სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

POG: ხორავას ქუჩაზე მაკრატელი ექიმს დარჩა, სხვა მსგავსი საგნის არსებობა არ დგინდება

საქართველოს პროკურატურა ხორავს ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას საქმესთან დაკავშირებული სხვადასხვა, 22 ნივთი ამოიღეს ამოიღეს. მათ შორის არის მაკრატელიც, თუმცა პროკურატურის ინფორმაციით, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადას დარჩა.

"შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა: საქმესთან დაკავშირებული სხვადასხვა ნივთები - ჯამში 22 ობიექტი. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება ბრალდებულ გ.ჯ.-ს შავტარიანი გასაშლელი დანა სისხლის ლაქებით. ხსენებულ დანაზე გამოძიების მიერ ჩატარდა ყველა საჭირო ექსპერტიზა, მათ შორის ბიოლოგიური ექსპერტიზა, რომლის შედეგადაც დანაზე აღმოჩნდა მოკლული დ.ს.-ს და ბრალდებულ გ.ჯ.-ს ბიოლოგიური მასალა (დნმ). უტყუარად დადგენილია, რომ ამ დანით ბრალდებულმა გ.ჯ-მ მოკლულ დ.ს.-ს რამოდენიმეჯერ მიაყენა ჭრილობა.

ასევე ამოღებული იქნა სამედიცინო მაკრატელი. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ეს მაკრატელი ეკუთვნოდა შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, რომელთაც დარჩათ ეს ნივთი შემთხვევის ადგილზე შესაბამისი დახმარების გაწევის შემდგომ. აღნიშნული გარემოება დადასტურდა შემთხვევის ადგილას მყოფი ექიმების ჩვენებით, რომელთა ეჭვქვეშ დაყენების არანაირი საფუძველი არ არსებობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩატარებული ყველა სხვა საგამოძიებო მოქმედებით, მათ შორის მოწმეების დაკითხვით, სხვა მაკრატლის ან მსგავსი საგნის არსებობა არ დგინდება.

ასევე შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა მოკლულების სისხლი, რომელთა განლაგებამ გამოძიებას მისცა შესაძლებლობა დაედგინა ჩადენილი მკვლელობების კონკრეტული ადგილი", - აცხადებენ უწყებაში.

გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, მკვლელობის მეორე იარაღი, ვერცხლისფერი ფიქსატორიანი დანა, თბილისში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ნანგრევებთან არსებული სამალავიდან ამოიღეს.

"ასევე გვსურს ყურადღება გავამახვილოთ გამოძიების ფარგლებში მოპოვებულ მკვლელობის მეორე იარაღზე, ბრალდებულ გ.ბ-ს დანაზე. საქმის ერთერთ მოწმესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად თბილისში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ნანგრევებთან არსებული სამალავიდან ამოღებული იქნა მოწმისთვის ბრალდებულ გ.ბ.-ს მიერ დასამალად გადაცემული, ხელსახოცში გადახვეული ვერცხლისფერი ფიქსატორიანი დანა. ხსენებულ დანაზე, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად აღმოჩნდა მოკლული ლ.დ.-სა და ბრალდებულ გ.ბ.-ს ბიოლოგიური მასალა (დნმ), ხოლო ერთჯერად ხელსახოცზე, რომელშიც დანა იყო გადახვეული, აღმოჩნდა გარდაცვლილ დ.ს.-ს ბიოლოგიური მასალა. უტყუარად დადგენილია, რომ ამ დანით ბრალდებულმა გ.ბ-მ ორივე მოკლულს რამოდენიმეჯერ მიაყენა ჭრილობა", - აღნიშნავენ პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მოპოვებულ ნივთიერ მტკიცებულებებზე დაინიშნა არაერთი ექსპერტიზა და დასკვნა გამორიცხავს როგორც მაკრატლის, ასევე მსგავსი ბლაგვი ბოლოების მქონე საგნის გამოყენებას მკვლელობის იარაღად.

"სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით გარდაცვლილ ლ.დ.-სა და დ.ს.-ს მიყენებული დაზიანებები (ჭრილობები) თავისი მორფოლოგიური სურათიდან გამომდინარე, განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის (საგნების) მოქმედებით, რომელთაც გააჩნიათ - ერთ მხარეზე ბლაგვი ყუა, ხოლო მეორე მხარეზე ლესილი პირი. აღნიშნული დასკვნა გამორიცხავს როგორც მაკრატლის, ასევე მსგავსი ბლაგვი ბოლოების მქონე საგნის გამოყენებას მკვლელობის იარაღად", - აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, 2017 წლის 1 დეკემბერს, დილით, თბილისის N51-ე საჯარო სკოლის საპირფარეშოში, მე-11 კლასის მოსწავლეებს შორის მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკება ხორავას ქუჩაზე გაგრძელდა და ჩხუბში გადაიზარდა. პროკურატირა აცხადებს, რომ ბრალდებულებმა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ და სრულად ჰქონდათ გაცნობიერებული, რომ დავით სარალიძე სკოლის მოსწავლე და არასრულწლოვანი იყო, ჯგუფურად, დანების გამოყენებით განზრახ მოკლეს იგი, ხოლო ლევან დადუნაშვილი მოკლა ერთ-ერთმა ბრალდებულმა, გ.ბ-მ.

უწყებაში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ ჩადენილი დანაშაულისათვის ბრალდებულ გ.ჯ-ს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ე" ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ და ჯგუფურად განზრახ მკვლელობას გულისხმობს, ხოლო გ.ბ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ე" და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის განზრახ მკველობას გულისმხობს, რომელიც ჩადენილია ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, არასრულწლოვანი ბრალდებულების წინასწარი გამოძიების ეტაპზე პატიმრობაში ყოფნის მაქსიმალურ ვადაში, 40 დღეში ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება. უწყებაში აცხადებენ, რომ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მოპოვებულია ნივთიერი მტკიცებულებები, დაიკითხა ასზე მეტი მოწმე, დაინიშნა და ჩატარდა არაერთი ექსპერტიზა, ჩატარდა ყველა საჭირო სხვა მოქმედება.

უწყებაში აცხადებენ, რომ დაკითხულ ას მოწმეს შორის იყვნენ უშუალოდ ინციდენტში მონაწილე მოსწავლეები. მათ შორის მოკლული ახალგაზრდების 14 კლასელი და მეგობარი. პროკურატურის ინფორმაციით, მათგან ამოძიებას ვერც ერთმა მიაწოდა ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებსაც დაპირისპირების დროს დანა ჰქონდათ ან გამოიყენეს იგი.

გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, დაიკითხა ჩხუბში მონაწილე ბრალდებულების თანმხლები 4 არასრულწლოვანი, რომლებმაც გამოძიებასთან ითანამშრომლეს და მიაწოდეს ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებსაც ინციდენტში დანა ჰქონდათ და გამოიყენეს. პროკურატურის განცხადებით, მათი აქტიური თანამშრომლობის შედეგად, შესაძლებელი გახდა ცხელ კვალზე დანაშაულის გახსნა და მკვლელობის ჩამდენი დღევანდელი საქმის ბრალდებულების მხილება.

საგამოძიებო უწყება ასევე აღნიშნავს, რომ წინასწარი გამოძიების ეტაპზე ორივე ბრალდებულმა დუმილის უფლება გამოიყენა და მათი დაკითხვა არ მომხდარა.

"მათ სასამართლოს ჩვენება მხოლოდ მათი დაკავებიდან 6 თვის შემდეგ მისცეს, არსებითი განხილვის ბოლო ეტაპზე და ამ ჩვენებების სანდოობას პროკურატურა შეაფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან მიმართებაში. ასევე დაველოდებით სასამართლოს განაჩენს, სადაც უნდა მოხდეს ამ ჩვენებების შეფასება", - აცხადებენ უწყებაში.

