ქართული ოცნება

R2 სავარაუდოდ, კვირიკაშვილისა და კობახიძის დაპირისპირების მიმოწერას ავრცელებს

0 კომენტარი

ფოტო: საქართველოს პარლამენტი

რუსთავი 2-მა გაავრცელა მიმოწერა, რომლებიც არხის ინფორმაციით, ქართული ოცნების საერთო ჩათიდანაა. არხის ინფორმაციით, წერილები გიორგი კვირიკაშვილსა და ირაკლი კობახიძეს შორის არსებულ დაპირისპირებას ასახავს. 

კურიერის ინფორმაციით, მიმოწერამდე საპარლამენტო ქართული ოცნების ერთ-ერთ შეკრებაზე დაპირისპირება მოხდა, როდესაც ირაკლი კობახიძემ პრემიერის თანდასწრებით შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ დეპუტატს და გიორგი კვირიკაშვილმა მას ამ დეპუტატისადმი ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.

გიორგი კვირიკაშვილის წერილი

"ირაკლი, არ მინდოდა აქ მეტი დეტალის დაწერა, თუმცა, შენს ბოლო გზავნილს გავეცანი და გადავწყვიტე, მოკლედ განვმარტო ჩემი პოზიცია. ჩემს ბოლო მონაწერში ვიგულისხმე ყველა, ვინც ჩემს სახელს უხვად ახსენებს, რა თქმა უნდა, ის დეპუტატები, ვინც საჯარო სივრცეში შეურაცხყოფაზე გადავიდა და საკუთარი პოზიციების არგუმენტაციას ახდენს ჩემს მიერ გაკეთებულ კომენტარებზე აპელირებით და, რა თქმა უნდა, მამუკაც, რომელმაც ჩემი ნათქვამის ცალმხრივი გასაჯაროება გააკეთა, რაც ჩემთვის მიუღებელია. ხარისხებს არ ვადარებ და, რა თქმა უნდა, შეურაცხყოფას გამართლება არა აქვს და მით უმეტეს, არც შენი იმპიჩმენტის მოთხოვნას არა აქვს არანაირი გამართლება. ვადასტურებ, რომ შეხვედრაზე მე აღვნიშნე, რომ პიროვნული შეურაცხყოფა, როგორც შიდა შეხვედრებზე, ისე, მით უმეტეს, საჯაროდ, არის კატეგორიულად მიუღებელი, თუმცა, ამის გარდა, ისიც აღვნიშნე, რომ საკითხების მომზადებაში, პროცესის შიდა გამჭვირვალეობაში და დეპუტატებთან კომუნიკაციაშიც დაშვებული იქნა არაერთი შეცდომა, რაშიც არც ერთი ჩემი მოსაზრება არ იქნა გაზიარებული შენს მიერ, რაც ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. იმედი მაქვს, რომ ამ პროცესებს მოვაწესრიგებთ და ისეთი დონის დეტალიზაციას და ნორმატივიზაციას მოვახდენთ, რომ მომავალში გაუგებრობები აღარ იქნება. მადლობა ყურადღებისთვის,“ - წერს გიორგი კვირიკაშვილი.

პრემიერმინისტრის მესიჯზე პასუხად ირაკლი კობახიძე საერთო ჩათში მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს მაკო ბიგვავას წერს:

ირაკლი კობახიძის წერილი:

„მაკო, ძალიან ცუდია, როცა პრემიერი პარლამენტის თავმჯდომარეს პერსონალურ მესიჯს წერს არა პირადად, არამედ საერთო ჩათში. კარგი იქნებოდა, ჩათში ჩაგდებამდე საქმის კურსში ჩაგეყენებინე. ასეთ შემთხვევაში, ამ უხერხულობას, დარწმუნებული ვარ, ავიცილებდით თავიდან."

ქართული ოცნების წევრები მიმოწერის ავთენტურობაზე დუმან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საპატრიარქო: შეიცვალოს კონსტიტუცია, არ დაკანონდეს უზნეობა

კომენტარები