საპროტესტო გამოსვლები სომხეთში

ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პარლამენტმა პრემიერმინისტრად დაამტკიცა

RFE/RL

სომხეთის პარლამენტმა ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის პრემიერმინისტრად დაამტკიცა. 

ყოფილ ჟურნალისტს ნიკოლ ფაშინიანს მხარი 59-მა დეპუტატმა დაუჭირა, მას გამარჯვებისთვის 53 ხმა სჭირდებოდა. ფაშინიანი იყო სომხეთში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების, საპროტესტო გამოსვლების მთავარი სულისჩამდგმელი. 

გასულ კვირას 55 ხმით 45-ის წინააღმდეგ, სომხეთის პარლამენტმა ფაშინიანის კანდიდატურა ჩააგდო

ორივე შემთხვევაში ფაშინიანი პრემიერმინისტრობის ერთადერთი კანდიდატი იყო. 

სომხეთის საპროტესტო გამოსვლებს ლიდერი თავისი პოლიტიკური ალიანსის, იელკის მხრიდან პრემიერმინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად 30 აპრილს დასახელდა.

სომხეთის პრემიერმინისტრის ხელახლა კენჭისყრა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც სერჟ სარგსიანი, ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერმინისტრის პოსტზე გადაინაცვლა, საპროტესტო გამოსვლების შედეგად, თანამდებობიდან გადადგა. 

სომეხი ხალხი ფიქრობდა, რომ თუ სარგსიანი პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დარჩებოდა, ძალაუფლებას სამუდამოდ შეინარჩუნებდა, ვინაიდან 2015 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების თანახმად, პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიკვეცა, პრემიერმინისტრისა კი - გაიზარდა. საპროტესტო აქციებს ფაშინიანი უძღვებოდა. 

კომენტარები