რაც შეეხება დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის საქმეს, პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5 პირი, აქედან 3 ერთი ოჯახიდან. უწყებაში ამბობენ, რომ დაკავებულთაგან სამს შეფარდებული აქვს პატიმრობა, ორს კი არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება. უწყებაში აღნიშნავენ, რომ შესაძლო დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა მხილების მიზნით საქმეზე გამოძიება გრძელდება.

გარდა ამისა, საგამოძიებო უწყება ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერს და განმარტავს, რომ ის საქმეში მტკიცებულებაა. პროკურატურის ინფორმაციით, ვიდეოზე დაფიქსირებული პირი ბრალდებულია დანაშაულის დაფარვისთვის.

"მედიასივრცეში გავრცელებული ვიდეოჩანაწერები წარმოადგენს ზემოხსენებულ საქმეში გამოძიების მიერ მოპოვებულ მასალას, რომელიც მტკიცებულების სახით გადაცემულია დაცვის მხარისთვის და წარდგენილია სასამართლოში, შესაბამისად სპეკულირებაა იმაზე საუბარი, რომ ხსენებულ ვიდეოჩანაწერებს მალავდა ბრალდების მხარე. ვიდეოჩანაწერებში დაფიქსირებულია პირი, რომელიც მოძრაობს ცელოფნის პარკით ხელში. გამოძიებამ დაადგინა, რომ იგი არის ლ.კ., რომელიც შეეცადა ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის მტკიცებულებების განადგურებას. გამოძიებამ აღნიშნული მტკიცებულებები მოიპოვა და დღეს ისინი სასამართლოშია წარდგენილი, ხოლო ლ.კ. სხვა 4 პირთან ერთად, ბრალდებულია დანაშაულის დაფარვისთვის", - აცხადებენ უწყებაში.

პროკურატურაში ეხმაურებიან მათი ყოფილი თანამშრომლის, მირზა სუბელიანის საკითხსაც. უწყება აცხადებს, რომ ის 2017 წლის პირველ დეკემბერს პეკინის ქუჩაზე ნამდვილად იმყოფებოდა და მისი მიზანი ვითარებაში გარვევა იყო. უწყება ხაზს უსვამს, რომ სუბელიანი კადრების დეპარტამენტში მუშაობდა და საპროკურორო საქმიანობასთან შეხება არ ჰქონია.

"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ხსენებულ მისამართზე მირზა სუბელიანის მისვლის მიზანს არსებულ ვითარებაში გარკვევა, არასრულწლოვანი შვილის ნახვა და სამართალდამცავებთან თანამშრომლობა წარმოადგენდა. მან შემთხვევიდან 3 საათში მისი არასრულწლოვანი შვილი პოლიციაში წარადგინა და როგორც კანონიერი წარმომადგენელი საგამოძიებო მოქმედებას - დაკითხვას დაესწრო. ის ასევე თავის ნათესავებს პოლიციასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებდა, რაც დადასტურებულია როგორც გამოძიების ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით. ამასთან საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მირზა სუბელიანი საქართველოს პროკურატურაში მუშაობდა კადრების დეპარტამენტში და მას არანაირი შეხება არ ჰქონია საპროკურორო საქმიანობასთან, ხოლო ინციდენტიდან მალევე მან მიმართა მთავარ პროკურორს სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით, რაც დაკმაყოფილებული იქნა საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, პროკურატურამ მოწმეთა ჩვენებების, ექსპერტიზების დასკვნების და საქმეში მოპოვებული ყველა სხვა მტკიცებულების საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ყველა იმ პირის მიმართ, რომელთა ქმედებებში შესაბამისი სტანდარტით გამოიკვეთა შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მოპოვებული მტკიცებულებები წარადგინა სასამართლოში. საგამოძიებო უწყება პირობას იძლევა, რომ "ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამ დანაშაულის ჩამდენი პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ და აღსრულდეს მართლმსაჯულება".

