თბილისის მერია

კულტურის მინისტრი: კახა კალაძე ქართულ-სლოვაკურ ფილმში ეპიზოდურ როლს შეასრულებს

facebook.com/photo.php?fbid

თბილისის მერიისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, საქართველოში ქართულ-სლოვაკურ მხატვრულ ფილმს "დავიწყებული მელოდია" გადაიღებენ. კულტურის მინისტრის ინფორმაციით, კომედიურ ფილმში ეპიზოდურ როლს თბილისის მერი კახი კალაძეც შეასრულებს.

"რამდენიმე კუთხით არის მნიშვნელოვანი ეს პროექტი. კულტურული კუთხით, რა თქმა უნდა, რადგან კიდევ ერთი საშუალებაა, ჩვენი კულტურა კიდევ უფრო ცნობილი და პოპულარული გახდეს, გარდა ამისა, ეკონომიკური და ტურისტული კუთხითაც მნიშვნელოვანია. თბილისის მერიას და თავად მერს ძალიან ვგულშემატკივრობთ, რადგან რამდენადაც ვიცით, ეპიზოდურ როლს კახაც შეასრულებს",- განაცხადა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ "საქმიან დილა"-სთან საუბრისას.

Business Media-ს ინფორმაციით, კახა კალაძე ახალგაზრდა და ენერგიული მერის როლს მოირგებს, რომელსაც სხვადასხვა პრობლემის სწრაფი და ეფექტური გადაჭრა შეუძლია. 

ფილმი ქართველ ქალსა და სლოვაკ მამაკაცზე იქნება - მდიდარი სლოვაკი ბიზნესმენის შვილიშვილი მისთვის უცნობ ქვეყანაში - საქართველოში ბაბუის უკანასკნელი სურვილით, საიდუმლოს გასარკვევად მიემგზავრება. 

"ფილმი იქნება ოჯახურ ურთიერთობებზე, სიყვარულზე, ღვინოზე... ჩვენ ავირჩიეთ საქართველო, რადგან გაქვთ შესანიშნავი ლოკაციები და სამუშაო გარემო" - ამბობს ფილმის პროდიუსერი რინგალიე ლესჩინსკინე.

პირველი არხის ინფორმაციით, გადაღებები უახლოეს მომავალში დაიწყება. “დავიწყებული მელოდია” ეკრანებზე დაახლოებით წელიწადნახევარში გამოჩნდება. ფილმის საწყისი ბიუჯეტი ორნახევარი მილიონია.

კომენტარები