზოგიერთს მოკლედ მიმოვიხილავ.

პირველ რიგში, პოზიტიური დისკრიმინაციაც დისკრიმინაციაა, ანუ ჩაგვრაა. ზოგადად, ჩაგვრის ობიექტი ყოველთვის ინდივიდია და არა ჯგუფი. „ჯგუფის ჩაგვრა“ სხვა არაფერს ნიშნავს, თუ არა იმას, რომ ინდივიდი ჯგუფის კუთვნილების გამო იჩაგრება. თუ, ვთქვათ, ამერიკულ უნივერსიტეტში ვერ ხვდება თეთრკანიანი ან აზიური წარმოშობის ძლიერი კანდიდატი იმის გამო, რომ რასობრივი კვოტით მის ადგილს გაცილებით უფრო სუსტი შავკანიანი აპლიკანტი იკავებს, ამით კონკრეტული ინდივიდის უფლებები ილახება. დიახ, ისტორიულად შავკანიანები მართლაც იჩაგრებოდნენ, მაგრამ დღეს ამის საფასურს სრულიად უსამართლოდ ახდევინებენ მათ, ვინც ამ წარსულ ჩაგვრაზე არანაირ პასუხს არ აგებს.

ზუსტად იგივე ხდება ნებისმიერი კვოტის შემთხვევაში. დისკრიმინაციის „პოზიტიურობა“ აქ მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მის შემომღებებს „კეთილი განზრახვა“ ამოძრავებთ. მაგრამ კეთილი განზრახვით უამრავი ბოროტება მომხდარა. შუა საუკუნეებში ერეტიკოსებს კეთილი განზრახვით წვავდნენ კოცონზე, ხოლო კომუნისტებმა მეოცე საუკუნეში ათეულობით მილიონი ადამიანი დახოცეს, რადგან საერთო-საკაცობრიო ბედნიერებისთვის ასე იყო საჭირო. ქალთა თუ უმცირესობათა კვოტების მომხრეებს ასეთ დანაშაულს ვერ დავაბრალებთ, მაგრამ აქ პრინციპია მთავარი: „კეთილი განზრახვით“ ჩადენილი უსამართლობა მაინც უსამართლობად რჩება.

ჯგუფიზმის მანკიერი ლოგიკა

კვოტების ლოგიკა პირდაპირ ეწინააღმდეგება ძირითად პრინციპს, რასაც თანამედროვე ცივილიზაცია ემყარება და რამაც მისი პროგრესი შესაძლებელი გახადა: ადამიანი უნდა შევაფასოთ პირადი ღირსებით და არა ჯგუფური კუთვნილებით. მისი თავისუფლება იმასაც ნიშნავს, რომ მისი სქესი, ეთნიკური თუ რელიგიური წარმომავლობა მის აზრებს არ განსაზღვრავს: მას ნებისმიერ საკითხზე შეუძლია დაიკავოს პოზიცია, რაც პირადად მისი მრწამსიდან გამომდინარეობს და არა ჯგუფური კუთვნილებიდან. პოზიტიური დისკრიმინაციის თუ კვოტების ლოგიკა საპირისპირო მიდგომას ამკვიდრებს და „ჯგუფიზმის“ (groupism) აზროვნებაში გვაბრუნებს: ადამიანი პირველ რიგში ჯგუფის წარმომადგენელია და ჩვენც ასეთად უნდა აღვიქვათ.

ჯგუფიზმის ლოგიკით, პარლამენტში ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ მიმავალ გზებზე კი არ უნდა კამათობდნენ, არამედ ხისტად განაზღვრული ნიშნებით შედგენილი ჯგუფების წარმომადგენლები თავ-თავისი მრევლის ინტერესებს იცავდნენ. კერძოდ, აქ გენდერული კვოტით მოხვედრილი ქალი უპირველეს ყოვლისა ქალთა ინტერესების დამცველი უნდა იყოს, რადგან ის მათ წარმოადგენს და არა ზოგადად მოქალაქეებს: მის პოზიციებს მისი ვაგინა უნდა განსაზღვრავდეს და არა გონება ან სინდისი. იგივე ეხება დეპუტატს, რომელიც აირჩევა როგორც სომეხი, როგორც მუსლიმი და ა. შ.: ის აღარ არის უბრალოდ მოქალაქე ან უბრალოდ ინდივიდი, ის ჯგუფის და არა ზოგადსამოქალაქო ინტერესის გამტარებელია. თავის მხრივ, ამომრჩეველი ეჩვევა იმ აზრს, რომ მისი დამცველი მხოლოდ სქესობრივად თუ ეთნოკულტურულად „მისიანი“ შეიძლება იყოს. ეს აღრმავებს საზოგადოებაში „ჯგუფებს“ შორის დისტანციას.

„ჯგუფიზმზე“ დამყარებული ფსევდო-სამართლიანობა „ჩაგრული ჯგუფის“ სტატუსისთვის კონკურენციასაც ბადებს. რომელი ჯგუფია უფრო ჩაგრული და რომელი იმსახურებს მეტ დაცვას (შესაბამისად, კვოტებს?). ამ შეჯიბრში გამარჯვებულებს რეალური პრობლემების სიღრმე კი არ ავლენს, არამედ აქტივისტთა რესურსები ან პოლიტიკური კონიუნქტურა. ძნელია, უარყო საქართველოში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში სექსიზმის ტრადიციების არსებობა, მაგრამ კიდევ უფრო ძნელია არ დაეთანხმო, რომ სექსუალური უმცირესობების მიმართ აგრესია გაცილებით უფრო მაღალი ხარისხისაა, ვიდრე ქალების პოლიტიკური აქტივიზმის მიუღებლობა: თუ რომელიმე ჯგუფია ისტორიულად ჩაგრული, პირველ რიგში ეს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებზე ითქმის. თუ გენდერულ კვოტებზეა ლაპარაკი, პირველ რიგში ისინი მათთვის უნდა დავაწესოთ. რატომ არ დგას ეს საკითხი დღის წესრიგში?

კვოტები შეფარულად შეურაცხყოფს თავის მოსარგებლეებს (რამდენად შეიმჩნევენ ისინი ამ პრობლემას, სხვა საკითხია). მათზე ძალაუნებურად მკვიდრება აზრი, რომ ისინი არასაკმარისად ძლიერნი არიან, რომ ღია კონკურენციას გაუძლონ. რასაც არ უნდა საუბრობდნენ კვოტების იდეოლოგები „ინსტიტუციურ უთანასწორობაზე“ ან „სტრუქტურულ ძალადობაზე“, კვოტით მოსარგებლეს გარდუვალად ეკრობა სტიგმა: ის მისი გენიტალიების ან ეთნიკური წარმოშობის გამოა იქ, სადაც არის, და არა დამსახურების გამო.

„დროებითობის“ მირაჟი

კვოტების მომხრეები გრძნობენ, რომ მათი ზომები წინააღმდეგობაში მოდის თანასწორობის ძირეულ ღირებულებებთან, რომელთაც თითქოს უნდა იცავდნენ, ამიტომ ხშირად ხაზს უსვამენ, რომ კვოტები „დროებითია“, რომ რაღაც ეტაპზე მათი საჭიროება აღარ იქნება, რადგან განათლებით თუ რაღაც სხვა ზომებით მოისპობა ის კულტურული მიზეზები, რაც გარკვეული ჯგუფების ჩაგვრას იწვევს. ეს დიდი ტყუილია. კვოტები არასოდესაა დროებითი, იმიტომ, რომ ისინი მხოლოდ აღრმავებენ იმ წყალგამყოფებს ჯგუფებს შორის, რასაც ვითომ ებრძვიან - ამის მიზეზები წინა აბზაცში ვახსენე. ჯერ არ გამიგია, კვოტები სადმე შემოეღოთ და მერე გაეუქმებინოთ, იმიტომ რომ მათი საჭიროება აღარ არის: ისინი მხოლოდ იმიტომ შეიძლება გაუქმდეს, რომ საზოგადოებამ მათი უსამართლობა და არაპროდუქტიულობა გაიაზრა.

სინამდვილეში ვის სჭირდება კვოტები?

კვოტები მომგებიანია არა მთლიანად „ჯგუფებისთვის“, ვის დასაცავადაც მათ იგონებენ, არამედ პირველ რიგში მათი სახელით მოქმედი აქტივისტებისთვის. თუ საზოგადოებაში არსებობს აკვიატებული აზრები ქალების პოლიტიკაში მონაწილეობის წინააღმდეგ, ან, ვთქვათ, ოჯახებში გავრცელებულია ქალების წინააღმდეგ ძალადობა, ქალი პარლამენტარების რაოდენობის ხელოვნური გაზრდა ამას ვერაფერს უშველის (ზუსტად იგივე ითქმის ეთნოკულტურულ კვოტებზეც). კვოტების გამოცდილება არ გვიჩვენებს, რომ ისინი ამ მიმართულებით ეფექტურია.

სამაგიეროდ, მოცემული აქტივისტები თავს იმკვიდრებენ, როგორც „ჯგუფის“ ინტერესების ნამდვილი დამცველები: მათთვის ამას მოაქვს, სულ მცირე, მორალური კმაყოფილება და სოციალური სტატუსი, ხანდახან კი - მატერიალური სიკეთეები, მათ შორის თვით კვოტების მექანიზმის გამოყენებითაც. კვოტები (ან თუნდაც კვოტებისთვის ბრძოლა) ქმნის ინტერესთა ჯგუფებს, რომლებიც მაქსიმალურად იზრუნებენ იმაზე, რომ მათი არსებობის საფუძველი ყოველთვის ძალაში დარჩეს. ამისთვის საჭიროა, ინდივიდის ჯგუფურ კუთვნილებას ყოველთვის უპირატესობა მიენიჭოს მის ინდივიდუალურ მრწამსთან შედარებით, ხოლო მათ წევრებს არ გაუნელდეთ უსამართლობის, ჩაგვრის განცდა.

პრობლემას კვოტები არ წყვეტს

მთელ მსოფლიოში (დასავლეთში - უფრო ადრე, ვიდრე სხვაგან) გენდერულ როლებზე წარმოდგენები რადიკალურად შეიცვალა, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულებში. დღეს არავის უკვირს, რომ ევროპის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი ქალია, საერთაშორისო სავალუტო ფონდს ქალი ხელმძღვანელობს, დიდი ბრიტანეთს ბოლო ორმოც წელიწადში უკვე მეორე ქალი პრემიერმინისტრი ჰყავს და ა. შ. არც ერთ მათგანს ამისთვის გენდერული კვოტით არ მიუღწევია და პენისის არქონას წამდაუწუმ არავინ ახსენებს. აღარავინ ზეიმობს, რომ ისინი „ქალი პოლიტიკოსები“ არიან: ეს ჩვეულებრივი ამბავი გახდა, და ამის ზედმეტი ხაზგასმა უდიდესი უტაქტობაა.

ეს უზარმაზარი ცვლილებაა, რაც სოციალურმა განვითარებამ, მსოლფმხედველობის შეცვლამ მოიტანა და არა სოციალურმა ინჟინერიამ. დიახ, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში შემოიღეს სავალდებულო გენდერული კვოტები პარლამენტში (ნუ ავურევთ მათ პარტიის შიდა კვოტებთან, რაც სახელმწიფოს საქმე არ არის), მაგრამ ეს ქვეყნები არც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის და არც მათი უფლებების ზოგადი დაცულობით არაფრით ჯობია გაცილებით მეტ განვითარებულ დემოკრატიას, სადაც ასეთი კვოტები არა აქვთ. კვოტები მხოლოდ მათი უშუალო მოსარგებლეების ინტერესებშია.

საქართველო სულაც არაა გამონაკლისი: აქაც ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ქალთა უფლებების აღიარების და დაცვის სფეროში, განსაკუთრებით ბოლო ოც წელიწადში, რასაც ცალსახად უნდა მივესალმოთ. საბჭოთა კავშირში ჩაკეტვამ ევროპულ პროცესებს ჩამოგვარჩინა, მაგრამ არ არსებობს არგუმენტი, რაც გვათქმევინებს, რომ კვოტების გარეშე ვერ მივალთ იქამდე, სადამდეც დასავლეთი უკვოტებოდ მივიდა. მეტი საფუძველია, პირიქით ვთქვათ: კვოტები მხოლოდ ხელს შეგვიშლის.

მოყვანილი არგუმენტები თემას არ ამოწურავს, მაგრამ არ მინდა, აზრი ზედმეტად გამიგრძელდეს. მთავარია, კარგად გავიზროთ მიზანი, რასაც ვესწრაფვით. ჩემი აზრით, ის იმაში უნდა მდგომარეობდეს, რომ პოლიტიკოსს (ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანს) მისი ქმედების შედეგებით ვაფასებდეთ და არა გენიტალიების სტრუქტურით, სექსუალური ორიენტაციით, ან ეთნიკური წარმომავლობით. კვოტების ჯგუფისტურ ლოგიკას საპირისპირო მიმართულებით მივყავართ. თუ ამ გზაზე ერთხელ შევდექით, უკან დაბრუნება არც ისე იოლი იქნება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები