ტერორიზმი

პარიზის და ბრიუსელის ტერაქტებში ბრალდებულს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

The Guardian

ბელგიის სასამართლომ 2015 წელს პარიზსა და ბრიუსელში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმებში ბრალდებულ 28 წლის სალაჰ აბდესლამს 2016 წელს ბრიუსელში დაკავებისას პოლიციისათვის ცეცხლის გახსნის გამო 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს აბდესლამთან ერთად ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში ბრალდებულ 24 წლის ტუნისელ სოფიან აიარსაც.

სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო.

შეგახსნებთ, რომ სალაჰ აბდესლამი 2016 წლის მარტში ბრიუსელში დააკავეს. ის ბრიუსელის გარეუბანში ერთ-ერთ ბინაში იმალებოდა, რომელზეც ბელგიის პოლიციამ რეიდი განახორციელა. სროლის შედეგად მოკლეს ერთი ტერორისტი და დაშავდა 3 პოლიციელი. აბდესლამმა გაქცევა მოახერხა თუმცა 3 დღეში დააკავეს.

საფრანგეთის მოქალაქე 28 წლის აბდესლამი პარიზიდან ბელგიაში 2015 წელს გაიქცა. მას 2015 წლის ნოემბერში პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტში მონაწილეობა ედება, რომელსაც 130 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა სამასზე მეტი ადამიანი.

2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში სტადიონთან, სადაც საფრანგეთი-გერმანიის საფეხბურთო მატჩი მიმდინარეობდა, რომელსაც 80,000 ადამიანთან ერთად საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდიც ესწრებოდა თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. აფეთქების შემდგომ ტერორისტული დაჯგუფების წევრებმა ცეცხლი გასხნეს პარიზის სხვადასხვა რესტორანსა და კაფეში. ბატაკლანის თეატრზე თავდასხმას 89 ადამიანი ემსხვერპლა.

აბდესლამი იმ დაჯგუფებასთანაცაა დაკავშირებული, რომელმაც 2016 წლის მარტში ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში ტერორისტული თავდასხმები განახორციელა. ამ თავდასხმებს 32 ადამიანი ემსხვერპლა.

პოლიციამ აღმოაჩინა წერილი, რომელიც სავარაუდოდ აბდესლამმა დაწერა. წერილში ის ამბობს, რომ პარიზში თავის "ძმებთან" ერთად სურდა სიკვდილი, თუმცა მისი შაჰიდის ქამარი დეფექტური აღმოჩნდა. ამიტომ გადაწყვიტა სხვა ტერორისტულ დაჯგუფებას შეერთებოდა.

პარიზის ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. გამოძიების მიხედვით თავდასხმა სირიაში დაიგეგმა.

კომენტარები