კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ

ომბუდსმენი: მანიფესტაციის კანონში ცვლილებები კონსტიტუციურ სტანდარტს აუარესებს

სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მშვიდობიანი შეკრების უფლების აბსოლუტურ აკრძალვას პირთა ფართო წრისთვის აწესებს. ომბუდსმენის აზრით, ეს უფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტს აუარესებს და ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო პრინციპებს ეწინააღმდეგება.

სახალხო დამცველის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულია, რომ ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოების შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება. "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონში  დაგეგმილი ცვლილებებით კი ფართოვდება პირთა წრე, რომელზეც ვრცელდება მშვიდობიანი შეკრების უფლების აბსოლუტური აკრძალვა.

"თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს მოსამსახურე" - ასე ეწოდება პირს, რომელსაც მშვიდობიანი მანიფესტაცია ეკრძალება და დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ეს შეიძლება იყოს: პროკურატურის მუშაკი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელი, საქართველოს თავდაცვის ძალების მოსამსახურე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურე, საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურე, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურე, საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტის მოსამსახურე.

დღეს მოქმედი კანონი "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობის უფლებას უკრძალავს მხოლოდ შეიარაღებული ძალების, შეიარაღებული სამართალდამცავი ორგანოების, სპეციალური და გასამხედროებული დაწესებულების მოსამსახურეებს. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ესეც კი არაერთხელ გამხდარა სახალხო დამცველისა და ვენეციის კომისიის კრიტიკის საგანი.

"ვენეციის კომისია ამ საკითხს უარყოფითად გამოეხმაურა 2011 წლის მოსაზრებაში, სადაც ის აფასებდა "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებს. ვენეციის კომისია განმარტავს, რომ მართალია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე–11 მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს შეიარაღებული ძალების, პოლიციის ან სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ შეკრების თავისუფლების უფლების განხორციელებაზე "კანონიერი შეზღუდვების" დაწესების შესაძლებლობას, მიუხედავად ამისა, ეს შეზღუდვები უნდა დაწესდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და პროპორციულობის პრინციპის დაცვით. უფრო მეტიც, ვენეციის კომისიის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) ერთობლივ სახელმძღვანელო პრინციპებში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობით არ უნდა შეიზღუდოს პოლიციის ან სამხედრო პერსონალის შეკრების თავისუფლება, თუ შეზღუდვის მიზეზები პირდაპირ არ უკავშირდება მათ სამსახურებრივ მოვალეობებს და მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს აბსოლუტურად აუცილებელია პროფესიული მოვალეობის გათვალისწინებით. ამასთან, შეზღუდვა უნდა დაწესდეს მხოლოდ  მაშინ, როდესაც შეკრებაში მონაწილეობა ეჭვქვეშ აყენებს პოლიციის ან სამხედრო პერსონალის ნეიტრალურობის შენარჩუნების შესაძლებლობას საზოგადოების ყველა ჯგუფისათვის სამსახურის გაწევისას.

დისკრიმინაციის აკრძალვა OSCE/ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის სახელმძღვანელო პრინციპებიდან ერთ-ერთია. ამ პრინციპის მიხედვით, აბსოლუტური აკრძალვა არ შეიძლება დაწესდეს პოლიციისა და სამხედრო პერსონალზე მშვიდობიანი შეკრების უფლებასთან მიმართებით. სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით ყველა თანაბრად უნდა სარგებლობდეს", - აცხადებს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტი არათუ არ ხელმძღვანელობს ამ სტანდარტით, არამედ ზრდის სახელმწიფო ორგანოების ჩამონათვალს, რომლებშიც დასაქმებულ პირებზე ვრცელდება მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვა.

"მათ შორისაა, მაგალითად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურე, საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტის მოსამსახურე და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურე. ისმის კითხვა, თუ რამდენად გამართლებულია ამ პირთა წრისათვის მშვიდობიანი შეკრების უფლების აბსოლუტური აკრძალვა, იმ პირობებში, როდესაც ცალსახად არ დგინდება მათი უშუალო პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე", - აცხადებს ომბუდსმენი.

გარდა ამისა, მისივე თქმით, უკვე წლებია პრობლემაა გარკვეულ უწყებებში სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე უშუალოდ პასუხისმგებელი პირებისა და ამავე დაწესებულებაში დასაქმებული სამოქალაქო პერსონალის გამიჯვნის საკითხი.

"აღნიშნულიდან გამომდინარე, გაუმართლებლად ფართოა იმ პირთა წრე, რომელზეც ვრცელდება მშვიდობიანი შეკრების უფლების ბლანკეტური აკრძალვა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან კანონმდებლობის ჰარმონიზების პროცესში განხორციელდეს მსგავსი გამიჯვნა, რაც გამოასწორებს დღეს არსებულ ხარვეზს და დაადგენს უფლების დაცვის მაღალ სტანდარტს", - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს გაითვალისწინოს სახალხო დამცველის მოსაზრებები და ცვლილებების საკანონმდებლო განხილვის შემდგომ პროცესში აქტიური მონაწილეობის მზადყოფნას გამოთქვამს.

კომენტარები