ინგა გრიგოლია

გრიგოლია: პროკურატურამ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მომთხოვა, ჰიჩკოკის II სერია დაიწყო

ინგა გრიგოლია

ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ინფორმაციით, მის მიმართ მუქარის საქმეზე პროკურატურამ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა. გრიგოლია Facebook-ში წერს, რომ ფსიქიატრიული ექსპერტიზის განყოფილებაში მას ღია პალატებში აყურებინებდნენ პაციენტებს, შემდეგ კი, ფსიქოლოგმა და ფსიქიატრმა ექსპერტიზა ჩაუტარეს - მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის დასადგენად. მისი თქმით, "მალე სანანებელი გამიხდება", რომ სახელმწიფოს სთხოვა დაცვა.

"ერთი კვირის წინ პროკურატურამ მამცნო, რომ უნდა ჩამეტარებინა (მე) ექსპერტიზა, იმის დასადგენად, რა სტრესს განვიცდიდი ამ მანიაკის მუქარების და აკიდების გამო. მითხრეს, რომ ეს არის აუცილებელი, რადგან აკიდებაზე კანონი ითხოვს იმის დადასტურებას, რა მძიმედ ისახება ძალადობის კვალი ქალებზე. მითხრეს, რომ ეს იყო ჩვეულებრივი გასაუბრება ფსიქოლოგთან, რომელიც ჩემი სტრესის ხარისხს დაადგენდა. ცხადია, როგორც კანონმორჩილი ადამიანი, დავთანხმდი.

დღეს მქონდა ექსპერტიზა დანიშნული. წავედი ადვოკატთან ერთად და აქედან დაიწყო ჰიჩკოკის მეორე სერია. აღმოვჩნდი არა ჩვეულებრივ სამედიცინო დაწესებულებაში, არამედ გისოსებიან შენობაში, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში, ჩვეულებრივი საპატიმროა რა... გისოსებით, დაცვებით და ასე შემდეგ. კი გამიკვირდა, მაგრამ შევედი. ამიყვანეს რაღაც სართულზე და მოიცადეო. დავჯექი დერეფანში და უეცრად აღმოვაჩინე, რომ ვზივარ და ჩემს თვალწინ ხდება საოცრება - გაღებულია პალატის კარები (რკინის კარები, როგორიც ციხის საკნებს აქვს), კარს მიღმა ვხედავ, როგორ წვანან პაციენტები. ერთი გოგო დამამახსოვრდა, მოკუნტული, ადიელამიფარებული, იქით კიდევ სხვა...

გამოვშტერდი, რადგან დამსვეს ამ გაღებული პალატების კარებებთან და იძულებით ვუყურებდი ამ საშინელ სურათს. უცებ ჩამოვიშალე, ვერ მივხვდი, რატომ დამსვეს იქ და რატომ მაყურებინეს - როგორ წვანან პაციენტები... ადამიანის უფლებების რომელი მუხლი ითვალისწინებს, ძალადობით დასტრესილ ქალს აყურებინო ღია პალატებში, სადაც ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის პაციენტები წვანან, ვერ ვხვდები... როცა გავაპროტესტე, მითხრა ვიღაც ასაკოვანმა ფსიქოლოგმა ქალმა, საშიშები არ არიანო, მანიაკები ზედა სართულებზე გვყვანანო ( მოწმეა ჩემი ადვოკატი, რომ რასაც ვყვები, არ ვაზვიადებ)...

საშინლად გავაპროტესტე, მითხრა,ჩვენი ბრალი არაა, ამ სურათს რომ უყურეთ, იმიტომ რომ ოთახები არ გვყოფნისო (!!!!!!!!!!!!!!!), ზუსტად იცოდნენ, რომ ხუთ საათზე ვიყავი დაბარებული ექსპერტიზაზე და ძალიან მიჭირს დავიჯერო, რომ საგანგებო დამთხვევა არ იყო ეს პალატების გაღებული კარები, სადაც ეს პაციენტები წვანან...

გამიჩნდა განცდა, რომ რაღაც ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდი... ნუ, ეს განცდა ამეკიდა და ვეღარ მოვიშორე... ამის მერე შემიყვანეს ოთხაში, სადაც მხვდება ოთხი ადამიანი და მეუბნებიან, რომ ექსპერტიზა უნდა ჩამიტარონ სათითაოდ ფსიქოლოგმა, ფსიქიატრმა და თერაპევტმა, რათა დაადგინონ,ფსიქოლოგიური მდგომარეობა როგორი მაქვს (ანუ ჯანმრთელი ფსიქიკის ვარ თუ არა)... გავაპროტესტე და ვიკითხე, რის ექსპერტიზას მიტარებდნენ და რას ადგენდნენ!!!

მეორე განცდა, რაც ამეკიდა ის იყო, რომ მე მიკვლევდნენ იმ დანაშაულზე, რომელსაც ის მანიაკი კაცი სჩადიოდა ჩემი მისამართით... გავაპროტესტე. მითხრეს, ჩვენ არაფერ შუაში ვართ, პროკურატურის მომართვაა თუ მოთხოვნაო (კარგად აღარ მახსოვს), მერე ჩემივე ადვოკატთან ერთად აღმოვჩნდი ვიღაც ფსიქოლოგ ქალთან, რომელმაც დამიწყო დაკითხვა, ბავშვობიდან დღემდე რაიმე დამაწყნარებელ მედიკამენტებს ვიღებდი თუ არა. ეგ რა შუაშია მომხდარ დანაშაულთან თქო, რომ ვიკითხე, პასუხი იგივე იყო - ჩემს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ამოწმებენ პროკურატურის მოთხოვნით.

ჩამიტარა რაღაც ტესტი ფერებით და გამომიცხადა, ამ ტესტის მიხედვით, თქვენ ხშირად გაქვთ ილუზორულ სამყაროში გადასვლის მცდელობაო თუ რაღაც ასეთი!!!

ჩემი მესამე განცდა ის იყო, რომ ამ ტესტით ქალმა მითხრა - ხშირად მაქვს ილუზიებისკენ სწრაფვა და ეს რასაც ნიშნავს, კი მიხვდებით. ძალადობაზე აღძრულ დანაშაულზე კი არ მელაპარაკებიან, იმას არკვევენ, ნორმალური ვარ თუ არა - მე ასე გავიგე ეს ამბავი. ან ხომ არ ვიგონებ ალბათ რამეს (გამოძიებას ხელთ აქვს მუქარაც, მესიჯებიც, რომელიც წლების განმავლობაში იგზავნებოდა ჩემთან, ფაქტებიც, მაგრამ მაინც მე მიტარებდნენ ექსპერტიზას...

მერე რაც მოხდა, აქ აღარ მოვყვები. ასე იცავენ თურმე ძალადობის მსხვერპლ ქალებს. ძალიან მოკლედ და ძალიან ლაითად დავწერე დღევანდელი ამბავი. გაცილებით მძიმე იყო სიტუაცია. მალე სანანებელი გამიხდება, რომ საერთოდ ხმა ამოვიღე და სახელმწიფოს ვთხოვე დაცვა" - წერს გრიგოლია.

მისივე თქმით, უკვე მიმართა შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპატამენტის უფროსს ლონდა თოლორაიას.

"იმის მაგივრად, დასტრესილი ქალების მდგომარეობაზე ფიქრობდნენ, მსხვერპლ ქალებს თურმე პაციენტების პალატების რკინის კარებს უღებენ და აყურებინებენ საწოლზე საცოდავად დაწოლილ ქალს, მერე კი უმტკიცებენ, რომ თურმე ფსიქიატრის ექსპერტიზაა საჭირო - დაამტკიცო, მართლა ხარ ძალადობის მსხვერპლი თუ არა. მერე რა, რომ მტკიცებულებები სახეზეა, მაინც უნდა ამტკიცო თურმე, რომ არ იგონებ.

დღეს პირველად დავწერ, რასაც შემდეგ ფრაზაში წაიკითხავთ - თუ ვინმე ფიქრობს, რომ ფსიქოლოგიურ ზეწოლას მოახდენს ჩემზე და უარეს სტრესს დამმართებს, ვერ ეღირსებით!!!!!!!!! არ ვარ ასე ადვილად დასათრგუნი... იმის ნაცვლად, რომ ქალები ძალადობისგან დაიცვან, მსხვერპლს ასეთ სიტუაციაში იკვლევენ. მოკლედ, უარი ვთქვი ექსპერტიზის გაგრძელებაზე, ცხადია. წამოვედი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ლონდა თოლორაიას დავურეკე და მოვუყევი. მას დიდ პატივს ვცემ და იმედია, გაარკვევს, რა ცირკი დამიდგეს დღეს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში. იმედია, ბოლოს მე არ გამომაცხადებენ დამნაშავედ. საოცრებათა სამყაროში ვცხოვრობ. ველი შესაბამისი სტუქტურების რეაქციას! ჩემთვის კი თავში, უკვე ძალიან ცუდი ეჭვები გამიჩნდა ამ საქმესთან დაკავშირებით, რაც წლებია გრძელდება ჩემს თავს. P.s-ვშიშობ, ბოლოს საკუთარი თავის დაცვა თავად არ მომიხდეს" - წერს გრიგოლია და აღნიშნავს, რომ მისი მონაყოლის მოწმეა ადვოკატი სალომე ჯანუაშვილი.

ინგა გრიგოლიამ 20 მაისს ფეისბუქზე დაწერა, რომ წლებია, მუქარის, შანტაჟის და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია, რის გამოც აპირებს შეიარაღებულმა იაროს. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებას მრავალი წელია უშედეგოდ სთხოვს. ამის შემდეგ, შსს-მ გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო და ინგა გრიგოლია გამოკითხა. 21 მაისს კი, მასზე მუქარაში ბრალდებული დააკავეს. ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას მიმართ მუქარასა და ადევნებაში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

 

კომენტარები