აშშ

ვინ არიან პომპეო და ბოლტონი და როგორ შეცვლის მათი მოსვლა აშშ-ის საგარეო პოლიტიკას

13 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა, რომ სახელმწიფო მდივნის პოსტზე რექს ტილერსონს CIA-ს ხელმძღვანეილ, მაიკ პომპეო ჩაანაცვლებდა. მალევე გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჰერბერტ მაკმასტერის გათავისუფლებასაც აპირებდა, თუმცა უცნობი იყო ვინ იქნებოდა მისი შემცვლელი. 23 მარტს ტრამპმა ამ კითხვას პასუხი კვლავ Twitter-ზე გასცა. ჰერბერტ მაკმასტერის მოვალეობებს 9 მაისიდან ჯონ ბოლტონი გადაიბარებს.

ვინ არიან პომპეო და ბოლტონი და რა ცვლილებებია მოსალოდნელი თეთრ სახლში მათი მოღვაწეობის პერიოდში?

მაიკლ რიჩარდ პომპეო

მაიკ პომპეო
ფოტო: Reuters

რესპუბლიკური პარტიის წევრი ყოფილი კანზასელი კონგრესმენი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორად დონალდ ტრამპმა გასული წლის იანვარში დანიშნა. სამხედრო კარიერის მანძილზე პომპეო, რომელმაც West Point-ის სამხედრო აკადემია დაამთავრა ცივი ომის დროს დასავლეთ ბერლინში მსახურობდა, ხოლო შემდეგ სპარსეთის ყურის ომშიც მიიღო მონაწილეობა. ამის შემდეგ მან ჰარვარდის უნივერსიტეტში იურისპრუდენცია ისწავლა და კონგრესში არჩევამდე ბიზნესმენი იყო.

რატომ მიიჩნევს პრეზიდენტი ტრამპი, რომ პომპეო “შესანიშნავად შეასრულებს” ქვეყნის მთავარი დიპლომატის საქმეს?

მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხზე ტრამპისა და პომპეოს პოზიციები განსხვავდება, ისინი თანხმდებიან ისეთ საკითხებზე, როგორბიცაა ირანის ბირთვული შეთანხმება, ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის ცვლილება, გუანტანამოს ციხის დახურვა და ა.შ.

