არასამთავრობო ორგანიზაციები

EMC, TDI ხელისუფლებას: მოგიწოდებთ, აღკვეთოთ თანდოიანცის ეკლესიის უკანონო დაზიანება

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ხელისუფლებას მოუწოდებენ, "დაუყოვნებლივ აღკვეთოს თანდოიანცის ისტორიული სომხური ეკლესიის უკანონო დაზიანების ფაქტები". 

აღმაშენებლის გამზირის #38-ში მდებარე დაზიანებული ეკლესია და მისი მიმდებარე ტერიტორია ხელისუფლებამ 2017 წლის ივლისში საქართველოს საპატრიარქოს გადასცა.

არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, აღნიშნულ ეკლესიაზე უკანონო ფიზიკური ზემოქმედება მიმდინარეობს, რაც მათივე განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობას მნიშვნელოვნად აზიანებს. ამასთან, EMC და TDI წერს, რომ სამუშაოები საფრთხეს უქმნის ეკლესიის ისტორიული, კონფენსიური და არქიტექტურული მახასიათებლების შენარჩუნებას. 

ამის დასტურად, არასამთავრობო ორგანიზაციები აქვეყნებენ 2018 წლის იანვარსა და მარტში გადაღებულ ფოტოებს. მათი თქმით, ფოტოები ცხადყოფს, რომ ძეგლის ის მდგომარეობა, რომელიც მისი საპატრიარქოსთვის გადაცემისას იყო, შეცვლილია და იგი არსებითადაა დაზიანებული. კერძოდ, მათი განცხადებით, ჩამოშლილია შენობის ფასადის ნაწილი, მოსწორებულია ეკლესიის კედლები, რომელიც ადრე, ბუნებრივი ცვეთის პირობებში, უსწორმასწორო იყო.

ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთის ფასადი 2018 წლის 30 იანვრისა და 26 მარტის მდგომარეობით


ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთის ფასადი 2018 წლის 30 იანვრის და 26 მარტის მდგომარეობით




არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, აღნიშნული დაზიანებები არ წარმოადგენს შემთხვევითობას და საქართველოს საპატრიარქო ეკლესიაზე აქტიურ ფიზიკურ ზემოქმედებას განზრახ ახორციელებს. მათი ცნობით, ეს ფაქტი საპატრიარქოს მიერ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტონში წარდგენილი ეკლესიის რესტავრაცია-რეკონსტრუქციის ესკიზური პროექტით დასტურდება. 

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისა (EMC) და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ერთობლივ განცხადებას სრულად გაეცანით ამ ლინკზე

კომენტარები