undefined

ორგანიზებული ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულ ირაკლი ქორიძეს პატიმრობა შეუფარდეს

რუსთავი 2

ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანის, შენახვისა და ტრანზიტის ბრალდებულ ირაკლი ქორიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ამით მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 

მოსამართლის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მიიღო, რადგან არსებობს ბრალდებულის მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების და დანაშაულის კვლავ ჩადენის საფრთხე. 

ირაკლი ქორიძე 30 მარტს დააკავეს. საქმეში, რომელიც მის წინააღმდეგ არსებობს, გიორგი გიორგანაშვილი, იგივე ბახალაც ფიგურირებს. ბახალას სასამართლომ 0,3726 გრამი ბუპრენორფინის (სუბუტექსის) პირადი მოხმარების მიზნით ფლობისათვის 8-წლიანი პატიმრობა 23 იანვარს მიუსაჯა. 2 დღის წინ კი გიორგანაშვილს ახალი ბრალი წარედგინა - მას ორგანიზებულ დანაშაულს ედავებიან, რომელიც, შსს-ის მტკიცებით, ირაკლი ქორიძესთან და კიდევ ერთ ადამიანთან, ჯ.ხ-სან ერთად ჩაიდინა. 

უფრო კონკრეტულად: ირაკლი ქორიძეს და გიორგი გიორგანაშვილს გამოძიება სწორედ ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას ედავება (სსკ, მუხლი 260). ასევე, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანას, საქართველოდან უკანონოდ გატანას ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვას გულისხმობს.

შსს-მ 2017 წელს განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა თურქეთიდან რეანიმობილით უკანონოდ შემოტანილი დაახლოებით 900 აბი ნარკოტიკული საშუალების საქმის ორგანიზატორი დააკავეს. მათი ცნობით, ნარკოტიკული საშუალების შემოტანას ორგანიზებას ირაკლი ქორიძე უკეთებდა, რომელიც შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ ხელმძღვანელის შვილია. უწყების ცნობით, ქორიძე ნარკოტიკული საშუალებების საზღვარზე გადმოტანისთვის რეანომობილებს იყენებდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. 

კომენტარები