  • იანვარში კონგრესის წინაშე გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ გუანტანამოს ციხე აღარ დაიხურება. მსგავს პოზიციაზე იყო პომპეო წლების მანძილზე. 2013 წელს მან ციხე მოინახულა და ისიც კი თქვა, რომ ზოგერთი პატიმარი, რომლებმაც შიმშილობა გამოაცხადეს, წონაში მომატებული მოეჩვენა. პომპეო იცავდა CIA-ს მაშინ, როდესაც სააგენტოს მისამართით პატიმართა წამების და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებები ისმოდა. პომპეოს თქმით ის ხალხი, ვისაც მწვალებლებს უწოდებნენ სინამდვილეში პატრიოტები არიან, ხოლოდ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო უკანონოს არაფერს აკეთებს.
  • პომპეოს ისლამოფობიაშიც ადანაშაულებდნენ მას შემდეგ, რაც 2013 წელს, ბოსტონის მარათონზე ტერორისტული თავდასხმის შემდეგ მან თქვა:
    “როდესაც უკანასკნელი 20 წლის მანძილზე ყველაზე საშინელი ტერორისტული თავდასხმები ამერიკაში ხორციელდება უმეტესად ერთი სარწმუნოების წარმომადგენლების მიერ და ეს თავსასხმები ხდება სარწმუნოების სახელით, განსაკუთრებული ვალდებულება ეკისრებათ ამ რწმენის ლიდერებს. იმის ნაცვლად, რომ პასუხი გაეცათ, ამერიკის მასშტაბით ამ ლიდერების სიჩუმემ ისინი ამ თავდასხმების პოტენციურ თანამონაწილეებად აქცია.”
  • კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ყოფნისას პომპეო ბარაკ ობამას ადმინისტრაციას ბენღაზის მოვლენების, ირანთან ბირთვული შეთანხმების და NSA-ს სადაზვერვო პროგრამების შეკვეცის გამო აკრიტიკებდა.
  • პომპეოს პოზიცია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზე მის წინამორბედზე და პრეზიდენტზე მკაცრია. მას არაერთხელ უთქვამს, რომ რუსეთი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისათვის საშიშროებას წარმოადგენს და რომ ვლადიმირ პუტინი გეოპოლიტიკური მომავლის შეცვლას ცდილობს, ხოლო პრეზიდენტი ობამას მის მიმართ მკაცრი პოზიცია არ აქვს. მან ობამა სირიაში რუსეთის “დაპატიჟებაშიც” დაადანაშაულა. BBC-სთან ინტერვიუში მან ისიც აღნიშნა, რომ მისი აზრით რუსეთი კვლავ შეეცდება აშშ-ის არჩევნებში ჩარევას. პომპეოს თქმით სჯერა, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის ევროპას და ამავე დროს თითქმის არაფერს აკეთებს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს გასანადგურებლად.
    “რუსეთი პოზიციებს აგრესიულად ამყარებს უკრაინაში შეჭრით და მისი ტერიტორიების ოკუპაციით.” თქვა პომპეომ 2017 წლის იანვარში CIA-ს დირქტორად დანიშვნამდე სენატში გამართული მოსმენისას.
  • მან ირანთან ბირთვულ შეთანხმებაზეც ისაუბრა:
    “ირანთან შეთანხმებას ვეწინააღმდეგებოდი როგორც კონგრესის წევრი. თუ დავინიშნები [CIA-ს დირექტორის პოზიციაზე] ჩემი როლი შეიცვლება - მე გავუძღვები სააგენტოს რათა აგრესიულად მივყვეთ ოპერაციებს და ამავდროულად მათ ანალიზს.” მან ირანს “მსოფლიოში ტერორიზმის ყველაზე დიდი სპონსორი” უწოდა და თქვა, რომ ისლამური რესპუბლიკა “უფრო გათამამდა და ახლო აღმოსავლეთში დამანგრეველ ძალად იქცა.”
  • მისი მიდგომა უფრო მკარცია ჩრდილოეთ კორეის მიმართაც, სადაც ის რეჟიმის ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ბირთვულ იარაღზე უფრო საშიში ის პიროვნებაა, ვის ხელშიც ეს იარაღია.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან სავარაუდო შეხვედრამდე დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნის შეცვლა სწორედ ტილერსონის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტისაგან განსხვავებული და უფრო რბილი შეხედულებების დაფიქსირებას უკავშირდება. რექს ტილერსონის გათავისუფლების ერთ-ერთ მიზეზად ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე მისი პოზიციაც სახელდება. ტილერსონი მიიჩნევდა, რომ შეთანხმება ირანის ბირთვული პროგრამის გაკონტროლების კარგი გზა იყო და მხოლოდ კორექტირება სჭირდებოდა. პომპეო ამ შემთხვევაში პრეზიდენტის პოზიციას იზიარებს და მიიჩნევს, რომ ეს შეთანხმება აშშ-ს აზარალებს. ასევე მოსალოდნელია, რომ ტილერსონისგან განსხვავებით პომპეო რუსეთთან ურთიერთობაში უფრო მკრაცრ პოზიციას დაიკავებს. მას რუსეთთან და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ურთიერთობაში ხელს წინამორბედის მსგავსად ბიზნესკავშირები არ შეუშლის.

ჯონ რობერტ ბოლტონი

ჯონ ბოლტონი
ფოტო: NYtimes


გარშემო თანამოაზრეების შემოკრების ფარგლებში ტრამპმა გენერალი მაკმასტერი გაეროში აშშ-ის ყოფილი წარმომადგენლით, ჯონ ბოლტონით ჩაანაცვლა.

რესპუბლიკელი ჯონ ბოლტონი რეიგანი და ბუშის ადმნისტრაციების დროს სახელმწიფო დეპარტამენტში, იუსტიციის დეპარტამენტსა და  USAID-ში სხვადასხვა პოზიციებს იკავებდა. პრეზიდენტის მსგავსად ვიეტნამში სამხედრო სამსახურს თავი ბოლტონმაც აარიდა და არმიის რეზერვში ჩაეწერა. შემდგომში მან ეს ნაბიჯი იმით გაამართლა, რომ უკვე იცოდა, რომ ვიეტნამის ომის მოწინააღმდეგეების მცდელობების გამო ომის მოგება შეუძლებელი იქნებოდა და არ უნდოდა მომკვდარიყო იმ ხალხთან ბრძოლაში, ვისაც ამ მიწებს ტედ კენედი უკან დაუბრუნებდა. ბოლტონს დაწერილი აქვს მემუარები სახელწოდებით “დანებება არჩევანი არ არის: ამერიკის დაცვა გაეროში” სადაც გაეროში აშშ-ის ელჩის პოსტზე ყოფნისას საკუთარ გამოცდილებას და სხვადასხვა საკითხებისადმი დამოკიდებულებას აღწერს.

