ფინანსები

როგორ გაურთულებს ახალი რეგულაცია ერთ მილიონამდე ადამიანს სესხის აღებას

დღეიდან, 7 მაისიდან, ძალაში შევიდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, რომლის შედეგადაც ბანკებს სესხების შემოსავლების დადასტურების გარეშე გაცემაზე ლიმიტები დაუდგინდათ. ბანკები, რომლებიც ამ ლიმიტს მიაღწევენ, დაკარგავენ უფლებას, გასცენ ნებისმიერი ტიპის სესხი მომხმარებლის შემოსავლების დეტალური შეფასების გარეშე. ახალი რეგულაციის მიხედვით, შემოსავლების დადასტურების გარეშე გაცემული სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.

რას გამოიწვევს ეს ცვლილება?

დავუშვათ, ცხოვრობთ სოფლად, მოგყავთ მოსავალი და მას ბაზარზე ყიდით, თუმცა ამას ოფიციალური კონტრაქტის გარეშე აკეთებთ. შესაბამისად სახელმწიფოსთვის თქვენი შემოსავლების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არაა. ამავდროულად, განვადების მეშვეობით გინდათ ახალი ტელევიზორის შეძენა, შეხვედით მაღაზიაში, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი მოდელი და გინდათ, გააფორმოთ განვადება. თუმცა, მაღაზიაში ბანკის წარმომადგენელმა გითხრათ, რომ სესხს ვერ მიიღებთ, რადგანაც შემოსავლის დადასტურება არ შეგიძლიათ.

რამდენად დიდია მათი რაოდენობა, ვინც საკუთარი შემოსავლის დადასტურებას ვერ შეძლებს

ტაბულამ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრი ბაზის შესახებ. სახელმწიფოსგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, 2017 წელს ქვეყანაში საშემოსავლო გადასახადს 1.18 მილიონი ადამიანი იხდიდა, შესაბამისად, ამ პირებს საკუთარი შემოსავლების შესახებ ინფორმაციის დადასტურება მარტივად შეუძლიათ. თუმცა იმ ადამიანებს, რომლებიც არც სამეწარმეო საქმიანობას არ ეწევიან და არც საშემოსავლო გადასახადს არ იხდიან, შემოსავლის ოფიციალური დადასტურება გაუჭირდებათ.

სახელმწიფოს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, დასაქმებულად ითვლება 1.76 მილიონი ადამიანი. თუმცა თუ საშემოსავლო გადასახადს მხოლოდ 1.18 მილიონი ადამიანი იხდის, გამოდის, რომ ნახევარი მილიონი შრომისუნარიანი ადამიანი რომელიც დასაქმებულად ითვლება, ოფიციალურად არცერთი თეთრის შემოსავალს არ იღებს. ისინი, ვისაც სტატისტიკა დასაქმებულად თვლის, რეალურად კი ოფიციალური შემოსავალი არ აქვთ, თვითდასაქმებულები არიან.

ნახევარ მილიონ ადამიანს, ვისაც შემოსავლის დადასტურება შეუძლია, თვეში 400 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს, ასეთი შემოსავლით კი სესხის მიღება რთულია

საქართველოში დეკლარირებული ხელფასი მხოლოდ 1.18 მილიონ ადამიანს აქვს, მათ 20%-ს (230,000 მოქალაქეს) 2017 წლის განმავლობაში 1200 ლარზე, ანუ თვეში საშუალოდ 100 ლარზე ნაკლები შემოსავალი ჰქონდა. სავარაუდოდ, თვეში 100 ლარის შემოსავალს ბანკი რეალურ შემოსავლად ვერ ჩათვლის, ამიტომაც ამ 230,000 მოქალაქესაც შეექმნება პრობლემა ყველაზე მცირე სესხის მოთხოვნის შემთხვევაშიც კი.

120,000 მოქალაქეს წელიწადში 2400 ლარზე ნაკლები შემოსავალი ჰქონდა, ეს თვეში 200 ლარს წარმოადგენს. ისევე, როგორც 100-ლარიანი შემოსავალს, ბანკი 200-ლარიან შემოსავალსაც ვერ ჩათვლის ადეკვატურ შემოსავლად სესხის გაცემისთვის.

საერთო ჯამში 537,000-ს აღემატება მათი რაოდენობა, ვისი შემოსავალიც 400 ლარზე ნაკლებია. ასეთი დაბალი შემოსავლის გამო მათ სესხის აღება გაურთულდებათ.

რეგულაცია შეეხებათ იმ ბანკებს, რომელთა საზედამხედველო კაპიტალის მოცულობაშიც შემოსავლების დადასტურების გარეშე გაცემული სესხების წილმა 25%-ს გადააჭარბა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის თქმით, ზოგიერთ ბანკს ამ 25%-იანი ნიშნულისთვის ჯერ არ მიუღწევია, შესაბამისად, მათ ამ ლიმიტის შევსებამდე ჩვეულებრივად შეეძლებათ შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხების გაცემა.

რა იცვლება იპოთეკის ბაზარზე?

ამავე რეგულაციის მიხედვით, მსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების გაცემის წესი იცვლება. ბანკს ეკრძალება, გასცეს საზედამხედველო კაპიტალის 15%-ზე დიდი მოცულობის იპოთეკური სესხები შემოსავლების დეტალური შეფასების გარეშე. ხოლო იმ იპოთეკურ სესხებში, რომლებიც შემოსავლების დადასტურების გარეშე გაიცემა, სესხის მოცულობა არ შეიძლება იყოს უზრუნველყოფაში ჩადებული უძრავი ქონების ღირებულების 50%-ზე მეტი.

ცვლილების შედეგის დასანახად მივუბრუნდეთ დასაწყისში განხილულ მაგალითს:

ცხოვრობთ სოფლად, მოგყავთ მოსავალი, თუმცა ოფიციალურად ამას ვერ ადასტურებთ. გადაწყვიტეთ ფერმის მოდერნიზაცია, რისთვისაც ბანკისგან სესხის აღება გჭირდებათ. იპოთეკური სესხის მისაღებად მიხვედით ბანკში და გინდათ, რომ 25,000 ლარად შეფასებული მიწის ნაკვეთი იპოთეკით დატვირთოთ და 22,000 ლარის სესხი აიღოთ. ბანკში კი გითხრეს, რომ ამ თანხის სესხს ვერ მოგცემენ თქვენი შემოსავლის დადასტურების გარეშე. იმის გამო, რომ თქვენ ოფიციალურად შემოსავალი არ გაქვთ, ბანკმა შესაძლოა შემოსავლის შეფასების გარეშე შემოგთავაზოთ სესხის მოცემა. ამ შემთხვევაში 22,000 ლარის ნაცვლად მხოლოდ 12,500-ლარის სესხს მოგცემენ, რაც იპოთეკით დატვირთული ქონების ღირებულების ნახევარს წარმოადგენს.

შედეგად ვეღარ შეძლებთ გააფართოვოთ ფერმა იმ მოცულობით, რაც თავდაპირველად გქონდათ დაგეგმილი. საკმარისზე ნაკლები საინვესტიციო თანხის გამო კი, თქვენი ფერმის პროდუქტიულობა იმაზე ნაკლებად გაიზრდება, ვიდრე ამას თავდაპირველად გეგმავდით.

ახალი რეგულაცია ქვეყანაში პროდუქციასა და მომსახურებაზე მთლიანი მოთხოვნის შემცირებას გამოიწვევს. მოთხოვნის შემცირებამ კი შესაძლოა ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიურად იმოქმედოს.

მაგალითად მოსახლეობამ შეამციროს საგანვადებო სესხების აღება, შედეგად კი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზრის მოცულობა შემცირდეს. ასევე იპოთეკის მიმართულებით დაგეგმილმა ცვლილებებმა მცირე მეწარმეებს გაურთულოს საქმიანობის გაფართოება.

