არკადი ბაბჩენკო

რუსი ჟურნალისტი, არკადი ბაბჩენკო ცოცხალია

0 კომენტარი
ფოტო: დოჟდი

რუსი ჟურნალისტი, არკადი ბაბჩენკო, რომლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა, ცოცხალია.

ამის შესახებ დღეს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ბრიფინგზე ითქვა, რომელსაც თავად ბაბჩენკოც ესწრებოდა.

უწყების ხელმძღვანელმა, ვასილი გრიცაკმა თქვა, რომ რუსმა სპეცსამსახურებმა კიევში ჟურნალისტის მკვლელობა შეუკვეთეს.

თავად ჟურნალისტის ინფორმაციით, საქმეს ორი თვის განმავლობაში იძიებდნენ, თუმცა მას ერთი თვის წინ შეატყობინეს და შეკვეთილია მისი მკვლელობა. ბაბჩენკო ამბობს, რომ დათანხმდა უკრაინის სპეცსამსახურების შემოთავაზებას და მიიღო მონაწილეობა ოპერაციაში, რომელიც მათ შორის, მისი მკვლელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასაც გულისხმობდა.

ჟურნალისტის თქმით, აჩვენეს დოკუმენტები, მათ შორის ფოტო, რომელიც მხოლოდ მის პასპორტშია.

​"ამ ფოტო მოპოვება მხოლოდ სპეცსამსახურებს შეეძლოთ, მხოლოდ საპასპორტო მაგიდიდან", - განაცხადა ბაბჩენკომ.

ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ მისი მკვლელობის დაკვეთასთან კავშირშია რუსეთის სპეცსამსახურები.

"მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ. ვერ ეღირსებიან", - ასე დაასრულა სიტყვით გამოსვლა ჟურნალისტმა.

გავრცელებული ინფორმაციით, დააკავეს პირები, ვისაც არკადი ბაბჩენკოს მკვლელობის მომზადება ედება ბრალად.

ინფორმაცია არკადი ბაბჩენკოს მკვლელობის შესახებ გუშინ, 29 მაისს გავრცელდა. უკრაინული მედია წერდა, რომ მას საკუთარ სახლში ესროლეს და საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.

განცხადება გაავრცელა უკრაინის პრემიერმინისტრმა და ჟურნალისტის "მკვლელობაში" რუსეთი დაადანაშაულა.

არკადი ბაბჩენკო რუსეთში რამდენიმე გამოცემაში მუშაობდა. იგი ხშირად აკრიტიკებდა ვლადიმირ პუტინის პოლიტიკას უკრაინასა და საქართველოში. ხშირი კრიტიკის გამო ის მუქარის წერილებს იღებდა, რის შედეგადაც, 2017 წელს მან რუსეთი დატოვა და კიევში გადავიდა საცხოვრებლად.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები