ნარკოპოლიტიკა

პრემიერი: ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების კომპლექსური გეგმა გვაქვს

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში პარლამენტში გავა ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის საბოლოო ვერსია.

"ეს ითვალისწინებს ერთი მხრივ მნიშვნელოვან ლიბერალიზაციას და გაცილებით უფრო ჰუმანურ დამოკიდებულებას მომხმარებლების მიმართ, მათ შორის სამედიცინო სერვისებით შევსებას, შესაბამისი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციების კომისიების ჩამოყალიბებას და ასევე - ძალიან მკაცრ მიდგომას ნარკორეალიზატორებისა და ნარკოტრაფიკის მიმართ, რასაც სახელმწიფო ვერასოდეს შეეგუება.

ასევე, ჩვენ ხვალ გვექნება შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მთავრობის წევრები, აუცილებლად - თბილისის მერი, პარლამენტარები და ჩვენ ვისაუბრებთ ხელისუფლების კომპლექსურ გეგმაზე ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნისა დაა ხელმისაწვდომობის კუთხით. ეს იქნება კომპლექსური, საყოველთაო ჩართულობის გათვალისწინებით შედგენილი გეგმა, რომლის აღსრულებაში, დარწმუნებული ვარ, კერძო სექტორიც დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვება" - თქვა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები დაიწყო, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით "კონკრეტული შედეგების მიღწევის" პირობა დადო. ის დღეს თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრებს შეხვდა. გიორგი გახარიას თქმით, შეიქმნება ორი სამუშაო ჯგუფი - ერთი ნარკოპოლიტიკის მიმართულებით იმუშავებს, ხოლო მეორე 12 მაისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით იმსჯელებს. 

კომენტარები