ტურიზმი

რა გავლენა აქვს ქართული საზღვრიდან გაბრუნებული ასობით ვიზიტორის მონაყოლს ტურიზმზე

შოთა ტყეშელაშვილი
0 კომენტარი

ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილად იქცა. მხოლოდ 2018 წლის პირველ სამ თვეში საქართველომ უცხოელი ვიზიტორებიდან $561 მილიონის შემოსავალი მიიღო. 2017 წელს კი ტურისტულმა შემოსავლებმა $2.2 მილიარდს გადააჭარბა.

მზარდ ტურისტულ ნაკადთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი რაოდენობაც, ვისაც საქართველოს საზღვარზე შემოსვლაზე უარი უთხრეს. კანონმდებლობის მიხედვით, საზღვრიდან გაბრუნება ხდება მაშინ, როდესაც ვიზიტორს თან სათანადო დოკუმენტაცია არ აქვს.

ინდურ მედიაში, ასევე ტურისტულ ბლოგებზე განსაკუთრებით გახშირდა სტატიები, რომლებშიც საქართველოს საზღვრიდან გაბრუნებული პირები ქართველ მესაზღვრეებს უსამართლო და ქსენოფობიური გადაწყვეტილების მიღებისთვის აკრიტიკებენ. გაბრუნებული პირების თქმით, მათ საქართველოში შესვლისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაცია ჰქონდათ, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო, ისინი ქვეყანაში არ შეუშვეს.

ტაბულამ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა სტატისტიკური ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენ პირს ეთქვა უარი 2017 წელს საქართველოში შემოსვლაზე.

რამდენი პირი გააბრუნეს საქართველოს საზღვრიდან და რომელი ქვეყნების მოქალაქეები არიან ისინი

2017 წლის განმავლობაში საქართველოს საზღვრიდან ჯამში 7,867 ადამიანი გააბრუნეს, მათგან 1,453, ანუ 18% ინდოეთის მოქალაქე იყო. ამავე პერიოდში ქვეყანაში 59,738 ინდოელი ვიზიტორი იმყოფებოდა, ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოში შემოსვლის მსურველი ინდოელების 2.4% საზღვრიდან გააბრუნეს.

საინტერესოა, რომ 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 31%-ით არის გაზრდილი საზღვრიდან გაბრუნებული ინდოელების რაოდენობა.

ბევრად მაღალია საზღვრიდან გაბრუნების პროცენტული მაჩვენებელი ბანგლადეშის მოქალაქეთა მიმართ. 2017 წელს საზღვრიდან 149 ბანგლადეშის მოქალაქე გააბრუნეს, რაც საქართველოში შემოსვლის მსურველი ბანგლადეშელების 9%-ია. ანუ თითქმის 10%-იანი ალბათობაა, რომ საქართველომ ბანგლადეშელ ვიზიტორს ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრას.

რას ყვებიან საზღვრიდან გაბრუნებული პირები:

აშან ჰაბიბ გალიბის და მისი ცოლის ისტორია

"მე და ჩემი მეუღლე საქართველოში ოთხი დღით ვგეგმავდით დარჩენას. აქამდე საქართველოს შესახებ მხოლოდ კარგი მქონდა გაგებული, რომ ეს არის ულამაზესი ქვეყანა უძველესი ისტორიით, თვალწარმტაცი არქიტექტურითა და უგემრიელესი სამზარეულოთი. ამიტომაც გადავწყვიტეთ აქ ჩამოვსულიყავით.

