გაფიცვა გერმანიაში

გაფიცვის გამო, გერმანიის აეროპორტებში ასეულობით რეისი გაუქმდა

10 აპრილს, გერმანიის აეროპორტებში ასეულობით რეისი გაუქმდა. შედეგად, 90 000 მგზავრი მომსახურების გარეშე დარჩა. მიზეზი გერმანიის მუშათა კლასის გაერთიანების ორგანიზებული გაფიცვაა, რომელიც საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვის ხელფასის 6%-ით გაზრდას მოითხოვს. ერთდღიანი გაფიცვა, რომელშიც აეროპორტების უსაფრთხოების სამსახური და თვითმფრინავის ბარგის გადამზიდები მონაწილეობენ, გამაფრთხილებელი ხასიათისაა. 

გერმანიის მუშათა კლასის გაერთიანება “ვერდი” აცხადებს, რომ გაფიცვა გერმანიის დროით, დილის 5 საათიდან, საღამოს 6 საათამდე გასტანს. მათივე თქმით, გაფიცვის მიზანი დამსაქმებლებზე ზეწოლაა, რათა საჯარო სექტორში დასაქმებულებს ხელფასი გაეზარდოთ.

გაფიცვის გამო, ყველაზე დიდი გერმანული ავიაკომპანია ლუფთანზა იძულებული გახდა, გაეუქმებინა დაგეგმილი 1600 რეისიდან - 800. ლუფთანზას დირექტორი ბეტინა ვოლკენსი ამბობს, რომ ასეთი ქმედება მიუღებელია და ავიაკომპანიის თანამშრომლებს მასში მონაწილეობა არ მიუღიათ.

“ამ შეუთანხმებლობით ყველაზე მეტად ჩვენ და ჩვენი მგზავრები ვზარალდებით” - თქვა ვოლკენსმა.

გაფიცვას შეუერთდნენ გზების მარეგულირებლები, მომხმარებელთა მომსახურების სფეროს წარმომადგენლები, აეროპორტების სახანძროების გარკვეული ნაწილი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საჯარო საცურაო აუზები, დასუფთავების სამსახური და საბავშვო ბაღები.

კომენტარები