სირიის კონფლიქტი

რუსეთის საელჩო აშშ-ის მიერ სირიაზე თავდასხმაზე: შედეგებზე პასუხისმგებელი აშშ-ია

DW

აშშ-ში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანეთის მიერ სირიაზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფაქტი უპასუხოდ არ დარჩება. 

"ყველაზე ცუდი ეჭვები გამართლდა. ჩვენი გაფრთხილებები არ მოისმინეს. წინასწარ დადგმული სცენარი სისრულეში მოჰყავთ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვართ საფრთხის წინაშე. ჩვენ ისინი გავაფრთხილეთ, რომ ასეთი ქცევა უპასუხოდ არ დარჩებოდა. ამის შემდეგ პასუხისმგებლობა ვაშინგტონზე, ლონდონსა და პარიზზეა. რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფა მიუღებელია. აშშ-ს, რომელიც ქიმიური იარაღის ყველაზე დიდი არსენალის მქონეა, არანაირი მორალური უფლება არ აქვს, დაადანაშაულოს სხვა ქვეყნები,"- წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სირიაზე თავდასხმის ბრძანება გასცა.

"მე ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს ვუბრძანე, რომ თავს დაესხან ყველა იმ სამიზნეს, რომელიც ასოცირებულია ქიმიური იარაღის მფლობელ, სირიელ დიქტატორ ბაშარ ალ-ასადთან," - თქვა დონალდ ტრამპმა.

ტრამპისვე თქმით, თავდასხმა საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან კოორდინაციაში განხორციელდა, საერთო მიზნის მისაღწევად "რათა მძლავრი წინააღმდეგობა გავუწიოთ ქიმიური იარაღის შექმნასა და გავრცელებას".

"ამერიკის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის კომბინირებული პასუხი ამ დანაშაულზე, ჩვენი ეროვნული სიძლიერის ყველა ინსტრუმენტს მოიცავს: სამხედროს, ეკონომიკურსა და დიპლომატიურს," - თქვა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სირიაზე თავდასხმა იქამდე გაგრძელდება, სანამ არ შეწყდება ქიმიური იარაღის გამოყენება.

"ჩვენ მზად ვართ იქამდე გავცეთ სირიის რეჟიმს პასუხი, სანამ ისინი არ შეწყვეტენ აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებას," - თქვა დონალდ ტრამპმა.

გამოცემა Reuters-ის ცნობით, თვითმხილველებმა სირიის დედაქალაქ დამასკოში აფეთქებების ხმა გაიგეს, მათივე თქმით ქალაქის სამხრეთ ნაწილი კვამლშია გახვეული.

სირიაში 8-9 აპრილს გამოყენებული იქნა ქიმიური იარაღი, დიდი ალბათობით საუბარია მაღალ ტოქსიკურ ნივთიერება ზარინზე. შეტევის შედეგად გარდაიცვალა 70 მშვიდობიანი მოქალაქე, 500 ადამიანი კი მოიწამლა.

კომენტარები