გარდა ამისა, პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიების მთელი პროცესის განმავლობაში დაზარალებულ მხარესთან აქტიურად კონტაქტობდნენ და მათ საქმის მასალებთან სრული წვდომა ჰქონდათ. უწყება დაზარალებულ მხარეს მთავარი პროკურორის, მთავარი პროკურატურის წარმომადგენლების, დაზარალებულების და მათი ადვოკატების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრას სთავაზობს.

"საქართველოს პროკურატურა მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას და თანამშრომლობას დაზარალებულებთან. არაერთხელ დავაფიქსირეთ მზაობა ჩაგვეტარებინა ყველა ის საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, რომელსაც დაზარალებულები მიიჩნევდნენ მნიშვნელოვნად და ეს შეთავაზება დღესაც ძალაშია. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია დაზარალებულ მხარესთან ურთიერთობა და როდესაც ვისმენთ კითხვებს გამოძიების მიმართ, ვფიქრობთ თანამშრომლობის ხარისხი კიდევ უნდა გაძლიერდეს და ჩვენ მზად ვართ ამ მიმართულებით გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები. აღნიშნულში ვგულისხმობთ სამუშაო შეხვედრების გამართვას მთავარი პროკურორის, მთავარი პროკურატურის წარმომადგენლების, დაზარალებულების და მათი ადვოკატების მონაწილეობით, რა დროსაც მოხდება მათ კითხვებზე პასუხების გაცემა, მათი წინადადებების განხილვა, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების დეტალური ანალიზი და კონკრეტული სამართლებრივი ნაბიჯების დაგეგმვა საჭიროებიდან გამომდინარე. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული კითხვები არ დარჩეს პასუხგაუცემელი და ჩვენს მიერ შემოთავაზებული თანამშრომლობის ფორმატი სწორედ ამ მიზნის მიღწევას ემსახურება.

იმედს ვიტოვებთ უახლოეს პერიოდში შედგება აღნიშნული სამუშაო შეხვედრა", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

გარდა ამისა, საგამოძიებო უწყება განცხადებაში საუბრობს საქმეზე მაღალ საზოგადოებრივ ინტერესთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ეს მათთვის განსაკუტრებით მნიშვნელოვანია.

"ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს პროკურატურა მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ღიად, კანონის ფარგლებში, ცდილობდა საზოგადოების ინფორმირებას სამართალწარმოების შესახებ, რაც ზოგადად პროკურატურის როლიდან გამომდინარე არ არის მარტივი.

აღნიშნულ საქმეზეც დღეს ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ საზოგადოების ინფორმირება კანონით დადგენილი შეზღუდვების ფარგლებში, რათა მაქსიმალურად გაეცეს იმ კითხვებს პასუხი, რომლებიც დღეს აქტუალურია. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულები არასრულწლოვნები არიან, მოქმედებს მთელი რიგი საკანონმდებლო შეზღუდვები ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით", - აცხადებენ პროკურატურაში.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ მსგავსი დანაშაულების გამოძიებასთან მიმართებაში საზოგადოების აქტიურობა და ჩართულობა "ცალსახად მისასალმებელია და მნიშვნელოვანია, ვინაიდან გამოძიებასთან თანამშრომლობა და გამოძიებისთვის ხელის შეწყობა მართლწესრიგის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზაზე წარმატების მიღწევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა".

პროკურატურაში ხაზს უსვამენ, რომ გამოძიების ფარგლებში, პირველივე დღიდან თანამშრომლობისკენ მოუწოდებდნენ ყველა იმ პირს, ვისაც აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაცია ჰქონდა.

"სამწუხაროდ საქმეზე დაკითხული ასზე მეტი მოქალაქიდან გამოძიებასთან რეალურად მხოლოდ რამდენიმე პირმა ითანამშრომლა", - აცხადებენ პროკურატურაში.

უწყება საქმის მასალების ამსახველ ვიდეოსაც აქვეყნებს:

კომენტარები