განზრახ მკვლელობა

ბესელია 25 წლის ქალის მკვლელობაზე: ეს ტრაგედია ფართო ჭრილშია გასააზრებელი

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე 13 აპრილს, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის ფაქტზე ამბობს, რომ მომხდარი ფართო ჭრილში გააზრებას საჭიროებს.

25 წლის გამრეკელაშვილი დედამისის ყოფილმა ქმარმა - 46 წლის ვ.ბ.-მ ცივი იარაღით მოკლა. მკლოელობამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციას ვ.ბ.-ს სახელზე შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. 

"მოხდა უმძიმესი ფაქტი, რომელმაც ყველა შეძრა. ეს ტრაგედია ფართო ჭრილშია გასააზრებელი. ბუნებრივია, გამოძიება თავისი გზით მიდის და ის ყველა გარემოებას გამოიკვლევს. ჩვენ, კანონმდებლებმა, საკანონმდებლო კუთხით ძალიან დიდი ცვლილებები განვახორციელეთ, რათა პრევენციის თვალსაზრისით აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის ბერკეტი მიგვეცა - დაწყებული ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კანონით, დასრულებული სისხლის სამართლის კოდექსით, ასევე სტამბულის კონვენციის რატიფიცირებით. სისხლის სამართლის კოდექსს ახალი მუხლები დავამტეთ, გავამკაცრეთ სანქციები", - ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ამბობს ბესელია.

პოლიციამ ვ.ბ. გუშინ თელეთში დააკავა. მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პოლიციამ ასევე დააკავა ვ.ბ-ს ახლობელი, რომელსაც ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება. მას 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ვ.ბ. ოჯახურის ძალადობისთვის წარსულშიც იხდიდა სასჯელს. ის პრეზიდენტმა შეიწყალა და საპატიმრო ვადა გაუნახევრდა. ვ.ბ-მ საპატიმრო 2017 წელს დატოვა.

მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლული თამარ გამრეკელაშვილი და დედამისი პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ და დედის მიმართ ვ.ბ.-სგან არსებულ ზეწოლაზე შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს, რასაც პოლიციის მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნიკა მაჭუტაძე

კომენტარები