რუსული რბილი ძალა

რუსული ფული ქართული ნეოფაშიზმის უკან

0 კომენტარი

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მკვეთრად გაიზარდა რადიკალური საზოგადოებრივ-პოლიტიკური დაჯგუფებების რაოდენობა. ეს ორგანიზაციები უმეტესწილად ქსენოფობიის საერთო ქუდის ქვეშ ერთიანდებიან და უმცირესობების წინააღმდეგ ძალადობრივ მოწოდებებს აკეთებენ. ასეთი ჯგუფების ნაწილი მკვეთრად პრორუსულია, ზოგიერთი მათგანის გამოსვლებში კი რუსეთისადმი სიმპათიებს ნეონაცისტური განცხადებები აჭარბებენ. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ შეისწავლა ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელების ბიოგრაფიები, რის საფუძველზეც მოამზადა ანგარიში, რომელშიც მათ შესახებ საინტერესო გარემოებები არის გამოკვეთილი.

1) ე.წ. "ქართული მარში"

„ქართული მარში” არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც სხვადასხვა ნეონაცისტურ ორგანიზაციას აერთიანებს. „ქართული მარშის” სახელით მოქმედმა გაერთიანებამ საქმიანობა 2017 წლის ზაფხულში დაიწყო, როდესაც სამართალდამცველებმა ირანის მოქალაქე არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. გაერთიანებამ საქმიანობა "არალეგალი" მიგრანტების გაძევების მოთხოვნით დაიწყო, ორგანიზაციის წევრები მათ პირველ აქციებზე "ჩამოთრეულებსა" და "უჯიშიოებს" იმ მიგრანტებსაც უწოდებენ, რომლებიც საქართველოში ოფიციალურად ცხოვრობენ და რომელთა ნაწილს საქართველოს მოქალაქოებაც კი აქვთ. შემდგომში მარშის საქმიანობის პორტფელს ჰომოფობიური მოწოდებებიც დაემატა. ორგანიზაცია ცდილობს ფორმალური აფილაცია მოიპოვოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან. 

ქართულ მარშთან დაკავშირებული ორგანიზაციები და ცალკეული პირები

"ეროვნულ ძალთა შეთანხმება"

"ეროვნულ ძალთა შეთანხმება" არის კოალიციური კავშირი, რომელიც განსაკუთრებულად ღამის კლუბ "ბასიანში" სპეცოპერაციის გამართვის შემდეგ გააქტიურდა. ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძეა. სწორედ ის ხელმძღვანელობდა ორგანიზაციის მიმართვას რუსთაველის გამზირზე კონტრაქციის მოწყობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, თუ ეროვნული ძალები ამ მძიმე წუთებში არ გააქტიურდებოდნენ "ნარკომანები და სოდომისტები დედაქალაქის პარალიზებას მოახდენდნენ."

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფუძნებული "გორჩაკოვის ფონდი" ამ ორგანიზაციის უკან:

"მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ ორი თვის წინ განაცხადა, რომ პარტია “დემოკრატიულ მოძრაობას” ტოვებს, პოლიტიკაში შესვენებას იღებს და სამოქალაქო სექტორში გადადის. საჯარო რეესტრის მონაცემებით, რამდენიმე დღით ადრე ლორთქიფანიძე "ე.მ. პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის" დირექტორი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია დასტურდება ცენტრის ოფიციალურ რუსულენოვან გვერდზეც. ორგანიზაცია 2013 წლის 21 აგვისტოს “საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტმა” და “გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდმა” დააფუძნა. გორჩაკოვის ფონდი 2010 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ბრძანებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შექმნა.

გორჩაკოვის ფონდი რუსეთის რბილი ძალის ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომლის წესდების მიხედვითაც, ფონდის მიზანია სამეცნიერო, კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამების დახმარება საერთაშორისო ურთიერთობებში, მასობრივი ინფორმაციებისა და ინფორმაციული რესურსების საშუალებების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ რუსეთისთვის ხელსაყრელი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, საზღვარგარეთ რუსეთის ინტელექტუალური, კულტურული, სამეცნიერო და საქმიანი პოტენციალის  წინ წაწევა, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა სამამულო, უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.

ორგანიზაციები და პირები, რომლებიც რუსულ გავლენას ატარებენ:

სანდრო ბრეგაძე და მოძრაობა "ეროვნულები"

სანდრო ბრეგაძე -  მოძრაობა „ეროვნულების“ დამფუძნებელია. 2016 წლის თებერვლამდე, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ბრეგაძე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო, მანამდე კი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილის პოზიცია ეკავა. თანამდებობაზე ყოფნისას გამოირჩეოდა ჰომოფობიური განცხადებებით. 2004 წლამდე ასლან აბაშიძის პარტიის, “საქართველოს დემოკრატიული აღორძინების” წევრი იყო და მისი საარჩევნო ბლოკის სახელით წარმოდგენილი იყო პარლამენტში.

ბრეგაძეს 2011 წელს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობისათვის მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, რაც პირობით სასჯელში ჩაეთვალა.

გიორგი გაბედავა - 2013 წელს შექმნილი “ლევან ჩაჩუას ფონდის” თანადამფუძნებელი, გამგეობის წევრი და თავმჯდომარის  მოადგილეა. წესდების მიხედვით, საზოგადოების მიზანი “ქართული იდეის” კანდიდატის, ლევან ჩაჩუასთვის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერა იყო.

გაბედავა რამდენჯერმე იყო დაკავებული პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო. მათ შორისაა, რამდენიმე დღის წინ კლუბ “ბასიანში” და კაფე “გალერიში” სპეცოპერაციის შემდეგ გამართული აქციის კონტრაქციაზე წვრილმანი ხულიგნობისთვისდაკავება. ის ასევე თანამოაზრეებთან ერთად, 2016 წლის 18 ივნისს მისული იყო კლუბთან და ტერიტორიის დატოვება პოლიციის გამოჩენის შემდეგ მოუხდა.

გიორგი გაბედავა ერთ-ერთი აქტიური ორგანიზატორი იყო 2013 წლის 17 მაისის ძალადობრივი დემონსტრაციისა. გაბედავა გახლავთ ასევე “ეროვნული ფრონტის” ლიდერი, რომლის გამგეობის წევრები, მაგალითად გეგა ხვედელიძე, აგრესიული ჰომოფობიური და რასისტული განცხადებებით გამოირჩევიან. ხვედელიძე გახლავთ ასევე ქართული იდეის წევრიც.

გიორგი გაბედავა რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერლის, სოსო პავლიაშვილის ნათლული და პროდიუსერია. ის თებერვალში რუსეთში სცემეს და დაჭრეს.

“სამოქალაქო აქტივობის კლუბი” - გაბედავას დაფუძნებული ორგანიზაციაა. სამოქალაქო აქტივობის კლუბის წესდებაში ვკითხულობთ, რომ ორგანიზაციის ერთ-ერთი მიზანია ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების დაცვა:

მელორ ვაჩნაძე გაბედავასთან ერთად “სამოქალაქო აქტივობის კლუბის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარეა. ის თაღლითობის ბრალ­დე­ბით 2009 წლი­დან იხ­დი­და სას­ჯელს. 2013 წელს პოლიტპატიმრის სტატუსითგათავისუფლდა. მას შემდეგ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით რამდენჯერმე დააკავეს. 2017 წლის ივლისში ვაჩნაძემ განცხადება გააკეთა და “ქართული მარშის” აქციის ჩატარების წინ გამოეთიშა მოძრაობას, თუმცა ის აქტიურად გამოჩნდა ბოლო დღეებში კლუბ “ბასიანში” და კაფე “გალერიში” შსს-ს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაწყებული აქციების კონტრაქციაზე, სადაც დააკავეს კიდეც.

ზვიად ტომარაძე საზოგადოებისათვის ცნობილია, როგორც ავტორი არაერთი სადავო კანონპროექტისა. პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, ის ითხოვდა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის დასჯას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვას. ერთ-ერთი საკანონმდებლო წინადადება კი აბორტის აკრძალვას ეხებოდა. სანდრო ბრეგაძესთან ერთად იმ საინიციატივო ჯგუფის წევრიც იყო, რომელმაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შემდეგისარეფერენდუმო შეკითხვის დასარეგისტრირებლად მიმართა: „თანახმა ხართ თუ არა, საქართველოს კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, რომ ქორწინება წარმოადგენს ოჯახის შექმნის მიზნით კავშირს მამაკაცსა და ქალს შორის?”

ზვიად ტომარაძე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელია. მათ შორის: “ეროვნულ რელიგიური ინსტიტუტის”, “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ე”-ს და “ერი და სახელმწიფოს”. “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ე”-ს (ყოფილი “დემოგრაფიული განვითარების ფონდი”). მმართველობითი ორგანოს წევრები არიან მოდელი თამარ (თაკო) ჩხეიძე და ანზორ თოთაძე. ამავე ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე იყო თამარ ჩიბურდანიძე-ლომთაძე, რომელიც დღეისათვის ბიზნესმენ ლევან ვასაძის პატრონაჟის ქვეშ მყოფი ორგანიზაცია “საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის” გამგეობის თავმჯდომარეა. გამგეობის სხვა წევრები არიან იგივე თამარ (თაკო) ჩხეიძე და ანზორ თოთაძე. მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დემოგრაფიული აღორძინების ფონდის მხარდაჭერები ლევან ვასაძესთან ერთად არიან შიო მუჯირი (პატრიარქის თანამოსაყდრე), ბიზნესმენები ლაშა პაპაშვილი, მამუკა ხაზარაძე,ბადრი ჯაფარიძე, ზაზა ნიშნიანიძე, ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და “პალიტრა მედიის” ერთ-ერთი დამფუძნებელი გოგა თევდორაშვილი. ფონდს მხარდაჭერა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც გაუწია.

საქართველოს ეროვნული ერთობა
ფოტო: იბერია

ორგანიზაციის წესდების მიხედვით, “საქართველოს ეროვნული ერთობის” მიზანია  “საერთო თანხმობისა და მშვიდობის პოლიტიკის გატარება, რომლის მიხედვითაც მოძრაობა პრიორიტეტულად წარმოაჩენს მენტალურად ქართულ მსოფლმხედველობას. ასევე, პატივმცემელი და შემგუებელი იქნება ყველა ეთნიკურად განსხვავებული საქართველოს მოქალაქის ტრადიციულ, მენტალურ, რელიგიურ თუ პოლიტიკურ მსოფლმხედველობისადმი, თუ ისინი არ შეურაცხყოფენ მენტალურ ქართულ მსოფლმხედველობას”. საჯარო რეესტრის მიხედვით, მათ ჰყავთ მეთაური და მწიგნობართუხუცესი.

www.manifest.ge-ზე იძებნება “ეროვნული ერთობის” პეტიცია,  რომლითაც ისინი საქართველოში ჯორჯ სოროსის ფონდის ,,ღია საზოგადოება – საქართველო'' აკრძალვას ითხოვენ. მათ ასევე, “რუსთავი 2-ზე” ჟურნალისტ  გიორგი გაბუნიას რელიგიურ გამონათქვამს ფეისბუქ გვერდზე მუქარის წერილით უპასუხეს.

“საქართველოს ეროვნული ერთობის” ფეისბუქ გვერდზე იძებნება არაერთი ქსენოფობიური, ჰომოფობიური, ძალადობრივი და ფაშისტური მოწოდება. მათ მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოზე გამოძიებაც დაიწყო, რადგან კადრში იარაღები ჩანდა. თუმცა, მოგვიანებით გამოძიება შეწყდა, რადგან აღმოჩნდა, რომ იარაღი პნევმატური იყო. თუმცა,  ორგანიზაციის ლიდერმა გიორგი ჭელიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში  თქვა: “ორგანიზაციის წევრების  უმეტესობას გვაქვს იარაღი:  სანადირო თოფი, „ვინჩესტერი“, პისტოლეტი, ნახევრადავტომატური იარაღები, ვიცავთ მათი მოხმარებისა და გადატანის წესებს”.

“ეროვნული ერთობის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი თორნიკე კივილაძე (“მწიგნობართუხუცესი”) 2016 წლის არჩევნებზე “ქართული იდეის” სიის მეხუთე ნომერი და #14 ოლქის (ჩუღურეთი) მაჟორიტარი კანდიდატი იყო. “რუსთავი 2”-თან 15 მაისს გაკეთებულკომენტარში ის ამბობს, რომ ორგანიზაციას გამოეთიშა და მათ საქმიანობაში საფრთხეს ხედავს. ორგანიზაციის წარმომადგენელები არიან ირაკლი ბექაური და გიორგი ჭელიძეც (მეთაური). ჭელიძე ამბობს, რომ ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა, ორგანიზაცია კი სამინისტროს დატოვების შემდეგ შექმნა. გიორგი ჭელიძე ღიად აფიქსირებს, რომ არის ფაშისტური იდეოლოგიის მიმდევარი: “ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენს ფესვებთან. ჩვენ „ვაწვებით“ ფაშიზმს და ნაციონალ-სოციალიზმს, ჩვენ ვართ ამ მიმდინარეობის მიმდევრები.” ჭელიძე, მხარდამჭერებთან ერთად, აგრესიითა და ძალადობრივი მოწოდებებით გამოირჩეოდა კლუბ “ბასიანში” განვითარებული მოვლენების გამო პარლამენტის წინ გამართული აქციის მონაწილეების მიმართ. “ეროვნული ერთობის” წევრებმა განაცხდეს, რომ შექმნიან რაზმეულებს, დაიწყებენ პატრულირებას და თავად აღკვეთენ უკანონობას. “სისხლს მოითხოვენ? ზღვა სისხლს მიიღებენ” - იმუქრებოდნენ აქციაზე. მოგვიანებით ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ მუქარის განცხადებებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

გიორგი ჭელიძეს ასევე დაარსებული აქვს ორგანიზაცია “საქართველოა მარადიული”. წესდების მიხედვით, ეს არასამთავრობო ორგანიზაცია მათთვისაა, “ვისთვისაც ძვირფასია ეს ლამაზი, ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყანა”. ის 2017 წლის ნოემბერში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან გამართულ აქციაზე ლადო სადღობელაშვილთან ერთად დააკავეს. ქართული მარში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გურამ კაშიას ლგბტ თემის დროშიანი სამკლაურით ასპარეზობას აპროტესტებდნენ.

გია კორკოტაშვილი და მოძრაობა "ქართული მისია"

გია (გიორგი) კორკოტაშვილი - საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა “ქართული მისიის” დამფუძნებელია. მათი ფეისბუქ გვერდის მიხედვით, ორგანიზაცია იურიდიულ დახმარებას სთავაზობს მოქალაქეებს, მათ შორის უცხოელებს. ორგანიზაციის გამგეობის წევრის, გიორგი ზარნაძის მიერ 2015 წელს ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „ქართული მისია" გამოხატავს გულღია პატივისცემას და მოკრძალებას საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნების თანამოქალაქის მიმართ და მოუწოდებს ყველას თანადგომისაკენ, რათა ერთად ავაშენოთ ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო".

კავშირები პატრიოტთა ალიანსთან

ფოტო: ტაბულა

ბიზნესმენი კონსტანტინე მორგოშია - პატრიოტთა ალიანსის წევრი, 2016 წელს მცხეთის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. მისმა ოჯახის წევრებმა “პატრიოტთა ალიანსს” 96 ათასი ლარი შესწირეს. აუდიტის სამსახურის მოკვლევის საფუძველზე სასამართლომ მორგოშია 180 ათასი ლარით დააჯარიმა, კანონის გვერდის ავლით განხორციელებული შემოწირულობისთვის. მორგოშია, “ქართული მარშის” სხვა წევრებთან ერთად, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით ოსურ მხარესთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს და მისივე ფეისბუქ პოსტის მიხედვით, ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადადიოდა. მორგოშია აქტიურად იყო ჩართული თათია დოლიძის მისამართით საჯარო მუქარების გავრცელებაში.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით აქვს წილი შპს “კემ კონსტრაქშენში” და რეგისტრირებულია დირექტორად შპს “გრანდე გრუპ ჯორჯიაში”,  შპს “საინვესტიციო ჯგუფი კონსტანტინეში” და თავმჯდომარე ა(ა)იპ “კავკასიონში”.

ლადო სადღობელაშვილი - 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბლოკ პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიციის სახელით მთაწმინდის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, სადღობელაშვილი “მამული, ენა, სარწმუნოება”-ს თავმჯდომარე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია. ორგანიზაცია 2011 წელსაა დაფუძნებული და მისი თანათავმჯდომარეა ლევან კოჭლოშვილი, რომელიც 2017 წელს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში “ქართული ოცნების” სიით მოხვდა და ამჟამად, ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარეა. სადღობელაშვილი რამდენჯერმე დააკავეს ადმინისტრაციული წესით, ამჯერად კი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი და 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება “რუსთავი 2”-ის  ჟურნალისტებზე თავდასხმის გამო.

სადღობელაშვილი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე დიღმის რაიონის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით.

დეპუტატი ემზარ კვიციანი - 14 მაისს “ბასიანისა” და კაფე “გალერის” წინააღმდეგ “ქართული მარშის” აქციას შეუერთდა. ემზარ კვიციანიპატრიოტთა ალიანსის დეპუტატია. ის 2006 წლამდე საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული იყო კოდორის ხეობაში. 2006 წლის შემდეგ იძებნებოდა. მას ბრალი ედებოდა სამხედრო ამბოხებასა და ტერორისტული აქტების მოწყობაში. 2014 წელს კვიციანი რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა. მას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ თავისუფლების 12 წლით აღკვეთა მიუსაჯა. 2015 წელს კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არსებითი განხილვის გარეშე დარბაზიდან გაათავისუფლა. ემზარ კვიციანმა ასევეაღიარა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და მათი დავალებით განცხადებებს ავრცელებდა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

კომენტარები