რასიზმი

შავკანიანი სტუდენტების ცემის გამო, NGO-ები შსს-ს, პროკურატურას და მთავრობას მიმართავენ

14 არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, უკიდურესად შემაშფოთებელია დიღმის მასივში შავკანიან სტუდენტებზე თავდასხმის ფაქტი. NGO-ები აღნიშნავენ, რომ ეს ინციდენტი ბოლო პერიოდში შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილ სხვა დანაშაულებთან ერთად, სახელმწიფოს მიერ თანმიმდევრული და სისტემური ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარების აუცილებლობაზე მიუთითებს. არასამთავრობოები შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას და საქართველოს მთავრობას მიმართავენ.

"განსაკუთრებით საგანგაშოა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა სტუდენტებს მომხდარის დავიწყება ურჩიეს და სამართლებრივი რეაგირება მომხდარზე არ მოუხდენიათ. მიგვაჩნია, რომ პოლიციის თანამშრომლების სამსახურებრივი გულგრილობა წარმოადგენს სსკ 342-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს და პროკურატურის შესწავლის საგანი უნდა გახდეს. უნდა აღინიშნოს, რომ აზიისა და აფრიკის ქვეყნების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან ჩატარებულ ინტერვიუებში, ისინი ხშირად ჩივიან, სამართალდამცავების მხრიდან გამოვლენილ გულგრილობასა და არაეფექტიან რეაგირებაზე, რაც თანასწორობის დაცვის მიმართულებით სამართალდამცავი სისტემების არაჯეროვანი ფუნქციონირებისა და დისკრიმინაციული საპოლიციო კულტურის პრობლემაზე უთითებს" - აცხადებენ არასამთავრობოები და აღნიშნავენ, რომ შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა, არ გამოუკვეთავს რასის საფუძველზე შეუწყნარებლობის მოტივი.

"მნიშვნელოვანია, სამინისტრომ გრძელვადიან ცვლილებებთან ერთად, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს მიმდინარე დანაშაულის ფაქტებზე, უზრუნველყოს მსხვერპლების ეფექტიანი დაცვა და ამით აჩვენოს მისი პრინციპული პოლიტიკური ნება დისკრიმინაციულ დანაშაულებთან ბრძოლის პროცესში.   

უნდა აღინიშნოს,რომ განსაკუთრებით აფრიკისა და აზიის ქვეყნებიდან საქართველოში მყოფი ადამიანები ხშირად ხდებიან ქსენოფობიისა და რასობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლები, მათ შორის, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საჯარო სივრცეში, საბანკო და სხვა კომერციულ დაწესებულებში მომსახურების მიღების დროს. მსგავსი დისკრიმინაციული სოციალური პრაქტიკების აღმოფხვრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლების სისტემაში მკაცრი ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება, რომელიც საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესს და სოციალურ გარემოს დაცლის ეთნოცენტრისტული, რასისტული, ქსენოფობიური შინაარსისგან და მრავალფეროვნებისა და თანასწორობის კულტურას წაახალისებს. ასევე მნიშვნელოვანია, უმაღლესი განათლების დაწესებულებებმა გაატარონ ეფექტიანი ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა მათ სისტემებში. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მთავრობისა და პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან თანასწორობის მხარდამჭერი პოზიტიური დისკურსის გაჩენას" - ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.

14 NGO შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას და საქართველოს მთავრობას მიმართავს.

შსს-ს

  • მიიღოს ადეკვატური და დროული ზომები 8 აპრილის ინციდენტთან დაკავშირებით და სათანადოდ დასაჯოს დამნაშავე პირები. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დანაშულის რასისტული მოტივის იდენტიფიცირება;
  • სათანადოდ შეისწავლოს პოლიციის თანამშრომლების მიერ გამოვლენილი სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტი და უზრუნველყოს შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებისთვის მსგავსი ინციდენტების დროს მოქმედების სწორი ინსტრუქციის მიცემა;
  • სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი პრევენციის, გამოძიებისა და მსხვერპლების დაცვისთვის დროულად გაატაროს ყოვლისმომცველი პოლიტიკა, რომელიც პოლიციის თანამშრომლების გადამზადებასთან ერთად, მსგავსი დანაშაულების სისტემური მიზეზების ანალიზს და კომპლექსური პრევენციული სამუშაოების განხორციელებას გულისხმობს.

საქართველოს პროკურატურას:

შეისწავლოს და რეგაირება მოახდინოს პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელებულ სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე.

საქართველოს მთავრობას:

  • უზრუნველყოს საჯარო სამსახურში, ასევე განათლების სისტემაში ყოვლისმომცველი ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება, რომელიც მათ შორის, მოიცავს კომპლექსურ საგანმანათლებლო მუშაობას რასიზმის, ქსენოფობიის, ჰომოფობიის, ეთნოცენტრიზმის აღმოსაფხვრელად;
  • შეისწავლოს ის სისტემური მიზეზები, რომელიც დისკრიმინაციულ დანაშაულებსა და დამოკიდებულებებს განაპირობებს საზოგადოებაში და კომპლექსური მიდგომებით უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა. 

განცხადებას ხელს აწერენ ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), მედიის განვითარების ფონდი (MDF), ფონდი ღია საზოგადოება- საქართველო (OSGF), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), კავშირი საფარი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თანასწორობის მოძრაობა, შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი - საქართველო, დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD), ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR).

8 აპრილის საღამოს, თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, შავკანიანი სტუდენტები საფეხბურთო მოედნიდან გააძევეს და სცემეს. უცხოელი სტუდენტი, რომელმაც facebook-ის პირად გვერდზე ძალადობის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, წერს, რომ კანის ფერის გამო, მათგან ქვეყნის დატოვებას მოითხოვდნენ. მისივე თქმით, სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ, მოძალადეები დანებითა და ქვებით გამოეკიდნენ. სტუდენტი ამბობს, რომ სამართალდამცველებმა მათ მომხდარის დავიწყება ურჩიეს და არავინ დააკავეს.

"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა რასიზმის დასამარცხებლად," - წერს სტუდენტი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 136-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები