სულხან ზუმბურიძე

ნადირაშვილი: სახელმწფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელს ლანჩის ფულს სახელმწიფო უხდის

სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელის, სულხან ზუმბურიძის ლანჩის თანხა ბიუჯეტიდან ფინანსდება - ეს განცხადება ევროპული საქართველოს წევრმა, ირმა ნადირაშვილმა პარლამენტში გუშინ გააკეთა. მისი თქმით, ზუმბურიძეს კვებისთვის, ხელფასის პარალელურად, დღეში 13 ლარი და 50 თეთრი ერიცხება. ხელფასი კი, თავის მხრივ, ბოლო 4 წელიწადში 200 ათასი ლარით გაიზარდა და ახლა ნახევარ მილიონ ლარს აღწევს. 

დეპუტატმა შინაგან საქმეთა მინისტრს და ქვეყნის ვიცე-პრემიერს, გიორგი გახარიას ჰკითხა, რა დამოკიდებულება აქვს ამ საკითხის მიმართ.​

"რამდენი ლარით გაიზარდა პოლიციელების ხელფასი ბოლო 4 წლის განმავლობაში? მინდა დაგისვათ კითხვა არა როგორც შს მინისტრს, არამედ როგორც ვიცე-პრემიერს, პოლიტიკური თანამდებობის პირს. ადამიანს, რომლის შემოსავალი წლიურად არის თითქმის ნახევარი მილიონი ლარი და ლანჩის ფულს ვუხდით ჩვენ, ყოველდღე 13 ლარს და 50 თეთრს - თქვენ რა განწყობა გაქვთ ამ ყველაფრის მიმართ?", - იკითხა ნადირაშივლმა

მინისტრმა ნადირაშვილის კითხვის პასუხად თქვა, რომ დეტალებს არ იცნობს. 

"სახელმწიფო ელექტროსისტემა, ეს არის სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც ფაქტობრივად ბიზნეს-პროცესებშია ჩართული. მანდ სამოტივაციო სისტემაში წარმოდგენა არ მაქვს, შეიძლება 200 კი არა, მეტი ეკუთვნის", - თქვა გახარიამ.

ნადირაშვილი: "სამსახური, რომელზეც მე გესაუბრებით, არ არის კერძო სტრუქტურა, ეს არის შ.პ.ს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი არის სახელმწიფო და მე ვფიქრობ, თქვენც უნდა იყოთ დაინტერესებული, სახელმწიფოს ფული ასე უაზროდ არ იფლანგებოდეს. სახელმწიფო ფულით არ უნდა ფინანსდებოდეს ადამიანების კერძო ლანჩები და ეს კითხვა დაგისვით იმიტომ, რომ მაშინ, როდესაც3 წელია, არ გაზრდილა პოლიციელების ხელფასი და ამ ადამიანის ხელფასი 200 ათასი ლარი კი არ არის, არამედ გაიზარდა 200 ათასით, ეს ნორმალური გეჩვენებათ?"

გახარია: "გეთანხმებით, სახელმწიფო შპს-ა, არ ვიცი დეტალები, შეიძლება ის ადამიანი იმსახურებს უფრო მეტსაც, არ ვიცი, არ ვიცი". 

სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელი სულხან ზუმბურიძე საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩინოვნიკი. მან 2017 წელს 341,700 ლარი აიღო - ეს თვეში 28.475 ლარია. ამ მაჩვენებლით ზუმბურიძის ხელფასი საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარის, დავით საგანელიძის ანაზღაურებას აჭარბებს. საგანელიძე 2017 წელს თვეში 28,000 ლარს იღებდა.

ირმა ნადირაშვილმა სულხან ზუმბურიძის შესახებ ერთი თვის წინაც ისაუბრა. პარლამენტის პლენარულ სესიაზე დეპუტატმა განაცხადა, რომ ზუმბურიძეს ხელფასი ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების შედეგად გაეზარდა. 

"ვინ არის რეალურად მაღალანაზღაურებადი ჩინოვნიკი საქართველოში?! ვის ეზრდება მოსახლეობის ხარჯზე ელ.ენერგიის გაზრდილი ტარიფიდან ხელფასი? სულხან ზუმბურიძე მეუღლესთან, ქეთევან რეხვიაშვილთან ერთად, ყოველ თვე იღებენ იმდენ ხელფასს, რაც ჰყოფნის 194 ადამიანის პენსიას და 67 მასწავლებლის ხელფასს,"- თქვა ნადირაშვილმა.

სახელმწიფო ელექტროსისტემა საპარტნიორო ფონდის შემადგენელი სახელმწიფო კომპანიაა. ელექტროსისტემას ქვეყნის მასშტაბით მაღალი ძაბვის ქვესადგურები და გადაცემის ხაზები ეკუთვნის.

კომენტარები