Facebook

Facebook-ი პირადი მონაცემების დაცვის მიზნით ახალ ფუნქციებს ამატებს

Snopes

Facebook-ი აცხადებს, რომ პლატფორმას ახალი ფუნქციები დაემატება, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს იხილონ და წაშალონ საკუთარი პირადი მონაცემები სოციალური ქსელიდან.

ეს გადაწყვეტილება მათ Cambridge Analytica-ს ირგვლივ განვითარებული მოვლენების საფუძველზე მიიღეს. მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ სოციალური ქსელის საშუალებით საკონსულტაციო ფირმა მომხმარებლების შესახებ დიდი მოცულობით სენსიტიურ და პირად ინფორმაციას აგროვებდა, Facebook-ის აქციები 18%-ით დაეცა, რითაც კომპანიის საბაზრო ფასი თითქმის $100 მილიარდით შემცირდა.

მარკ ზაკერბერგის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, Facebook-ი დაამატებს ფუნქციებს, რაც შეცვლის საიტის პირად მონაცემებთან დაკავშირებულ პოლიტიკას, რათა მომხმარებელი ხედავდეს, როგორ აგროვებს მონაცემებს სოციალური ქსელი. ასევე, მომხმარებლებს საშუალება მიეცემათ წაშალონ უკვე არსებული ინფორმაცია და საერთოდ შეაჩერონ არასასურველი ინფორმაციის შეგროვება.

განცხადება მიგვანიშნებს, რომ დამატებული ინსტრუმენტების საშუალებით, სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნება როგორც კონკრეტული, შერჩევითი მონაცემების, ასევე მთელი ანგარიშის წაშლა.

"ზოგიერთ ადამიანს უნდა, წაშალოს ის, რაც სოციალურ ქსელში წარსულში გაუზიარებია. ზოგს კი, უბრალოდ აინტერესებს, რა სახის ინფორმაცია აქვს Facebook-ს

ამიტომ, ჩვენ ვამატებთ ფუნქციას "Access Your Information" , რომელიც შეგროვებულ ინფორმაციას ხელმისაწვდომს ხდის და მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მართოს ინფორმაცია, როგორიცაა გამოქვეყნებული პოსტები, რეაქციები, კომენტარები, ის, რაც მოუძებნიათ Facebook-ზე. შეგეძლებათ, გამოიყენოთ ეს ფუნქცია და წაშალოთ ყველაფერი, რაც არ გინდათ ინახებოდეს სოციალურ ქსელში" - ნათქვამია Facebook-ის განცხადებაში.

დამატებული ფუნქციებიდან, ზოგი GDPR-ის მოთხოვნაა. GDPR მონაცემთა დაცვის ახალი რეგულაციაა, რომელიც ევროკავშირში 2018 წლის მაისში ამოქმედდება.

 

თქვენი Facebook-ის მონაცემების ასლის ჩამოტვირთვა უკვე შესაძლებელია. ფუნქცია ხელმისაწვდომია “ანგარიშის ზოგად პარამეტრებში” და საშუალებას გაძლევთ, იხილოთ, რა ინფორმაცია აქვს სოციალურ ქსელს თქვენს შესახებ.

კომენტარები