საპროტესტო გამოსვლები სომხეთში

სომხეთში ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი დააკავეს

zerkalo.az

სომხეთში, ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი დააკავეს. NEWS.AM-ის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები, ფაშინიანის წინამძღოლობით ერებუნის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრისკენ მიემართებოდნენ, გზად კი მათ პოლიციელების კორდონი დახვდა. დემონსტრანტებმა კორდონის გარღვევა სცადეს და მათსა და პოლიციის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. სწორედ ამ დროს დააკავეს ნიკოლ ფაშინიანი.

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ პოლიცია ძალის გამოყენებით აქციის დაშლას ცდილობს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ფაშინიანმა პოლიციას მოუწოდა დაეთმოთ იარაღი და მათ ბრძოლას შეერთებოდნენ.

"არ შესწიროთ ჩვენი სამშობლო კორუმპირებულ კლანს, ეს თქვენი შვილებისა და ოჯახის მომავლის საკითხია. დათმეთ იარაღი და შეუერთდით ხალხს", - თქვა ფაშინიანმა.

აქციის მონაწილეებს დეპუტატმა სასუნ მიქაელიანმა მიმართა და მოუწოდა არ შეშინდნენ და არ დაიშალონ.

"სერჟ სარგსიანი ულტიმატუმს გვიყენებს, ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ნიკოლ ფაშინიანი", - თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ერევანში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. მოქალაქეების პარლამენტის მიერ პრემიერმინისტრის პოსტზე მხოლოდ ერთი კანდიდატის, ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის კანდიდატურის წარდგენას აპროტესტებენ. 

მომიტინგეებს გადაკეტილი აქვთ ცენტრალური ქუჩები. ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ ისინი სამთავრობო შენობების ბლოკადაში მოქცევასაც გეგმავენ. 

სარგსიანი პრეზიდენტის პოსტს 2008 წლიდან იკავებდა. 2 მარტს სომხეთის პარლამენტმა პრეზიდენტის პოსტზე მხარი სერჟ სარგსიანის კანდიდატურას დაუჭირა. 2014 წელს რეფერენდუმის შემდეგ ქვეყნის საპრეზიდენტოდან საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის შემდეგ, სარგსიანმა განაცხადა, რომ პრემიერის თანამდებობაზე კენჭს არ იყრიდა. ოპოზიცია და მომიტინგეები მას ამ პირობის დარღვევაში ადანაშაულებენ.

კომენტარები