პრეზერვატივების საქმე

პრეზერვატივების საქმის მოსამართლის სხვა გახმაურებული საქმეები

0 კომენტარი
ფოტო: იუსტიციის უმაღლესი საბჭო

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა თავართქილაძემ პრეზერვატივების კომპანია "აიისა" 500 ლარით დააჯარიმა და რამდენიმე შეფუთვისა და რეკლამის სამომავლოდ გამოყენება აუკრძალა.

მოსამართლის აზრით, პრეზერვატივის შეფუთვაზე ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივის, ასევე თამარ მეფის გამოსახვამ საზოგადოების მორალი და ღირსება შელახა. ამ გადაწყვეტილებით, ლაშა თავართქილაძემ თბილისის მერიის განცხადებადააკმაყოფილა და ანანია გაჩეჩილაძე სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციული კოდექსის 159-ე მუხლით (რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა).

იურისტებმა მოსამართლის ეს გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლებისთვის საშიშ პრეცედენტად შეაფასეს. ორგანიზაცია GDI-ის ხელმძღვანელმა, გიორგი მშვენიერაძემ თქვა, რომ დროა "განგაშის ზარები შემოვკრათ, რადგან არ შეიძლება მორალი და ზნეობა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის გარანტად იქცეს".

ეს საქმე არ არის ერთადერთი მოსამართლე თავართქილაძის პრაქტიკაში, როცა მის გადაწყვეტილებებს საზოგადოება კრიტიკით ხვდება. 

ლგბტ აქტივისტების ცემის საქმე

ფოტო: ტაბულა

მან 300-300 ლარით დააჯარიმა ლგბტ აქტივისტები, რომლებსაც ჯერ მოქალაქეებმა, შემდეგ კი პოლიციელებმა სცემეს. 

2017 წლის 25 აგვისტოს ლევან ბერიანიძე და თანასწორობის მოძრაობის კიდევ ერთი წევრი, თორნიკე კუსიანი ბათუმში დააკავეს. 

დაკავებულები ადვოკატთან საუბრისას ყვებოდნენ, რომ ისინი გვიან ღამით ბათუმში ბულვარში, ერთერთ კლუბში იმყოფებოდნენ. მოულოდნელად უცნობმა პირებმა მათთვის შეურაცხყოფის მიყენება დაიწყეს. კუსიანი ყვებოდა, რომ ის სიტუაციას დროებით განერიდა და მოშორებით დადგა, ცოტა ხანში კი ხმაური მოესმა. ადგილზე მისულმა აღმოაჩინა, რომ მის მეგობარ ტრანსგენდერ ქალს კისრიდან სისხლი მოდიოდა. კუსიანის თქმით, მან პოლიციაში დარეკვა გადაწყვიტა, რა დროსაც იქვე მდგომმა პოლიციელმა ხელი გადაუგრიხა და დარეკვის საშუალება არ მისცა. 

ბერიანიძის თქმით კი, პოლიცია იქ იდგა და არაფერს აკეთებდა ძალადობის აღმოსაფხვრელად. როცა უცნობი მამაკაცები მათ ცემას მორჩნენ, პოლიციამ ისინი დააკავა.  

ბერიანიძისვე თქმით, როცა მანქანით წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაჰყავდათ, პოლიციელები მათ ფიზიკურსა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და მათ დამამცირებელი ტერმინებით მიმართავდნენ. ბათუმის მე-6 განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ კი, ღოღობერიძის თქმით, პოლიციელებმა მათ "გაშიშვლება, ჩახდა და წაკუზვა" მოსთხოვეს. 

ლაშა თავართქილაძის გადაწყვეტილებით, ბერიანიძემ და კუსიანმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები დაარღვიეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ბექა წიქარიშვილის საქმე

ფოტო: imedinews/დეა მამისეიშვილი

თავართქილაძემ შეუფარდა 14-დღიანი პატიმრობა თეთრი ხმაურის მოძრაობის დამფუძნებელს, ბექა წიქარიშვილსაც. მისი განცხადებით, ჯარიმა ვერ უზრუნველყოფდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების მიზნებს. 

წიქარიშვილი პოლიციამ 23 იანვარს, მას შემდეგ დააკავა, რაც ნარკოდანაშაულში ბრალდებული გიორგი გიორგანაშვილისთვის (ბახალა) 8-წლიანი პატიმრობის მისჯას აპროტესტებდა. მაშინ წიქარიშვილმა სასამართლოს შენობას აგური ესროლა. 

ლაშა თავართქილაძე 2017 წელს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა. 

ის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2018 წლის იანვრიდან არის, მანამდე, წლების განმავლობაში, თავართქილაძე ბათუმის საქალაქო სასამართლო მაგისტრატი მოსამართლე იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტში;

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები