BCG: ვანი-ხონის არჩევნებზე გიგი უგულავას 44.9% უჭერს მხარს, გივი ჭიჭინაძეს - 35.5%

კომპანია „ბი-სი-ჯი კვლევის“ მონაცემებით, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, ვანის და ხონის გაერთიანებულ ოლქში ევროპული საქართველოს კანდიდატს გიგი უგულავას გამოკითხულთა 41.4% უჭერს მხარს, მის კონკურენტს ქართული ოცნებიდან, გივი ჭიჭინაძეს კი - 32.1%. მესამე ადგილზე "საქართველოს" კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი გადის - 4.2%-ით. გამოკითხულთა 9% პასუხობს, რომ არ იცის - ვის დაუჭერს მხარს, ხოლო 2.8% პასუხზე უარს ამბობს. BCG-მ ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის სოციოლოგიური გამოკითხვა ევროპული საქართველოს დაკვეთით, 2018 წლის აპრილში ჩაატარა.

სოციოლოგიურმა კომპანიამ გადაუნაწილებელი ხმების ("არ ვიცი" და "უარი პასუხზე") გადანაწილებაც გააკეთა დამატებითი კითხვების დახმარებით. ამ შემთხვევაში, გიგი უგულავას 44.9%-იანი მხარდაჭერა აქვს, გივი ჭიჭინაძეს, 35.5%, გიორგი ლილუაშვილს კი - 5%

ამასთან, კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი (48.4%) უარყოფითად აფასებს ვანისა და ხონის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს. შეგახსენებთ, რომ ვანის და ხონის გაერთიანებულ ოლქში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებს ბოიკოტი რამდენიმე პარტიამ, მათ შორის, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და პატრიოტთა ალიანსმა გამოუცხადა.

კომპანია ბი-სი-ჯი კვლევამ სოციოლოგიური გამოკითხვა 2018 წლის 3-10 აპრილს ჩაატარა. კვლევის არეალი - ვანის და ხონის მუნიციპალიტეტების 18+ მოსახლეობა იყო. შემთხვევითი შერჩევის გზით ჩატარდა 620 პირისპირი ინტერვიუ. ცდომილების ზღვარი +-2%-ია.

N54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში (ვანსა და ხონში) საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება. შუალედური არჩევნები ჩატარდება 60 საარჩევნო უბანზე, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 48 054 ამომრჩეველი.

ხონისა და ვანის გაერთიანებულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ქართული ოცნების დეპუტატმა გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაინაცვლა. ლილუაშვილი, რომელიც ხონისა და ვანის მაჟორიტარი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა, ამჟამად ვახტანგ გომელაურის მოადგილეა.

კომენტარები