ჩემი ცოლი ლატვიის მოქალაქეა, მე კი ბანგლადეშის მოქალაქე ვარ, ჩვენ ლატვიაში ვცხოვრობთ, სადაც ოფიციალურად ცხოვრების ნებართვა მაქვს. მოგზაურობისთვის საჭირო დოკუმენტების შეგროვებას ყურადღებით მივუდექი. გავამზადეთ ყველა საჭირო ინფორმაცია, სასტუმროს ჯავშნები, მოგზაურობის განრიგი, უკან დაბრუნების ბილეთები, ასევე თან გვქონდა დასაქმების ცნობა, სახლის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ლატვიაში. ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდიდან ამოღებული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც შენგენის ზონაში (ლატვიაში) ბინადრობის უფლების მქონე პირებს საქართველოში 90 დღით უვიზოდ შეუძლიათ დარჩენა.

თბილისის აეროპორტში ჩასვლისას ჩემმა ცოლმა სამიგრაციო კონტროლი ისე გაიარა, რომ მისთვის ერთი კითხვაც არ დაუსვამთ. მე კი სხვა მიმართულებით მიმითითეს გასვლა, დავინახე როგორ მიქნევდა ხელს საზღვრის მეორე მხრიდან ჩემი მეუღლე, მაშინ პირველი ეჭვი გამიჩნდა, რომ რაღაც წესრიგში ვერ იყო. მე ვიდექი რიგში, რომელშიც ჩემთან ერთად აზიური წარმოშობის სხვა პირებიც იდგნენ.

ჩემს რიგში მდგარ ყველა პირს დასმულ შეკითხვაზე უხეშად პასუხობდნენ, რომ სამიგრაციო ოფიცერს დავლოდებოდით. საბოლოოდ სასაზღვრო ოფიცერი მოვიდა, გამომართვა ჩემი პასპორტი და ლატვიური ბინადრობის ნებართვა, და მითხრა, რომ იქვე მდგარ სავარძელზე დავლოდებოდი. მალევე მან დამისვა კითხვები, “რა მიზნით ჩამოხვედით” მკითხა მან. მე მზად ვიყავი ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად, ვიცოდი, რომ დოკუმენტებიც წესრიგში მქონდა. ამომწურავად ვუპასუხე მის ყველა კითხვას ჩემს ოჯახთან დაკავშირებით, მკითხა სად იყო ჩემი ცოლი, რას ვაკეთებდი ლატვიაში. ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ მითხრეს, რომ დამეცადა.

ველოდებოდი, ვხედავდი, როგორ პასუხობდა ინდოელი ქალი ამავე ოფიცრის მიერ დასმულ იგივე კითხვებს. ამ დროს დავურეკე ჩემს ცოლს და ვუთხარი, რომ მგონი დამაგვიანდებოდა მასთან მისვლა. ამ დროს ვერც წარმოვიდგენდი, რომ მომდევნო რამდენიმე საათის განმავლობაში მასთან საუბარს ვეღარ შევძლებდი.

20 წუთის შემდეგ, ოფიცერმა მითხრა, რომ მას გავყოლოდი. მის უკან დავინახე აეროპორტის ოთახი, რომელიც სავსე იყო აზიური წარმომავლობის ხალხით. მათ სახეებზე დაღლილობა ეტყობოდათ, ზოგიერთი მათგანი იატაკზე იჯდა. ოფიცერმა დამიბრუნა ჩემი დოკუმენტები და ხელბარგი. ამ დროს ჩემი გული გამალებით ცემდა. ჩემთან მოვიდა ოფიცერი ქალი,

ჩვენ ჩამომსვლელი თვითმფრინავების კართან ვიდექით. ვკითხე მას, რა ხდებოდა, თუმცა მან პასუხი არ გამცა, შემდეგ ჩამსვა აეროპორტის ავტობუსში, და მითხრა:

"თქვენ, რა თქმა უნდა, დეპორტირებული ხართ"

