ნარკოპოლიტიკა

შსს: ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის სქემა გამოვავლინეთ, დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, დაკავებულია ორი პირი - 1991 წელს დაბადებული ქალი და 1994 წელს დაბადებული მამაკაცი. მისი თქმით, ბრალდებულები თბილისში, 2 თვის განმავლობაში განხორციელებული კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს.

ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს, რომლის მიხედვითაც, დაკავებულები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზებას ინტერნეტის გამოყენებით ახდენდნენ.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პოლიცია, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მეშვეობით, ბრალდებულთა გადაადგილების მარშრუტებს აკვირდებოდა, სწავლობდა დანაშაულებრივი საქმიანობის ტაქტიკას და ფინანსურ რესურსებს. გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, მოხდა რამდენიმე ე.წ. საკონტროლო შესყიდვა.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ნარკოტიკების შეძენის მსურველები ბრალდებულებს ერთ-ერთი ონლაინ აპლიკაციის გამოყენებით უკავშირდებოდნენ. სასურველი ტიპის და ოდენობის ნარკოტიკის შეკვეთის შემდეგ, მყიდველი ბრალდებულებისგან იღებდა შეტყობინებას, სადაც მითითებული იყო ანგარიშის ნომერი და თანხის ოდენობა. ანგარიშზე თანხის ასახვის შემდეგ, ნარკოტიკის შეძენის მსურველებს იმავე აპლიკაციის მეშვეობით ეგზავნებოდათ ფოტოშეტყობინება, შეძენილი ნარკოტიკის ადგილმდებარეობისა და მისამართის მითითებით.

გამოძიებამ დაადგინა ეს ადგილები, ნარკოტიკების ე.წ. სამალავები, რომლებიც თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში იყო მოწყობილი", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, ორივე ბრალდებული სასამართლოს განჩინების შედეგად მიმდინარე წლის 7 მაისს, ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით იქნა დაკავებული.

"პოლიციამ, ქალბატონის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, სამალავებში დასატოვებლად გამზადებული 43 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად კი - ე.წ. სამალავებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული, 19 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი", - აცხადებს მეზვრიშვილი.

მისი ინფორმაციით, გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

გარდა ამისა, ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გამოვლენილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტიც.

"2018 წლის 7 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა სასაზღვრო პუნქტ „კარწახში“ აზერბაიჯანის ორი მოქალაქე - 1969 წელს დაბადებული ს.ე. და 1982 წელს დაბადებული ჰ.შ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა მათი ავტომანქანის დათვალიერებისას, ავტომობილის სალონში გადამალული 1 400 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ აღმოაჩინეს", - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

ამ შემთხვევში გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნარკოდანაშაულთან ბრძოლა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და "დაუსრულებელი საუბრები ლიბერალიზაციაზე" ნარკოდანაშაულს ახალისებს.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ თითქოს არსებობს მავნე და არამავნე ნარკოტიკები, რომ თითქოს „მეფედრონი“ კლავს და სხვა სინთეტიკური ნარკოტიკი ან „ჰეროინი“ - არა. ამგვარი მსჯელობა, ისევე, როგორც დაუსრულებელი საუბრები ლიბერალიზაციაზე, მხოლოდ ახალისებს ნარკოდანაშაულს, ახდენს ნარკოტიკების პროპაგანდას და ხელს უშლის პრევენციას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ეს ბრძოლა დღევანდელი გამოწვევების ფონზე კიდევ უფრო გამკაცრდება", - აცხადებს მეზვრიშვილი.

კომენტარები