საქართველოს პარლამენტი

ტუღუში: კონტრაქციის და ფაშისტური ლოზუნგების შესახებ პასუხების მოსმენა გვინდა

გიორგი ტუღუში

ევროპული საქართველო შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში უმცირესობის ფორმატში იბარებს. დეპუტატ გიორგი ტუღუშის თქმით, "ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, რეალურად მიმდინარეობს თუ არა ბრძოლა გამსაღებლებთან". მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, მინისტრმა კანონი დაიცვას და უმცირესობის კითხვებზე პასუხის გასაცემად მივიდეს.

"მინისტრი დაბარებული გვყავს უმცირესობასთან შესახვედრად და არა გაერთიანებულ სამ კომიტეტში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ მინისტრმა კანონი დაიცვას და მოვიდეს, როდესაც საპარლამენტო უმცირესობა შეკითხვებზე პასუხის გასაცემად იბარებს. მნიშვნელოვანია კონტრაქციასთან და სხვადასხვა ფაშისტურ ლოზუნგებთან დაკავშირებით მოვისმინოთ პასუხები" - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გუშინ თქვა, რომ შს მინისტრს ყველა კითხვაზე პასუხი აქვს და მზად არის, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს პარლამენტის წევრებს. მისი თქმით, პარლამენტში იურიდიული, ადამიანის უფლებების დაცვის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებული სხდომის ჩატარება იგეგმება.

"მოვიწვევთ შინაგან საქმეთა მინისტრს და ნებისმიერ დეპუტატს, უმრავლესობის თუ ოპოზიციის წარმომადგენელს, ექნება საშუალება უშუალოდ მინისტრისგან მოისმინოს პასუხები მათ მიერ დასმულ კითხვებზე [კლუბებში] ჩატარებული ღონისძიების ნებისმიერ დეტალთან დაკავშირებით" - თქვა მდინარაძემ. 

სპეციალური დანიშნულების რაზმი კლუბებში "ბასიანი" და "გალერი" 12 მაისის ღამეს შეიჭრა. სპეცოპერაციების შემდეგ კი პოლიციამ კლუბების მსარდასაჭერად შეკრებილი ადამიანების აქცია დაარბია და აქციის ათეულობით მონაწილე დააკავა. შსს აცხადებდა, რომ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა, 12 მაისს ამ კლუბებში შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი. თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რვიდან შვიდი ბრალდებული კლუბებში არ დაუკავებიათ.

12 მაისის ღამესვე დაიწყო აქციები, რომელთა მთავარი მოთხოვნა იყო პრემიერმინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა, ასევე, ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირის დასჯა და "ქართული ოცნების" პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

13 მაისს აქცია დაძაბულ გარემოში მიმდინარეობდა - დაიგეგმა და ჩატარდა ულტრანაციონალისტური ჯგუფების რამდენიმე აგრესიული კონტრაქცია. ისინი პარლამენტის შენობასთან მისვლას ცდილობდნენ. საღამოს ტერიტორიაზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდა. აქციების მონაწილეებს ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ყოფდა.

მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთა პირველი განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა, რის შემდეგაც, აქციის მონაწილეების ნაწილს პარლამენტის შენობაში შინაგან საქმეთა მინისტრი შეხვდა. დაახლოებით ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ გიორგი გახარიამ შეკრებილებს სიტყვით მიმართა, ბოდიში მოიხადა და სამუშაო რეჟიმზე გადასვლისკენ მოუწოდა. შს მინისტრმა აქციის მონაწილეებს გარკვეული დაპირებებიც მისცა, მათ შორის არის 12 მაისის ღამეს უფლებების დარღვევის განხილვა, ასევე "ნარკოპოლიტიკის მიმართულებით კონკრეტული შედეგების მიღწევა".

აქციის ორგანიზატორებმა ერთკვირიანი პაუზა აიღეს და პირობა დადეს, რომ თუ დანაპირები არ შესრულდება, პროტესტს გააგრძელებენ. შედეგად, აქცია დაიშალა. მონაწილეები ტერიტორიიდან შსს-ს დახმარებით გაიყვანეს, რის შემდეგაც ულტრანაციონალისტურმა დაჯგუფებებმა "გამარჯვება" იზეიმეს.

კომენტარები