ზაზა სიამაშვილი

GIPA-ს მოწვეული ლექტორი: რატომ ლაპარაკობენ სექსუალურ შევიწროვებაზე უმახინჯესი "ვითომ" ქალები?!

GIPA

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი, ზაზა სიამაშვილი ფეისბუქზე არაეთიკური შინაარსის შემცველ პოსტს წერს. ის სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით ბოლო დროის ფაქტებს ეხმაურება.

"რატომ ლაპარაკობენ სექსუალურ შევიწროვებაზე უმახინჯესი "ვითომ" ქალები?! შურის გამოხატვის ახალი ფორმაა თუ უპერსპექტივო ცხოვრების?! რა გეშველებათ?! შევიწროვება კი არა, გაგყრიდით ამ ქვეყნიდან! მერამდენე დღეა ვუყურებ და ერთი "შესავიწროვებელი" ვერ დავლანდე.... ზოოპარკის ძუძუმწოვარიც კი არ გაეკარება თქვენს მკერდს.... არც ეგ გაქვთ! უკაცრავად, ჩემს სტუდენტებთან, უხამსობას ვერ ავცდი!", - წერს ის.

ტაბულა დაუკავშირდა GIPA-საც, სადაც ამბობენ, რომ სიამაშვილი არ არის მათი პროფესორი და ის მოწვეული ლექტორია. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, ის ერთ-ერთ პროგრამაზე სტუდენტებს ინგლისურ ენას ასწავლის.

"ეს ნამდვილად არ არის GIPA-ს პოზიცია და ეს არის ერთი ინდივიდის მოსაზრება, რომელსაც აქვს უფლება, რომ ჰქონდეს საკუთარი აზრი. GIPA არ იზიარებს ამ პოზიციას, ეს  არის ინდივიდი ზაზა სიამაშვილის მოსაზრება. ის არ არის GIPA-ს პროფესორი და არც არის ჯიპასთან აფილირებული. ის არის რიგითი მოწვეული ლექტორი, რომელიც ძალიან ბევრი გვყავს და რომლებსაც აქვთ უფლება, ჰქონდეთ საკუთარი აზრი. ჩვენ ამ შემთხვევაში არ ვიზიარებთ მის მოსაზრებას", - ამბობს ტაბულასთან თინათინ კლდიაშვილი.

კითხვას, შესაძლოა თუ არა ამ განცხადების გამო ზაზა სიამაშვილს GIPA-მ კონტრაქტი შეუწყვიტოს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი პასუხობს, რომ ასეთ საქმეებს განიხილავს აკადემიური საბჭო, რომლის სხდომა ან ამ კვირის ბოლოს, ან მომდევნო კვირის დასაწყისში გაიმართება.

კომენტარები