ამ სიტყვების გაგონებისას მე გავიყინე, მაშინ გავაცნობიერე, რომ ჩემი ცოლი საქართველოში ჩარჩებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში სასტუმროს, ბარათების, სამოგზაურო დაზღვევისა და ნაღდი ფულის გარეშე, რადგანაც ეს ყველაფერი ჩემს ხელბარგში იდო. ვცადე მისთვის დარეკვა, მაგრამ ვერ დავუკავშირდი. ვთხოვდი ოფიცერს, კეთილგანწყობა გამოეჩინა, ფული და საბუთები ჩემი ცოლისთვის გაეტანა, ვუხსნიდი, რომ ის უცხო ქვეყანაში ფულის გარეშე რჩებოდა. თუმცა, ჩემს თხოვნას პასუხი არ მოჰყოლია, ოფიცერმა ცივად მიაწოდა ჩემი პასპორტი თვითმფრინავის ბორტგამცილებელს.

ლატვიაში მიმავალ რეისზე მე თავს უმწეოდ ვგრძნობდი. მხოლოდ წარმოდგენა თუ შემეძლო, რა დღეში იქნებოდა ჩემი ცოლი ამ დროს. რიგაში ჩასვლის შემდეგღა შევძელი ცოლისთვის დარეკვა. მან აეროპორტშივე გაარკვია, რომ საქართველოში შესვლაზე უარი მითხრეს. აეროპორტში ჩემი ცოლი შეამჩნია ერთმა ქართველმა გოგომ, მან ჩემს ცოლს საკვები და ღამის გასათევი მისცა. ეს ერთადერთი ჰუმანური ნაწყვეტია ამ საშინელი ისტორიიდან და ჩვენ ამ გოგოს მადლიერები ვართ. საბოლოოდ, შევძელი მისთვის გამეგზავნა ფული და დოკუმენტები.

ეს იყო საშინელი გამოცდილება და მე საქართველოში აღარასდროს დავბრუნდები. უნდა აღინიშნოს, რომ airBaltic -ის ბორტგამცილებლები ჩემ მიმართ კეთილგანწყობილნი იყვნენ და დამშვიდებაში დამეხმარნენ. ლატვიაში ჩასვლის შემდეგ, სამიგრაციო ოფიცერმა მითხრა, რომ ისინი ვერ მიხვდნენ თუ რატომ გამომაძევეს საქართველოდან, რადგანაც ჩემს დოკუმენტებში ყველაფერი წესრიგში იყო", - წერს აშინ ჰაბიბ გალიბი.

ნიპუნ პრაბჰაკარის ღია წერილი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სუშმა სვარაჯს

"მსურს, თქვენი ყურადღება მივაპყრო ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ეხება საქართველოში მოგზაურობის მსურველ ინდოეთის ყველა მოქალაქეს.

მე საქართველოში, კონკრეტულად კი თბილისში დაგეგმილ ურბანული დიზაინის საერთაშორისო ვორქშოპზე მიმიწვიეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის 14 მაისს ჩავფრინდი, მესაზღვრემ შეურაცხყოფა მომაყენა, როგორც ტერორისტს, ისე მექცეოდნენ, საბოლოოდ კი, ქვეყანაში შეშვებაზე უარი მივიღე. გაინტერესებთ რატომ? - იმიტომ, რომ მე ინდოეთის მოქალაქე ვარ. 

ამ საქციელით მათ ჩემი ღირსება შეურაცხყვეს. 

ხუთდღიანი ვორქშოპი თბილისის ისტორიული ცენტრის აქრიტექტურის შესწავლას და ქალაქის ურბანული განვითარების ახალი შესაძლებლობების განხილვას ითვალისწინებდა. საქართველოში 12 დღის განმავლობაში დარჩენას ვგეგმავდი, რაც ჩემს ტურისტულ ვიზაშიც მივუთითე, რომელიც ელექტრონულად სამი დღით ადრე შევავსე.

გამგზავრების დღეს ნიუ-დელის აეროპორტში რეგისტრაციის მაგიდასთან გამაფრთხილეს, რომ საქართველოს სასაზღვრო სამსახურები ინდოეთის მოქალაქეების მიმართ განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩეოდნენ და მათ არაერთი მგზავრი უკან ჰყავდათ გამობრუნებული. 

