რუსთავი 2-ის საქმე

R2: საქართველოს მთავრობა ევროსასამართლოს სთხოვს, რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს გადაეცეს

რუსთავი 2

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ცნობით, იუსტიციის სამინისტროს, როგორც მოპასუხე მხარის, მიერ სტრასბურგში გაგზავნილ დოკუმენტში, თეა წულუკიანის უწყება ევროსასამართლოს შეჩერების ღონისძიების გაუქმებას სთხოვს, რითიც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშის ხელში გადავა. 

ამის შესახებ ინფორმაციას თავად რუსთავი 2-ის ადვოკატები ავრცელებენ. 

ტელეკომპანიის იურისტების განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გაგზავნილ დოკუმენტში წერია, რომ რუსთავი 2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე არ ემუქრება და სტრასბურგის მიერ გამოყენებული დროებითი ღონისძიება საქართველოს სასამართლოსთვის იმიჯის შემლახავია. 

ამასთან, მათივე ცნობით, დოკუმენტში წერია, რომ სასამართლოზე ზეწოლას არა ხელისუფლება, არამედ რუსთავი 2 ახდენს, რის არგუმენტადაც, მათივე განცხადებით, ევროპული საქართველოსა და ტელეკომპანიის ყოფილი თანამშრომლის, აკაკი გოგიჩაიშვილის, განცხადებებს იყენებს. 

"ალბათ, ლოგიკურია, რომ მხარემ მოითხოვოს დროებითი ღონისძიების გაუქმება. გასაგებია, რომ მძიმე ტვირთად აწევს მთავრობას და ამიტომ. თუმცა, მთავრობა, ალბათ, იმაზეც უნდა დაფიქრდეს, რომ თუ ეს ორ კერძო პირს შორის დავაა, როგორც თავად აღნიშნავს თავის არგუმენტაციაში, რატომ აქვს ასეთი ინტერესი იუსტიციის სამინისტროს, რომ ორ კერძო პირს შორის დავაზე დროებითი ღონისძიებას მოიხსნას და დაუყონებლივ გადაეცეს კერძო პირს, ქიბარ ხალვაშს. ანუ, თუ ეს ლახავს იმიჯს, მთავრობა მის გამოსწორებაზე უნდა იყოს მოტივირებული და არა ის, რომ ორ კერძო პირს შორის დავაში ისევ იმ კერძო პირს მიაკუთვნოს ტელეკომპანია, ვისზეც ამხელა აჟიოტაჟი ატყდა. ფაქტობრივად, ყველამ აღიარა, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული დავა. აქედან გამომდინარე, ეს ურთიერთგამომრიცხავია. მოულოდნელი არ ყოფილა ამ კუთხით. გასაგებია, რომ ბოლომდე დაიცავდნენ ქიბარ ხალვაშის ინტერესებს,"- ამბობს რუსთავი 2-ის იურისტი თამთა მურადაშვილი. 

2017 წლის 2 მარტს, უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. ამის შემდეგ, ევროსასამართლომ, 39-ე მუხლის საფუძველზე, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უვადოდ შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

აღსანიშნავია, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება უპრეცედენტოა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მას არასდროს გამოუყენებია სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს არის განსაკუთრებული ღონისძიება, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე.

კომენტარები