აშშ-ჩრდილოეთ კორეა

ტრამპი: ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებს მივატოვებ თუ უშედეგო აღმოჩნდება

flickr

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით დიდ იმედებს ამყარებს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან მაისში დანიშნულ სამიტზე, თუმცა ამბობს, რომ მოლაპარაკებებს მიატოვებს თუ მიიჩნევს, რომ ის შედეგს ვერ მოიტანს.

"თუ ჩავთვლი, რომ შეხვედრას შედეგი არ მოაქვს, მას აღარ გავაგრძელებთ." თქვა ტრამპმა.

ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფ იაპონიის პრემიერმინისტრთან, შინზო აბესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ ოფიციალურ ფხენიანზე მაქსიმალური ზეწოლის პოლიტიკას გააგრძელებს.

მისივე თქმით ვაშინგტონი ჩრდილოეთ კორეაში დაკავებული ამერიკის სამი მოქალაქის გათავისუფლებაზე მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირაში გავრცელდა ცნობა იმის თაობაზე, რომ ცენტრალური სადაზვრვო სააგენტოს ხელმძღვანელი და ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილი მაიკ პომეო ფხენიანში იმყოფებოდა და კიმ ჩენ ინთან მაისში დაგეგმილი სამიტის დეტალები განიხილა.

კომენტარები