გამგზავრებამდე ნიუ-დელის აეროპორტში სამიგრაციო სამსახურის წარმომადგენლებს გავესაუბრე, ვაჩვენე ვიზა, მოსაწვევი წერილი, ნაღდი ფული და საკრედიტო ბარათები, მათ მითხრეს, რომ ეს იყო ყველა ის საბუთი, რასაც საქართველო ითხოვდა. ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ, მე თამამად ავედი თვითმფრინავში და ჩემი მოგზაურობაც დაიწყო.

თბილისში ალმაატის გავლით ჩავედი. თვითმფრინავიდან გადმოსული, ჩემი თვითმფრინავის სხვა მგზავრებთან ერთად ჩავდექი სამიგრაციო რიგში. მალევე საქართველოს სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა მიმითითა, რომ რიგიდან გავსულიყავი და სხვა მაგიდასთან დავმდგარიყავი. 

მაგიდასთან, რომელზეც მიმითითეს, ჩემ გარდა არავინ არ იყო რიგში, მალევე მოვიდა საიმიგრაციო ოფიცერი, რომელმაც ვიზიტის მიზნებზე დამისვა კითხვები. მე მას ვიზიტის შესახებ მოვუყევი და საიმიგრაციო დოკუმენტები და მოსაწვევი წარვუდგინე. 

მე მის მიერ დასმულ ყოველ კითხვას გავეცი პასუხი, რის შემდეგაც მითხრა, რომ მიმდებარედ არსებულ სკამზე დავმჯდარიყავი. მალევე მოვიდა სხვა საიმიგრაციო ოფიცერი, რომელმაც აგდებული ტონით მკითხა - "ბატონო, აქ რატომ ხართ"?

ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო, როდესაც განმიცხადეს, რომ საქართველოში არ შემიშვებდნენ.

როდესაც უარის მიზეზი მოვიკითხე, მათ არავითარი პასუხი არ გამცეს. რამდენჯერმე დასმული კითხვის შემდეგ კი, ოფიცერმა სკამისკენ მიმითითა.

მათ მითხრეს, რომ ჩემს კითხვებზე პასუხს სხვა ოფიცრისგან მოვისმენდი, თუმცა სხვა ოფიცერი არ გამოჩენილა. როდესაც ხელახლა მივედი საიმიგრაციო მაგიდასთან, მათ მიპასუხეს, რომ მე არა ტურისტული, არამედ ბიზნეს-ვიზა მჭირდებოდა. 

მე ვორქშოპის სხვა მონაწილეებსაც ვეკონტაქტე გამგზავრებამდე და ვიცოდი, რომ მათაც ტურისტული ვიზები ჰქონდათ, რის შემდეგაც მესაზღვრემ მკითხა, იყო თუ არა ამ ვორქშოპზე ჩემს გარდა ინდოეთის მოქალაქე მიწვეული, რაზეც ვუპასუხე, რომ ინდოეთის მოქალაქე მხოლოდ მე ვიყავი, ამის შემდეგ მესაზღვრემ მითხრა, რომ მე ბიზნეს-ვიზა მჭირდებოდა. 

მე ავუხსენი, რომ არავითარ ბიზნეს საქმიანობას არ მოიცავდა ჩემი ვიზიტი, ამიტომაც მე ტურისტული ვიზა მქონდა, მეტიც, 12 დღის გატარებას ვგეგმავდი საქართველოს დათვალიერებაში.

მესაზღვრემ ჩემი მოსმენა არც კი სცადა და პოლიციას დაუძახა. ამის შემდეგ მე ვთხოვე, რომ ვორქშოპის ორგანიზატორს დაკავშირებოდა, თუმცა ამაზეც უარი მივიღე.

