ბოკერია: რუსთავი 2-მა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე მცდარი ინფორმაცია გაავრცელა

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ამბობს, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-მა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ მცდარი და არასრულფასოვანი ინფორმაცია გაავრცელა. ის ტელეკომპანიას მოუწოდებს, გამოასწოროს ეს შეცდომა და მომავალ კვირას, იმავე გადაცემის ეთერში, "ევროპულ საქართველოს" მისცეს საშუალება, მაყურებელს რეზოლუციის შინაარსის შესახებ ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს. 

ბოკერია რუსთავი 2-ის შიდა რეგულირების საბჭოსა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართავს, იმსჯელოს, რამდენად შეესაბამებოდა ჟურნალისტის საქციელი პროფესიული ეთიკის ნორმებს. 

საქმე 25 მარტს გადაცემა PS-ში გასულ სიუჟეტს ეხება, რომლის ავტორიც ჟურნალისტი თეა ადეიშვილია. სიუჟეტში საუბარია რეზოლუციასა და მის გარეშემო გამართულ აზრთა სხვადასხვაობაზე - ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიამ მის ავტორს, ევროპულ საქართველოსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის კამათი გამოიწვია, საბოლოოდ კი ენმ-მ რეზოლუციის მიღებას მხარი არ დაუჭირა.

სიუჟეტში ნაციონალური მოძრაობის წევრი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში მხოლოდ დანაშაულის უშუალო შემსრულებლები მოხვდებიან. ბოკერიას თქმით, ეს ფაქტობრივი შეცდომაა, ვინაიდან რეზოლუციის ტექსტში მკაფიოდ წერია, რომ:

„პარლამენტს წარუდგინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებასა და წამებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია".

"ნათელია, რომ საქმე ეხება როგორც შემსრულებლებს, ისე მათ მფარველებს. სამწუხაროდ, ჟურნალისტმა მაყურებელს არ მისცა შესაძლებლობა, რეზოლუციის ამ ნაწილს, ანუ საკამათო საკითხს თავად გაცნობოდა. თუმცა გააცნო საკუთარი შეფასება - რომ ტექსტი ბუნდოვანია. მან არც ევროპული საქართველოს რესპოდენტთა განმარტება არ გააშუქა დისკუსიისთვის ამ საკვანძო საკითხზე.

სიუჟეტი მიუთითებდა იმაზეც, თითქოს რეზოლუციაში რუსეთის საფრთხეა ნიველირებული: მართალია, რეზოლუცია გასაგებად გვეუბნება, რომ „არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრული კონტროლის განმახორციელებელ ძალას“, მაგრამ სიუჟეტის ავტორს არც ეს ჩანაწერი არ გაუშუქებია.", - აცხადებს ბოკერია. 

პარლამენტმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევის და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ რეზოლუციას მხარი გასულ კვირას დაუჭირა.. ამით პარლამენტმა უმრავლესობის და უმცირესობის ერთობლივი რეზოლუცია მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას არ მიუღია, ვინაიდან, როგორც თავად ამბობენ, მათი სამი შენიშვნიდან პარლამენტმა მხოლოდ ერთი გაითვალისწინა.

კომენტარები