  • ერაყის ომის აქტიური მხარდამჭერი, ბოლტონი სირიაში, ლიბიაში, ირანსა და ჩრდილოეთ კორეაში რეჟიმების შეცვლას ემხრობა. გასულ თვეს ბლტონმა Wall Street Journal-ში ჩრდილოეთ კორეაზე პრევენციული დარტყმების პერსპექტივაზეც დაწერა. Radio Free Asia-სთან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ დარწმუნებული არაა, რომ ტრამპის ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრის გეგმები შედეგს მოიტანს და რომ ვაშინგტონმა ფხენიანის რეჟიმზე ზეწოლა არ უნდა შეამციროს.
    “არ ვფიქრობ, რომ მათ [ჩრდილოეთ კორეას] ეკონომიკური დახმარება უნდა შვთავაზოთ. ეს მოხდა შეთანხმებული სამუშაო პროცესის ფარგლებში, როდესაც მათ მიიღეს ნავთობი და მაინც არ მოშალეს ბირთვული პროგრამა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ ჩრდილოეთ კორეას სამშვიდობო შეთანხმება. ისინი იღბლიანები არიან რომ აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდებიან. ჩემი აზრით, თუ მათ სურთ ეკონომიკური პროგრესი ჩრდილოეთ კორეის ხალხისათვის, უნდა დაასრულონ ნახევარკუნძულის გაყოფა და სამხრეთ კორეასთან გაერთიანება უნდა ითხოვონ. ეს არი საუკეთესო გზა ჩრდილოეთ კორეელი ხალხის დასახმარებლად.” თქვა მან.
  • მსგავსი შინაარის სტატია გამოაქვეყნა ბოლტონმა 2015 წელს New York Times-შიც სათაურით “ირანის ბომბის შესაჩერებლად დაბომბე ირანი” სადაც ის ირანის წინააღმდეგ არაადეკვატური ზომების მიღების გამო ბირთვული იარაღის გავრცელების საფრთხეებზე წერს და ამბობს, რომ ირანს შესაძლოა საუდის არაბეთმაც მიბაძოს და იარაღი პაკისტანისაგან იყიდოს. ბოლტონის მაშინდელი ვარაუდები გარკვეულწილად საუდის არაბეთის ტახტის ახალი მემკვიდრის ბოლოდროინდელმა განცხადებებმაც გაამყარა. მუჰამედ ბინ სალმანმა მიმდინარე თვეს CBS-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ თუ ირანი ატომურ იარაღს შემქნის, საუდის არაბეთიც იმუშავებს ამ მიზნის მისაღწევად. ბოლტონი წერს, რომ ისრაელის მიერ ბირთვული იარაღის ფლობას რეგიონში გამალებული შეიარაღება არ გამოუწვევია, რადგან ყველას ესმის, რომ ისრაელის იარაღი თავდაცვას ემსახურება. მისი აზრით ირანი სრულიად განსხვავებული შემთხვევაა.
  • მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების საკითხებში ბოლტონს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2001-2005 წლებში ის იარაღის კონტროლის და საერთაშორისო უსაფრთხოების სააგენტოში სწორედ ამ საკითხზე მუშაობდა და ერთ-ერთი იყო მათგან, ვინც ერაყში აშშ-ის შეჭრას მხარს უჭერდა, რადგან მიაჩნდა, რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმი მასობრივი განადგურების იარაღს ქმნიდა.
  • 2009 წელს ბოლტონმა პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის გადასაჭრელად სამი-სახელმწიფოს ვარიანტი წამოაყენა, რაც გულისხმობს იმას, რომ ღაზას სექტორი ეგვიპტის კონტროლს უნდა დაექვემდებარეოს, ხოლო დასავლეთ სანაპირო იორდანიის მმართველობის ქვეშ შევიდეს.

ცნობილია ისიც, რომ ბოლტონი გაეროსა და ევროკავშირისადმი ტრამპის სკეპტიციზმს იზიარებს. მისი აზრით ეს ორგანიზაციები ძირს უთხრიან ამერიკის სუვერენიტეტს და ხელს უშლიან ვაშინგტონს გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმაში.

  • ბოლტონის აზრით საერთაშორისო შეთანხმებების და ორგანიზაციების ნაწილი და ზოგადად გლობალიზმი “მსოფლიო მასშტაბით მთავრობების და ინტერესთა ჯგუფების კარტელიზაციას” წარმოადგენს და აშშ ამის გამო დიდ საფასურს იხდის “შემცირებული საკონსტიტუციო ავტონომიის, შესუსტებული სუვერენიტეტის, შემცირებული საერთაშორისო ძალის და საგარეო და საშინაო საკითხებზე შეზღუდული გადაჭრის გზებით.”
    “არ არსებობს გაერთიანებული ერები. არსებობს საერთაშორისო საზოგადოება, რომელსაც ხანდახან შეიძლება გაუძღვეს ჭეშმარიტი ძალა, რომელიც დარჩა მსოფლიოში, და ეს არის აშშ, როდესაც ეს ჩვენს ინტერესებშია და როდესაც შეგვიძლია მივიმხროთ სხვებიც.” თქვა ბოლტონმა 1994 წელს.
    ბოლტონის კიდევ ერთი ციტატაა: “ნიუ-იორკში [გაეროს] სამდივნოს შენობას 38 სართული აქვს. დღესვე რომ 10 სართული მოაშორო დიდი განსხვავება არ იქნება.”