ამასობაში პოლიციელიც მოვიდა, მან უხეშად მითხრა, რომ გავყოლოდი. უცხო ქვეყანაში მე მექცეოდნენ როგორც კრიმინალს, აეროპორტის თანამშრომლებმა გააკეთეს ორგანიზება, რომ უახლოესი რეისითვე უკან გავებრუნებინე. 

იქიდან გამომდინარე, რომ ალმაატის გავლით ჩამოვედი საქართველოში, აეროპორტის თანამშრომლები ჩემს უკან გაგზავნას იმავე რეისით გეგმავდნენ. მე მექცეოდნენ, როგორც კრიმინალს, მათზე დაბლა მდგომ არსებას.  

ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ალმაატისკენ მიმავალ თვითმფრინავში ამიყვანეს, ამ დროს თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, თუმცა ჩემი კოშმარი დამთავრებისგან შორს იყო. ალმაატაში ჩასულმა აღმოვაჩინე, რომ ჩემი ბარგი თვითმფრინავში არ ამოუტანიათ.

ალმაატის აეროპორტის თანამშრომლებმა მითხრეს, რომ ბარგი ჯერ კიდევ თბილისში იყო. 

15 საათის შემდეგ, ბარგის გარეშე დელიში ჩავედი. აეროპორტის გასასვლელთან საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები დამხვდნენ, რომლებმაც მითხრეს, რომ მომხდარის გამო დეპორტაციის ფორმებზე მქონდა ხელი მოსაწერი. სამი საათის შემდეგ, მე ინდოეთის საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ საქართველო მართლაც საკმაოდ ბევრ ინდოელს აბრუნებს საზღვრიდან.

თბილისიდან გამობრუნებიდან 24 საათში მე უკვე ჩემს სახლში ვიყავი, ჩემი ბარგი კი, ერთი კვირის შემდეგ, 24 მაისს ჩამოვიდა.

ინდოეთში ჩამოსულმა ინტერნეტში მსგავსი ინციდენტების შესახებ დავიწყე ძებნა და არაერთ ფაქტს მივაგენი. ერთი პირი მისი წვერის გამო საეჭვოდ მიიჩნიეს და თბილისიდან გამოაბრუნეს. 

ფორუმზეც არაერთ შემთხვევას მივაგენი, სადაც ადამიანები ყვებიან, რომ საქართველოდან უმიზეზოდ გააბრუნეს. 

დიდი იმედი მაქვს, რომ ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ და მსგავსი შემთხვევებით დაინტერესდება და აღნიშნულ საკითხს საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებთან დასვამს", - წერს ნიპუნ პრაბჰაკარი.

მოიზ რაჯკოტვალას და მისი ოჯახის დეპორტაციის საქმე, გაზეთი Mumbai Mirror:

"მოიზ რაჯკოტვალა და მისი ოჯახი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გამოაბრუნეს, იმისდა მიუხედავად, რომ მათ ყველა საჭირო დოკუმენტაცია თან ჰქონდათ.

მუმბაელმა ბიზნესმენი თავის ოჯახთან ერთად შვებულების თურქეთში, იტალიასა და საქართველოში გატარებას გეგმავდა. მათ საქართველოს ვიზასთან ერთად შენგენის ვიზებიც ჰქონდათ.

რაჯკოტვალა თავის მეუღლე ნაფისასა და შვილებთან საქინასა და ზაჰაბიასთან ერთად საქართველოში ჩასვლას 12 ოქტომბერს გეგმავდნენ, რის შემდეგაც ისინი იტალიაში აპირებდნენ გამგზავრებას. იმისდა მიუხედავად, რომ ყველა მათგანს მოქმედი ელექტრონული ვიზები ჰქონდათ აღებული, ისინი საზღვარზე არ შეუშვეს.

მოიზ რაჯკოტვალა Mumbai Mirror-თან საუბარში ამბობს, რომ საქართველოში თავის დასთან გეგმავდა შეხვედრას, რომელიც მის საპატივსაცემოდ 100-კაციანი წვეულების ორგანიზებას აპირებდა.

