ვენესუელა

ვენესუელას ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა

ნიკოლას მადურო
AFP

ნიკოლას მადურომ ვენესუელას ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 67,7% დააგროვა და ქვეყნის პრეზიდენტი მეორე ვადით გახდება.

არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა მხოლოდ 46%-მა მიიღო.

ოპოზიცია მადუროს არჩევნების გაყალბებაში და ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს. მათმა ნაწილმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

"ჩვენ არ ვცნობთ ამ საარჩევნო პროცესს ლეგიტიმურად. ჩვენ გვჭირდება ახალი არჩევნები." განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ჰენრი ფალკონმა, რომელმაც ხმათა 21,2% დააგროვა. ფალკონი ჰუგო ჩავესის მთავრობის და სოციალისტური პარტიის წევრი იყო, თუმცა პარტია 2010 წელს დატოვა და ოპოზიციას შეუერთდა.

ოპოზიციური დემოკრატიული ერთობის კოალიციის განცხადებით მადურომ ვადამდელი არჩევნები იმიტომ დანიშნა, რომ კოალიციაში არსებული განხეთქილებით ესარგებლა. გარდა ამისა კოალიციის ორ კანდიდატს არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალება არ მისცეს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ სცნობს.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ბოლოს ვენესუელური ბოლივარის ინფლაციამ 440,000%-ს გადააჭარბა. ასეთივე ტემპით ეცემა ვენესუელური ბოლივარის გაცვლითი კურსი შავ ბაზარზე. ეკონომიკური კრიზისის გამო საშუალო ხელფასის ღირებულება $4-ს გაუტოლდა.

დოლარის ყიდვა ვენესუელაში მხოლოდ შავ ბაზარზეა შესაძლებელი, რადგან მთავრობამ რამდენიმე წლის წინ თავისუფალი სავალუტო ოპერაციები აკრძალა.

პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ მოსახლეობას კურდღლების ყოლისკენაც კი მოუწოდა, რადგანაც, "კურდღლები კურდღლებივით მრავლდებიან", მათი ხორცის მიღება კი იაფი ჯდება. სახელმწიფომ მოსახლეობას "საჯიშე" კურდღლები უსასყიდლოდ გადასცა.

ვენესუელის მთავრობა ეკონომიკურ კრიზისს და საკვებისა თუ მედიკამენტების ნაკლებობას "ეკონომიკურ ომს" აბრალებს, რომელსაც მათი თქმით "იმპერიალისტური ძალები" ეწევიან.

მოსახლეობის განსაკუთრებული პროტესტი ნიკოლას მადუროს მიერ პარლამენტისთვის უფლებების ჩამორთმევას და მთავრობის მხარდამჭერებით დაკომპლექტებული "საკონსტიტუციო ასამბლეის" დაფუძნებისთვის გამართულ არჩევნებს მოჰყვა.

სახელმწიფომ პროტესტის ჩასახშობად სამხედროებიც გამოიყენა, გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციებს 164 ადამიანი ემსხვერპლა 15,000 კი დაშავდა.

2017 წელს ვენესუელა 600,000-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა.

კომენტარები