თუ გავითვალისწინებთ ტრამპის და გაეროში აშშ-ის ამჟამინდელი ელჩის, ნიკი ჰეილის გამოსვლებს იმის თაობაზე, რომ ორგანიზაცია აშშ-ისაგან დააფინანსებას იღებს და შემდეგ მის საწინააღმდეგო მოქმედებს, ბოლტონის მრჩევლად დანიშვნის შემდეგ, მოსალოდნელია, რომ ეს რიტორიკა გაძლიერდება.

პომპეოს მსგავსად ბოლტონის პოზიცია რუსეთთან ურთიერთობების თაობაზე პრეზიდენტისაზე უფრო მკაცრია. ის რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებს ემხრობა და თავად რუსეთს ჩრდილოეთ კორეის და ირანის რეჟიმებს ადარებს.

  • 2017 წელს G-20-ის სამიტზე პუტინთან შეხვედრამდე ბოლტონმა ტრამპი გააფრთხილა რუსეთთან მოლაპარაკებების საშიშროებების შესახებ.
    “ტრამპმა უნდა გამოსცადოს პუტინის თვალებში ყურება და მისი ტყუილები, არჩევნებში ჩარევის უარყოფა." თქვა მან.
  • ბოლტონს მიაჩნდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბარაკ ობამას მიერ გატარებული ზომები (დიპლომატების გაძევება, საკონსულოების დახურვა (რაც დღესაც ხდება), პუტინთან შეხვედრების ჩაშლა და სანქციები საკმარისი არ იყო რუსეთისათვის რეალური ზიანის მისაყენებლად.
  • ბოლტონი ტრამპს მოუწოდებდა რუსეთისათვის წაეყენებინა ულტიმატუმი საშუალო რადიუსის ბირთვული იარაღის 1987 წლის შეთანხების შესახებ, რომ თუ რუსეთი არ შეასრულებდა შეთანხმების პირობებს აშშ შეთანხმებას დატოვებდა.
  • ბოლტონმა დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის რუსული ქიმიური იარაღით მოწამვლის თაობაზეც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ ეს  ჰგავს რუსეთის და მსგავსი რეჟიმების ქმედებას, რომლებიც მშვიდობიან დაპირებებს იძლევიან და შემდეგ იტყუებიან.
    “რა სჭირდება ხალხს წერტილების დასაკავშირებლად? რუსეთი, ჩინეთი, სირია, ირანი, ჩრდილოეთ კორეა - ესენი არიან რეჟიმები, რომლებიც შეთანხმებებებს დებენ და შემდეგ მათ შესახებ იტყუებიან.”
    ბოლტონის აზრით დროა აშშ-მა შეკავების ისეთი პოლიტიკა აწარმოოს, რომელსაც პუტინი გაიგებს. ბოლტონის აზრით ბრიტანეთის მიერ 23 რუსი დიპლომატის გაძევება სწორი მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯია.

მიუხედავად იმისა, რომ რექს ტილერსონისგან განსხვავებით ჰერბერტ მაკმასტერი საერთაშორისო ასპარეზზე უფრო მკაცრ პოლიტიკას ემხრობოდა, ის მაინც ცდილობდა ტრამპის პოზიციები დაებალანსებინა და რაციონალური გაეხადა. ეროვნული უსაფრთხოების ახალი მრჩევლის შეხედულებებიდან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თუ ჩრდილოეთ კორეასთან ტრამპის შეხვედრა მართლაც შედგება ეს პირველთან ერთად შესაძლოა უკანასკნელიც გამოდგეს. გართულდება ევროპელ პარტნიორებთან რუსეთის და განსაკუთრებით კი ირანის მიმართ ერთობლივი პოლიტიკის შემუშავებაც და შესაძლოა შეირყეს აშშ-ის როლი საერთაშორისო ორგანიზაციებშიც. როგორც ბოლტონმა Sky news-ს განუცხადა “მშვიდობისაკენ ყველაზე საიმედო გზა ძლიერი სამხედრო შესაძლებლობებია. როგორც რომაელები იტყოდნენ: თუ გინდა მშვიდობა მოემზადე ომისათვის.”

კომენტარები