რაჯკოტვალა ყვება, რომ სტამბოლიდან თბილისში ღამის 04:20-ზე ჩამოსულებს საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ რიგიდან გამოსულიყვნენ და სხვა საიმიგრაციო მაგიდასთან მისულიყვნენ. 

რაჯკოტვალას თქმით, მათ მოგზაურობის დაზღვევით დაწყებული, ნაღდი ფულითა და საკრედიტო ბარათებით დასრულებული, ყველა დოკუმენტი წარადგინეს. 

მესაზღვრე ოფიცერთან დაახლოებით ნახევარსაათიანი გასაუბრების შემდეგ კი, რაჯკოტვალებს განუცხადეს, რომ საქართველოში არ შეუშვებდნენ და რომ ისინი სტამბოლის გავლით ისევე მუმბაიში უნდა დაბრუნებულიყვნენ.

"ჩვენ არ დაგვისახელეს არავითარი მიზეზი, რასაც უარი შეიძლება გამოეწვია", - ყვება რაჯკოტვალა.

ოჯახმა დეპორტაციაზე სამიგრაციო სამსახურის მოთხოვნაზე უარი განაცხადა, ამის საპასუხოდ კი, მესაზღვრეებმა უთხრეს, რომ უარის მიზეზი არასათანადო რაოდენობით ფულის ქონა გახდა. რაჯკოტვალას მტკიცებით, მას ნაღდი ფულის სახით 1500 ევრო ჰქონდა, საბანკო ბარათზე კი, 2 000 000 რუპია (83 ათასი ლარი) ჰქონდა. რაჯკოტვალა ამბობს, რომ ამავე დღეს მისი დეიდაშვილიც, იდრის რაჯკოტვალაც არ შეუშვეს საქართველოში, რომელიც თბილისში დუბაიდან ჩავიდა.

რაჯკოტვალამ მესაზღვრეებს სთხოვა, რომ მათთვის იტალიაში გამგზავრების უფლება მაინც მიეცათ, რაზეც მათ განუცხადეს, რომ ეს დეპორტაციის წესებს ეწინააღმდეგებოდა და ისინი თბილისიდან ისევ მუმბაიში უნდა გაბრუნებულიყვნენ.

იქიდან გამომდინარე, რომ ინდოელი ბიზნესმენის ოჯახმა ვერც იტალიაში შეძლო ჩასვლა ამან მათთვის მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი 4 50 000 რუპიის (18 ათასი ლარის) ზარალი გამოიწვია. 

"მინდა ვიცოდე, თუ რატომ გავხდით ასეთი რასისტული დეპორტაციის მსხვერპლი?",- ამბობს რაჯკოტვალა.

Mumbai Mirror-ის სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოდან გამოაბრუნეს სამედიცინოს სტუდენტი ჰარი გოვინდი და მისი მეუღლე, ასევე სარეკლამო აგენტი ქუშბუ კაუშალი. სტატიის მიხედვით, ისინი მომხდარზე საქართველოს საელჩოსგან ცდილობდნენ პასუხის მიღებას, თუმცა მათ პასუხი არავინ გასცა", - წერია სტატიაში.

რა შემოსავალი დაკარგა საქართველომ?

ის ისტორიები, რასაც გაბრუნებული პირები ყვებიან, საქართველოს ტურისტულ იმიჯზე ნეგატიურად აისახება. საქართველომ დაკარგა ის ფულიც, რასაც ეს ვიზიტორები საქართველოში დახარჯავდნენ.

იმის გათვალისწინებით, რომ 2017 წელს საქართველოში საშუალო ტურისტის დანახარჯი $790-ს შეადგენდა, თანხა რომელიც ქვეყანამ პირთა გაძევების გამო ვერ მიიღო, სოლიდურია. 
 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები