ინგა გრიგოლია

ინგა გრიგოლია: წლებია ძალადობის მსხვერპლი ვარ, ხვალიდან შეიარაღებული ვივლი

ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია აცხადებს, რომ წლებია, მუქარის, შანტაჟის და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია, რის გამოც აპირებს შეიარაღებულმა იაროს. 

გრიგოლიამ ამის შესახებ ფეისბუქზე დაწერა. 

ჟურნალისტი ამბობს, რომ ის შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებას მრავალი წელია უშედეგოდ სთხოვს. 

"სულ ვაშუქებ სხვებზე ძალადობის თემას - მოკლული ქალების, ნაცემი ქალების, ზეწოლის და ტერორის ქვეშ მყოფი ქალების თემას და ჩემი რეაქცია ამ დროს ყველაზე მძაფრია ხოლმე.... მე არ მინდა მომკლან!!!! მე არ მინდა ვიცხოვრო ძალადობის ქვეშ! მე არ მინდა, ჩემზე ძალადობა გახდეს ჩემი მეგობრების გადაცემების და რეპორტაჟების თემა. საერთოდ არ მინდა სიკვდილი და არც ვაპირებ ჯერ!!!!! მაგრამ მე არ ვიცი, სახლიდან რომ გავალ, რა შეიძლება დამემართოს. რამდენიმე წელია, ვცხოვრობ სრულ საგიჟეთში და რამდენიმე წელია, თავი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის გმირი მგონია. რომელსაც მანიაკი დასდევს და როდის წაახრჩობს არ იცის.

ახლა მოგიყვებით ამბავს, რომელზეც გთხოვთ, არ გაგეცინოთ, რადგან სასაცილო არაა, საშიში ამბავია. თავიდან მეც მეცინებოდა, ჩემს მეგობრებსაც ეცინებოდათ. დღეს უკვე აღარ მეცინება. ბევრი წლის წინ, თუ არ ვცდები, 2011 იყო, ჩემს ტელეფონზე დაიწყო უცნაური ზარები. ვიღაც კაცი რეკავდა და მეუბნებოდა, რომ ჩემი შვილის მამა იყო (მარიამის მამა გარდაცვლილია). ძაან რომ შემაწუხა, გავარკვიე, ციხიდან ირეკებოდა და აღარ ვპასუხობდი ციხის ნომრებს. ერთ დღეს, უკვე 2013 წელი იყო, როცა საყოველთაო ამინისტია გამოცხადდა, უცხო ნომერი რეკავს და მეუბნება: მე ვარ,შენი შვილის მამა, შენს სახლთან ვდგავარ და ჩამოდიო. მოკლედ, 2013-ში გამოვიდა ციხიდან. შოკში ჩავვარდი, რადგან აღარ ჩერდებოდა ზარები დღეები, თვეები.

ვიღაც ავადმყოფი ტიპი რეკავდა გაუჩერებლად და ითხოვდა ჩემგან დამებრუნებინა მისი ქონება, რაღაც ფული და მენახებინა მისი შვილი, სახელად თამარი (ჩემს შვილს, მოგეხსენებათ, მარიამი ჰქვია). იძულებული გავხდი, განცხადება დამეწერა პოლიციაში, რადგან რაღაც გაუგებარ ქონებას და ფულს მთხოვდა და იმუქრებოდა. ითხოვდა არარსებულ შვილთან შეხვედრას.

ვიარე პოლიციაში, დაიწყო გამოძიება, გამომძიებლები მშვიდად მიხსნიდნენ, რომ ტიპი ამტკიცებდა, თითქოს ჩემი ქმარი იყო, რომელსაც ქონება წავართვი. ყველაზე გულის ამრევი ის იყო, რომ როცა ამ ტიპის ჩვენებას მიკითხავდნენ, თან ისე იღრიჭებოდნენ, თითქოს ძაან გასართობი ამბავი ხდებოდა!!!!!!

დღემდე გრძელდება ეს ამბავი, დღემდე ვცხოვრობ წარმოუდგენელი ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ. უბედურება ისაა,რომ ტიპმა იცის ჩემი სახლი, ჩემი მშობლების სახლი, მარიამიც კი შეხვდა ერთხელ კართან.

მიადგა მამაჩემს და ეუბნება, ინგას ქმარი ვარო და ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ მამაჩემმა კინაღამ მოკლა. არ მთავრდება ეს ჰიჩკოკობა. პერიოდულად ვთხოვდი პოლიციას დაცვას. აქამდე მეუბნებოდნენ, რომ კანონი არ აძლევდათ დაჭერის საშუალებას, რადგან პირდაპირი მუქარა, რომ რამეს მიზამს (მაგალითად, მომკლავს), არ იყო. ალბათ ქალი აუცილებლად უნდა მოკვდეს, რომ მოძალადე დაიჭირონ.

ამ დღეებში უკვე ახალი წერილი და მუქარა მივიღე, რომელიც ტელევიზიაში დატოვა ამ ტიპმა (კადრებშიცაა დაფიქსირებული, როგორ აძლევს წერილს ჩემს თანამშრომელს), სადაც წერს რომ 20 მაისამდე თუ არ დავუბრუნებ რაღაც ქონებას, სახლის კარს შემომიმტვრევს.

არასოდეს მეგონა, რომ მსგავსი პოსტის დაწერა მომიწევდა,მაგრამ სხვა გზას ვეღარ ვხედავ. ხო,დამავიწყდა,ეს ტიპი, რომელიც ამნისტიით გამოვიდა (მე ასე ვიცი),როგორც ვიცი, ყაჩაღობისთვის იხდიდა სასჯელს. თავიდან მეგონა, რომ ფსიქიური პრობლემები ჰქონდა, თანდათან დავრწმუნდი, რომ ან მოგზავნილია, ან ჩვეულებრივი მანიაკი! ეს დღეებია, არ ვარ საქართველოში. წამოსვლამდე საქმის კურსში ჩავაყენე ახალი შს მინისტრის პრესცენტრი (იმედი მაქვს,ამჯერად მაინც დამიცავენ). ჩამოვალ თუ არა, პირდაპირ ვაპირებ წავიდე პოლიციაში, რადგან ხვალისთვის დამიანონსა ამ მანიაკმა სახლის კარის შემომტვრევა.

არ ვიცი, ამჯერად რითი დასრულდება ჩემი მიმართვა პოლიციის მიმართ, თუმცა კი ვიმედოვებ. ამიტომ, როგორც ზევით დავწერე, ხვალიდან შეიარაღებული ვივლი.

p.s-მიზანმიმართულად არ მივეცი უფლება არც ერთ ჩემს მეგობარს და ოჯახის წევრ მამაკაცს, ქართულად "მომეყომარებინა" ეს საქმე და ვინმეს გაეხია ცემაში. არ მინდოდა, ჩემ გამო ვინმე ჩემიანი დამეზარალებინა. მინდა დამიცვას სახელმწიფომ! არ მინდა, ვინმემ სადარბაზოში მომახრჩოს! ხოდა გადავწყვიტე, ხმამაღლა მომეყოლა ეს ყველაფერი. მადლობა, ვისაც ნერვი გეყოთ და წაიკითხეთ!!!!

დავამატებ - საქმეც იყო აღძრული, მაგრამ მაშინ ჯერ ადევნებაზე კანონი არ იყო და რახან არ იყო ეს კანონი, დამტოვეს მარტო ჩემს პრობლემასთან და საფრთხესთან პირისპირ", - წერს ინგა გრიგოლია. 

 

კომენტარები