რა შედეგის მიღებას გეგმავს ეროვნული ბანკი ამ ცვლილებით

ეროვნული ბანკი ცვლილებათა პაკეტით ჭარბვალიანობის პრობლემის შემცირებას ისახავს მიზნად. სებ-ის შეფასებით, ის, რომ ქვეყანაში გაცემულ მთლიან სასესხო პორტფელში გაიზარდა ფიზიკური პირების წილი, გაზრდილი რისკის შესახებ მიანიშნებს.

“ხშირ შემთხვევაში, სესხები გაიცემა ისე, რომ არ ხდება მსესხებლის გადახდისუნარიანობის შესწავლა. საყურადღებოა, რომ ნახევარ მილიონამდე მსესხებელს საერთოდ არ უფიქსირდება დასაქმებით ან სხვა ფორმით მიღებული შემოსავალი და ასეთი მსესხებლების 45 პროცენტს ვალდებულებებზე მიმდინარე ვადაგადაცილება აქვს.

ეს სესხები უმეტესად მცირე მოცულობისაა, მათი უდიდესი ნაწილი 2500 ლარზე მცირეა.

კრიტიკულად მაღალი ვადაგადაცილებები მცირე თანხებშია, თუმცა, მდგომარეობას ამძიმებს ის ფაქტი, რომ ეს ვადაგადაცილებები მსესხებლების დიდ ნაწილს ეხება. ამ მოცემულობით, ფინანსური ინსტიტუტებისთვის მაღალია საკრედიტო დანაკარგების რისკი, და, შესაბამისად, ფინანსური სტაბილურობის პირდაპირი საფრთხე ამ ეტაპზე დაბალია, მაგრამ, საყურადღებოა, რომ ყალიბდება ფინანსური პრობლემების მქონე მოსახლეობის მზარდი მასა, რომელსაც ეზღუდება წვდომა საბანკო ანგარიშებზე და უმცირდება ფორმალური ეკონომიკური აქტივობის მოტივაცია, რაც ნეგატიურად აისახება მოსახლეობის ამ ნაწილის კეთილდღეობასა და საბოლოოდ, გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაზე”, - წერია საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშში.

ახალი რეგულაციები მოსალოდნელია ლომბარდების, ონლაინსესხებისა და მიკროსაფინანსოების ბაზარზეც

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღესაც განაცხადა, რომ საჭიროა, მთავრობამ შემოიღოს სამართლიანი თამაშის წესები. ბახტაძემ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ უნდა განისაზღვროს იმ ქონების ნუსხა, რომლის ლომბარდში ჩადებაც აიკრძალება. ბახტაძის თქმით, აუცილებელია დაწესდეს შეზღუდვა უძრავ ქონებაზე, რადგანაც მოსახლეობამ საკუთარი სახლები და სხვა უძრავი ქონება არ დაალომბარდოს.

“როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საერთო თამაშის წესებზე, აქ ბუნებრივია, იგულისხმება მთელი ფინანსური სექტორი, ვინაიდან პრობლემის მნიშვნელოვანი მიზეზი, რასზეც დღეს ვსაუბრობთ, არის ის, რომ იყო ე.წ. ასიმეტრიული რეგულაცია ფინანსური სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლებს შორის. მაგალითად, საბანკო სექტორს ჰქონდა თავისი რეგულაცია, არასაბანკო სექტორში - მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს - თავისი, ონლაინ სესებზე მოქმედებდა სხვა რეგულაცია. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არ იყო მოქცეული ერთიან რეგულაციაში და გარკვეულწილად, ეს იქცა პრობლემის ერთ-ერთ წყაროდ. გამომდინარე აქედან, იმ თამაშის წესებზე, რომელზეც ვსაუბრობ, ეს შეეხება ყველას, მათ შორის, რა თქმა უნდა, სწრაფი და ონლაინ სესხების წარმომადგენლებსაც, ვინაიდან სწორედ ამ ტიპის მომსახურებებმა შექმნა ჭარბვალიანობის პრობლემა საქართველოში, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ”, - ამბობს მინისტრი.

ბახტაძის მიერ დაანონსებული ახალი რეგულაციების დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები