პაპუნა უგრეხელიძის საქმე

მუქარა და შევიწროება - რაში ადანაშაულებს ყოფილი თანამშრომელი პაპუნა უგრეხელიძეს

ხატია ღოღობერიძე
0 კომენტარი

საჯარო რეესტრის თავმჯდომარეს, პაპუნა უგრეხელიძეს ყოფილი თანამშრომელი სექსუალურ შევიწროებასა და მუქარაში ადანაშაულებს. საქმე უკვე შეისწავლა სახალხო დამცველმა და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა სექსუალურ და სქესის ნიშნით  შევიწროებას. უგრეხელიძე კითხვებზე პასუხების გაცემას მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ გეგმავს. თუმცა, მისი არგუმენტები ომბუდსმენის დასკვნაში უკვე აისახა. მისმა უშუალო ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა კი ამ თემაზე კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ფაქტი მედიით გახდა საჯარო. იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ "როგორც ქალმა მინისტრმა, პაპუნა უგრეხელიძეს უნდა მოუსმინოს" და პოზიციას შემდეგ დააფიქსირებს.

44 წლის ნინო (სახელი შეცვლილია) საჯარო რეესტრში უწყების შექმნის დღიდან, 2004 წლიდან მუშაობდა. ის ტაბულასთან ყვება, რომ სამსახურში გაუსაძლისი პირობები 2013 წლიდან შეიქმნა, მას შემდეგ, რაც უწყების თავმჯდომარედ პაპუნა უგრეხელიძე დაინიშნა. ნინოს თქმით, უფროსის მხრიდან დამცირებისა და შეურაცხყოფის ატანა ყოველდღიურად უწევდა. ის უგრეხელიძეს სქესის ნიშნით და სექსუალურ შევიწროებაში, ასევე მუქარაში ადანაშაულებს.

"არ მახსოვს კონკრეტულად რომელ დღეს დაიწყო ყველაფერი. სანამ თავმჯდომარის მოადგილე იყო, მასთან უშუალო შეხება არ მქონია. თავმჯდომარედ როგორც კი დაინიშნა, პირველივე დღეს იყო კამათი ერთ-ერთ თანამშრომელთან. მას შემდეგ, რაც ძალაუფლება იგრძნო, აგრესიას უფრო და უფრო ავლენდა. ეს გამოიხატებოდა ჩხუბით, ყველას თანდასწრებით დამცირებით. გაოცებული ვიყავი, არ ველოდი და არც მსგავსი გამოცდილება მქონდა სხვა ხელმღვანელებთან. ვერ ვეგუებოდი მის ასეთ დამოკიდებულებას და ვეწინააღმდეგებოდი. მაგალითად, ერთ თანამშრომელ გოგოს *ლექალა უწოდა, სხვა თანამშრომელს ყბამონგრეულ-ფეხმონგრეულს ეძახდა, რაც გავაპროტესტე და არ მოეწონა. ამბობდა, რომ ჩემ გარდა ყველას მოტეხა რქები და წინააღმდეგობა აბრაზებდა.

არ ვიცი, ალბათ ამის გამო ამომიჩემა. მეჩხუბებოდა, მიყვიროდა, მაგინებდა, მაშინებდა. სრული ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ ვიყავი, როგორც შეიძლება კაცმა ქალი დაჩაგროს. ტიპიური მოძალადეა, თავისი მანიაკალური სექსუალური გადახრებით. თავის საკუთრებად აღმიქვამდა. ჩემი სამუშაო საათები იყო 9-დან 6-მდე, მაგრამ 24 საათის განმავლობაში მუდმივად ხაზზე უნდა ვყოფილიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ მევალებოდა და არც ჩემი სამსახურის სპეციფიკა იყო ასეთი", -  ამბობს ნინო.

საჯარო რეესტრის ყოფილი თანამშრომლის თქმით, უგრეხელიძე მას ემუქრებოდა კიდეც. ნინო ტაბულასთან ამბობს, რომ მუქარის შემცველი მესიჯი საჯარო რეესტრის უფროსმა მას შემდეგ მიწერა, რაც სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მობილური გაუთიშა.

"მივლინებაში ვიყავი, დამირეკა სამსახურის საკითხზე და მეჩხუბა, მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ძალიან დაღლილი ვიყავი და ვუთხარი თავი დაენებებინა, ნაცემივით ვარ-მეთქი, რის შემდეგაც მობილური გავუთიშე. მომწერა, რომ მომხედავს, ხელითაც შემეხება და მართლა ნაცემი ვიქნები", - ამბობს ის.

ნინო უგრეხელიძეს სექსუალურ შევიწროებაშიც ადანაშაულებს, თუმცა დეტალების განხილვისგან თავს იკავებს და ამის მიზეზად ოჯახს ასახელებს.

"ვერავინ იტყვის ამ სიტუაციაში როგორ მოიქცევა. ეს იმდენად ამაზრზენი, ცუდი გამოვლინებაა კაცის მხრიდან, სწორი რეაქცია იმ წამებში ვერ გექნება. მერე გაქვს პროტესტი, მაგრამ იმ მომენტში ისე იბნევა ადამიანი, რომ ამას ვერ აკეთებს. მით უმეტეს, როცა ეს ხელმძღვანელს და სამსახურს ეხება და მასზე ხარ დამოკიდებული", - ამბობს ის.

ნინო ყვება, რომ სამსახურიდან წასვლა უნდოდა, თუმცა ეშინოდა. მისი თქმით, საბოლოოდ, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როცა ხელმძღვანელმა აგინა, "ქუჩის ქალი" და "ნაგავი" უწოდა. ხოლო როცა ის შეეპასუხა და უთხრა, რომ ამ სიტყვების გამო უჩივლებდა, უგრეხელიძე უფრო გაბრაზდა, დაიწყო გინება და ეუბნებოდა "აქ მოეთრიე, ყ** ვერ მომაჭამოო".

"მე რომ იქედან არ წამოვსულიყავი, ჩათვალეთ, რომ ცოცხალი აღარ ვიქნებოდი. ამას ვერ გავუძლებდი. ვერ ახსნი, რა მდგომარეობა იყო. მუდმივი სტრესი და დაძაბულობა. თავიდან მეც ნაკლები ცნობიერება მქონდა, ნაკლებად მესმოდა და აღვიქვამდი რასთან მქონდა საქმე. ვხვდებოდი, რომ ეს არაადეკვატური იყო და საშინელი პროტესტი მქონდა, მაგრამ, იმის გამო, რომ სამსახურის დაკარგვის მეშინოდა, რომ ამას სწორად ვერ გაიგებდნენ, რომ ჩემს უკან ოჯახი და მეგობრები იყვნენ და ა.შ., არ მივდიოდი. და რა, რომ ვთქვი, გადავდგი ნაბიჯი და ხმა ამოვიღე, ვინმემ დამიცვა? ვინმე დამიდგა გვერდში? სრულიად მარტო აღმოვჩნდი ფაქტობრივად", - ამბობს ნინო.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც პაპუნა უგრეხელიძემ გაიგო, რომ ნინომ სახალხო დამცველს მიმართა, მეგობრების მეშვეობით ემუქრებოდა, რომ გაავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს მასთან მხოლოდ სამსახურებრივი ურთიერთობა არ აკავშირებდა.

ნინო ამბობს, რომ სამუშაო ადგილის შეცვლის მიუხედავად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყოფილი ხელმძღვანელი ხელს უშლიდა მოვალეობების შესრულებაში ახალ სამსახურშიც, რომელსაც მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა საჯარო რეესტრთან.

"ბოლოს დამემუქრა, რომ არ მოისვენებს, სანამ არ დამმარხავს, არ დამამიწებს. იმ სამსახურიდანაც გავაგდებინებო. სახალხო დამცველის დასკვნას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, არავინ დასჯილა, არავის მისთვის პასუხი არ მოუთხოვია. ბოდიშიც კი არ მოუხდია არავის. მისი წახალისება ხდება, ხელს აფარებენ, არანაირი რეაგირება არ არის ამ ყველაფერზე", - ამბობს ნინო.

მას ბრალდებების დამადასტურებელი, მუქარის შემცველი მიმოწერა შენახული აქვს და ტაბულასაც მიაწოდა, თუმცა ამ ეტაპზე, მათი გასაჯაროებისგან თავს იკავებს.

მესამე პირები

ტაბულამ ნინოს მონათხრობის გადამოწმება საჯარო რეესტრის თანამშრომლებთან სცადა. საუბარი რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა მხოლოდ კონფიდენციალურად ისურვა. ისინი შიშობენ, რომ პაპუნა უგრეხელიძე ახალ სამსახურებშიც შეუქმნის პრობლემებს. ნინოს მსგავსად, ისინიც ამბობენ, რომ საჯარო რეესტრის უფროსი თანამშრომლებს დამაცირებლად ექცევა.

გიორგი (სახელი შეცვლილია) ყვება, რომ საჯარო რეესტრის თავმჯდომარეს დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ძირითადად ქალების მიმართ ჰქონდა. მას ხშირად უნახავს როგორ ტიროდა და განიცდიდა ამას ნინო.

"ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ნინოს მიმართ ჰქონდა ასეთი დამოკიდებულება. სხვების მიმართაც ხდებოდა ეს, თუმცა ძირითადად ქალების მიმართ. ავრცელებდა ინფორმაციას, რომ სხვადასხვა თანამშრომელთან ჰქონდა სექსი და ამით მათ სახელებს თითქოს ჩრდილს აყენებდა. ყველა ცდილობდა ამისთვის ყურადღება არ მიექცია. იყო ნაწილობრივ თითქოს ხუმრობანარევი შეურაცხყოფები. ზოგი ცდილობდა ხუმრობაში გაეტარებინა, თუმცა ნინოს შემთხვევაში სხვაგვარად იყო. მინახავს, როგორ განიცდიდა და ტიროდა, მიუხედავად ამისა, გრძელდებოდა შეურაცხყოფის მიყენება. ნინომ გადაწყვიტა ამაზე ესაუბრა, ზოგმა უბრალოდ თვალი დახუჭა და ჩათვალა, რომ აზრი არ აქვს. იყო რამდენიმე თანამშრომელი, რომელსაც ჰქონდა საფუძველი, რომ გაეკეთებინა იგივე, რაც ნინომ გააკეთა", - ამბობს გიორგი.

რეესტრის კიდევ ერთ ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ პაპუნა უგრეხელიძის მართვის სტილში ძალადობის ელემენტები არის და ეს ძირითადად ქალების მიმართ ხდება.

"იყო შეურაცხყოფა, დამცირება, რაც წარმოუდგენელია საჯარო სამსახურში. ეს ძირითადად ხდებოდა ქალების მიმართ, განსაკუთრებული პროტესტი ჭკვიანი ქალების მიმართ არსებობდა. არაერთხელ მინახავს როგორ ტიროდა ნინო, თავს დამცირებულად გრძნობდა. ამ შეურაცხყოფების შემდეგ კი შეეძლო მისულიყო, ხელი გადაეხვია და უნდა გაეღიმა, ფოტო გადაეღო, თითქოს არც არაფერი მომხდარა და ის ადამიანი ბედნიერი უნდა ყოფილიყო ამით. გამცირებდა როგორც ქალს, გეუბნებოდა რომ იყავი უტვინო", - ამბობს ქეთი (სახელი შეცვლილია).

მისი თქმით, პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან იყო მუქარებიც იმ ადამიანების მიმართ, ვინც მას დაუპირისპირდებოდა.

"მას ჰქონდა ასეთი ტიპის მუქარა - ვინც შეეწინააღმდეგებოდა, ეუბნებოდა - თუ ხტუნვას არ მორჩებით, მე ვიტყვი თქვენზე და მართალია სიმართლე არ იქნება, მაგრამ მე ხომ ვიტყვი და ვის დაუჯერებენო? ხდებოდა კიდეც ასე, თუნდაც ნინოს შემთხვევაში", - ამბობს ის.

საჯარო რეესტრის სხვა თანამშრომლების მონაყოლი ასახულია სახალხო დამცველის დასკვნაში. ერთ-ერთი ადამიანი ყვება, რომ პაპუნა უგრეხელიძე ნინოს მისამართით ზოგჯერ უხამს გამონათქვამებს ამბობდა, მათ შორის, სხვა თანამშრომლების თანდასწრებით.

კიდევ ერთმა თანამშრომელმა, თამუნამ (სახელი შეცვლილია) ომბუდსმენის წარმომადგენლებს უთხრა, რომ საჯარო რეესტრის უფროსს ახასიათებდა "ხუმრობები" თანამშრომლებთან, რომლებიც ვერ იგებდნენ ხუმრობდა, ეფლირტავებოდა თუ ემეგობრებოდა მათ. მას შემდეგ, რაც თამუნამ ამის შესახებ ისაუბრა, მას პაპუნა უგრეხელიძე შეხვდა. ეს სახალხო დამცველს თავად განუცხადა და თქვა, რომ მისმა თანამშრომელმა რაღაც ფაქტები გაბრაზების გამო დაადასტურა.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ამის შემდეგ თამუნამ განაცხადა, რომ "რაღაცებში ეჭვი შეეპარა და არ სურს დაადასტუროს ის, რაც ზუსტად არ იცის".

დადასტურება - სახალხო დამცველის დასკვნა და საია

ნინომ დახმარებისთვის თავდაპირველად, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიმართა. ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე, იურისტი ნონა ქურდოვანიძე ტაბულასთან ამბობს, რომ საქმეში სექსუალური შევიწროების ნიშნები თავიდანვე გამოიკვეთა.

"ჩვენ ამ საქმის დეტალებს ვიცნობთ და მსხვერპლს სამართლებრივ კონსულტაციებს ვუწევთ. თავიდანვე, როცა საქმეს გავეცანით, ვფიქრობდით, რომ იკვეთებოდა სექსუალური და სქესის ნიშნით შევიწროება. დღეს არსებული კანონმდებლობით, ეს არის დისკრიმინაცია სქესის ნიშნით", - აცხადებს ქურდოვანიძე.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ ფაქტს რეაგირება არ მოჰყვა და ასევე, არსებული კანონმდებლობა სექსუალურ შევიწროებასთან ბრძოლის ეფექტურ მექანიზმებს არ ითვალისწინებს, ამ საქმეზე შესაძლოა საერთაშორისო მექანიზმებით დაიცვან მსხვერპლის უფლებები.

"როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ საქმის შესახებ იცის იუსტიციის მინისტრმა და ჩვენი ინფორმაციით, მას რაიმე რეაგირება არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ზოგადად, როცა კონკრეტულ სსიპ-ში ასეთი ფაქტები ხდება და შესაბამისი უწყებები ინფორმირებულია, ამას უნდა მოჰყვეს რაიმე ტიპის რეაგირება. ჩვენ რეაგირება ამ დრომდე, სამწუხაროდ, ვერ ვნახეთ", - ამბობს ნონა ქურდოვანიძე.

მისივე ინფორმაციით, ნინოს შემთხვევა არ არის ერთადერთი საქმე პაპუნა უგრეხელიძის წინააღმდეგ. საია სწავლობს სქესის ნიშნით დისკრიმინაციის, კონკრეტულად კი შევიწროების სხვა საქმესაც.

ნინომ მიმართა საქართველოს სახალხო დამცველსაც, რომელმაც საკითხი შეისწავლა და დასკვნა და რეკომენდაციები პაპუნა უგრეხელიძეს გაუგზავნა. ომბუდსმენმა დაადგინა, რომ უგრეხელიძემ, ნინოს მამართ, ჩაიდინა შევიწროებითა და სექსუალური შევიწროებით გამოხატული, სქესის ნიშნით დისკრიმინაცია.

სახლახო დამცველმა, ნინოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებების, მოწმეთაგან მოპოვებული ინფორმაციისა და პაპუნა უგრეხელიძესთან გასაუბრებიდან გამოკვეთილი ინფორმაციის საფუძველზე მიიჩნია, რომ უგრეხელიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა, ერთი მხრივ, სქესის ნიშნით შევიწროებას, რაც გამოიხატა ნინოს შეურაცხყოფასა და დამამცირებელი სამუშაო გარემოს შექმნაში, და მეორე მხრივ, ვერბალური ფორმით სექსუალურ შევიწროებას, რაც გამოიხატა კონკრეტული ფამილარული თუ უხამსი სიტყვების გამოყენებაში.

დასკვნაში წერია, რომ ამ ქმედებებს ჰქონდა განგრძობადი ხასიათი და ნინოს დამამცირებელ და მტრულ სამუშაო გარემოს უქმნიდა.

სახალხო დამცველის აპარატში ტაბულას უთხრეს, რომ ნინოს შევიწროება ვერბალურად ხდებოდა.

"საქმის შესწავლა განმცხადებლის (ნინო) მომართვის შემდეგ დავიწყეთ. მან წარმოადგინა გარკვეული მტკიცებულებებიც. ეს იყო მიმოწერა sms შეტყობინებების სახით. ასევე, ვესაუბრეთ რამდენიმე მესამე პირს, რომლებიც მსხვერპლის და შევიწროების ჩამდენის საერთო ნაცნობები იყვნენ. პირადად შევხვდით შემვიწროებელსაც და მტკიცებულებების შეფასების შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ ადგილი ჰქონდა ქმედებებს, რომელიც ითვლება დასაქმების ადგილას სექსუალური შევიწროების შემადგენლად. ეს არის ვერბალური სახის შევიწროება, ფიზიკურ შევიწროებაზე საუბარი არ ყოფილა. ეს გულისხმობს სექსუალური ხასიათის ვერბალურ კომენტარებს, ვერბალურ კომუნიკაციას, რომელიც მსხვერპლისთვის არასასურველია", - ამბობს ქეთი შუბაშვილი, სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი.

პაპუნა უგრეხელიძე

ტაბულამ სცადა კითხვებზე პასუხი თავად პაპუნა უგრეხელიძისგან მიეღო. პირადად მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. საჯარო რეესტრის კი პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ის აშშ-ში იმყოფება მივლინებით და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ამ თემაზე განცხადებას აუცილებლად გააკეთებს.

ბრალდებების ნაწილზე საჯარო რეესტრის უფროსის პასუხები არის სახალხო დამცველის დასკვნაში. პაპუნა უგრეხელიძე ნინოს ძალიან კარგ პროფესიონალად ახასიათებს, თუმცა, აღნიშნავს, რომ ის ნერვიული და კონფლიქტურია. აქვე, უგრეხელიძე უკმაყოფილებას გამოთქვამს შევიწროებაში დადანაშაულების გამო და ამბობს, რომ ამ ასაკის ქალები მას არ იზიდავს, რადგან უკვე შვილიშვილები ჰყავს. მისი თქმით, "ირგვლივ უამრავი ახალგაზრდა ულამაზესი ქალია და ნინოს არ შეხედავდა".

პაპუნა უგრეხელიძე ნინოსთვის მუქარის შემცველი შეტყობინების გაგზავნას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ეს მესიჯები კონტექსტიდან არის ამოვარდნილი.

რაც შეეხება ფამილარულ მიმართვებს, საჯარო რეესტრის უფროსი აცხადებს, რომ "ციყვოს" ეძახდა ყველა თანამშრომელს, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, რადგან დაბადების დღეზე მიართვეს ტორტი, რომელზეც შოკოლადისგან დამზადებული ციყვი იჯდა. სმს-ით "გულების" გაგზავნასთან დაკავშირებით, უგრეხელიძემ განმარტა, რომ ეს მისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, თანამშრომლებთან აქვს ძალიან ახლო ურთიერთობა, მათ შორის ფეისბუქითა და ვაიბერით.

რეაგირება

ომბუდსმენის აპარატმა დასკვნაში, რომელიც საჯარო რეესტრის თავმჯდომარეს 2017 წლის მაისში გადაუგზავნა, პაპუნა უგრეხელიძეს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართა:

  • მომავალში, მის დაქვემდებარებაში მყოფ პირებს შეუქმნას ადამიანის ღირსებისათვის შესაბამისი სამუშაო გარემო;
  • სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შემუშავდეს ეთიკის კოდექსი, რომლითაც აიკრძალება ნებისმიერი სახის შევიწროება, რათა მოხდეს საჯარო რეესტრში დასაქმებული ნებისმიერი პირის მხრიდან, დასაქმებულის მიმართ სქესის ან/და სხვა რომელიმე ნიშნით შევიწროების ან/და სექსუალური შევიწროების თავიდან აცილება.

მას გატარებული ღონისძიებების შესახებ სახალხო დამცველისთვის უნდა ეცნობებინა. ომბუდსმენის აპარატში ტაბულას უთხრეს, რომ უგრეხელიძის მხრიდან რაიმე ტიპის რეაგირების თაობაზე ინფორმაცია არ მიუღიათ.

გარდა ამისა, ტაბულასთან ნინომ ყვება, რომ სახალო დამცველის დასკვნა იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს პირადადაც გადაუგზავნა, რომლის დაქვემდებარებაშიცაა საჯარო რეესტრი. მისი თქმით, ამას მინისტრისგან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

ამის შემდეგ, მან წერილი საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი კვირიკაშვილსაც მისწერა, თუმცა, ამ შემთხვევაშიც უშედეგოდ.

იუსტიციის მინისტრთან დაკავშირებას ტაბულა ორი დღის განმავლობაში ცდილობდა. თეა წულუკიანმა კომენტარის გაკეთება მხოლოდ დღეს ისურვა და აღნიშნა, რომ პაპუნა უგრეხელიძესთან აქვს უხერხული კითხვებიც, თუმცა ჯერ მას უნდა მოუსმინოს, როგორც ქალმა მინისტრმა.

"მე მაქვს რამდენიმე კითხვა, მათ შორის უხერხული კითხვებიც მასთან. როცა პაპუნა უგრეხელიძეს შევხვდები, უკვე ინფორმირებულ პოზიციას გაგაცნობთ" - ამბობს იუსტიციის მინისტრი.

მიუხედავად იმისა, რომ პაპუნა უგრეხელიძესთან დაკავშირებას სამი დღის განმავლობაში ვცდილობდით, თეა წულუკიანმა მედია ნიუსების და სიუჟეტების ცალმხრივად გაკეთებაში დაადანაშაულა. იუსტიციის მინისტრმა დაადასტურა, რომ საჯარო რეესტრის უფროსის წინააღმდეგ არსებობს კიდევ ერთი საქმე და დავა სასამართლოში გრძელდება.

"არ არის კარგი ასეთ თემებზე ცალმხრივი პოზიციის გავრცელება, ცალმხრივად სიუჟეტების და ნიუსების კეთება, ეს ვერ იქნება ჩემი პოზიცია. ჩვენ, ქალებს, გვაქვს ყველას ერთი მიზანი, რომ ქალთა უფლებები დავამკვიდროთ ამ ქვეყანაში, ეს ბრძოლა არის რთული და ამ ბრძოლაში უნდა ვიყოთ ჩვენ ერთად, სოლიდარულები და რაც მთავარია, არ დავუშვათ შეცდომები.

ჩემი პოზიცია დღეს, იმ მომენტში, როცა თავად პაპუნა უგრეხელიძე იმყოფება მივლინებაში, არის ის, რომ როგორც ქალმა მინისტრმა, უნდა მოვუსმინო მას. მიმდინარეობს სასამართლო, სადაც არა იუსტიციის სამინისტრო, არა საჯარო რეესტრი, არამედ პირადად ის არის მოპასუხე. შესაბამისად, ამ საქმის მასალები იცის მან და მეორე მხარემ მხოლოდ" - თქვა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ მისი მოადგილე უგრეხელიძის ადვოკატებს უკვე შეხვდა. 

რაც შეეხება საქართველოს პრემიერმინისტრს, ტაბულა დაუკავშირდა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს, სადა ამ დროისთვის ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.

პასუხის პასუხი

იუსტიციის მინისტრის განცხადებას ნინო ეხმაურება. ის ამბობს, რომ თეა წულუკიანმა შევიწროების შესახებ მანამდე იცოდა, სანამ ნინო სახალხო დამცველის დასკვნა დაიდებოდა. მისი თქმით, იუსტიციის მინისტრმა ამის გამო ახალ სამსაურში შეუქმნა პრობლემები.

"მისი პირველი რეაგირება გახლდათ ის, რომ ჩემს მაშინდელ ხელმძღვანელს მოსთხოვა ჩამოვეშორებინე ღონისძიებას, რომელიც მეორე დღეს იმართებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში უგრეხელიძე არ დაესწრებოდა ღონისძიებას და არც თანამშრომლებს არ გამოუშვებდა, რადგან მე მას ვუჩივლე სახალხო დამცველთან. ეს პრაქტიკა ბოლომდე გაგრძელდა. დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, დოკუმენტი პირადად გავუგზავნე ქალბატონ მინისტრს ელექტრონული ფოსტით, რაზეც მისი რეაგირება გახლდათ, რომ ეს უბრალოდ ვერბალური შევიწროვება იყო და მერე რა მოხდა, შეიმუშავებდნენ ქცევის წესებს, რაც რეკომენდაციაში იყო მითითებული. რაც მთავარია, მან უკმაყოფილება გამოთქვა იმაზე, რომ გავბედე და ეს დასკვნა თანამშრომლებსაც გავუგზავნე. რაც შეეხება მის განცხადებას, რომ ომბუდსმენის დასკვნა ოფიციალურად არ ჩაბარებია, პროცედურულად ეს დოკუმენტი ეგზავნება მოპასუხეს და გამცხადებელს. უგრეხელიძე ვალდებული იყო ეცნობებინა მისი ზემდგომისთვის და თუ ეს არ გააკეთა და დამალა, ესეც დანაშაულია", - ამბობს ნინო.

----

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ-ი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2004 წელს შეიქმნა. უწყებას პაპუნა უგრეხელიძე 2013 წლიდან ხელმძღვანელობს. ის მოსამართლე მინდია უგრეხელიძის შვილია, რომელიც 1999 წლამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო. მინდია უგრეხელიძე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეც იყო. სწორედ ამ პერიოდში მუშაობდა ევროსასამრთლოში იუსტიციის ამჟამინდელი მინისტრიც, თეა წულუკიანი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გია ბუღაძე

კომენტარები