მკვლელობა ხორავას ქუჩაზე

გამოძიება, კომისია, ახალი პროკურორი - რისი თქმა სურდა აქციაზე პრემიერს

0 კომენტარი

მას შემდეგ, რაც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მისულ პრემიერს პროტესტის მონაწილეებმა ბოთლები დაუშინეს და სიტყვა არ მისცეს, კვირიკაშვილმა ბრიფინგი კანცელარიაში გამართა.

მან თქვა, რომ აქციაზე ხელი პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მცირე ჯგუფმა შეუშალა და მას შემდეგი განცხადების გაკეთება სურდა:

1. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებას პროკურატურისგან შსს იბრუნებს:

"ხვალ დილიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიბრუნებს საქმეს პროკურატურისგან გამოძიებაში და გამოძიების პროცესს უხელმძღვანელებს, წაიყვანს ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია. რა თქმა უნდა, მე ყველა ნაბიჯში ვიქნები ჩართული და მთლიანად პროცესს გავაკონტროლებ".

2.საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის უმრავლესობაში საპარლამენტო ოპოზიცია იქნება:

"დღეს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. უმოკლეს ვადაში, რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება პარლამენტი, დაამტკიცებს კომისიის შემადგენლობას, სადაც რამდენადაც მე ვიცი, შესაძლებელია და ამ შემთხვევაში კარგიც იქნება, რომ უმრავლესობის სახით წარმოდგენილი იყოს უმცირესობა. კომისია მუშაობას დაიწყებს იმ უმოკლეს პერიოდში, რაც ტექნიკურად იქნება შესაძლებელი".

3. პრემიერი ირმწუნება, რომ ახალი მთავარი პროკურორის კანდიდატურა ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსით შეირჩევა:

"ირაკლი შოთაძემ დღეს გადადგა ღირსეული ნაბიჯი და ერთი წამით არ დააყენა ეჭვქვეშ პროკურატურის რეპუტაცია. ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი. მე მოვუწოდებ და უკვე მივეცი დავალება იუსტიციის მინისტრს, რომ მაქსიმალური ჩართულობით, საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ფენების ლეგიტიმაციით შეირჩეს ახალი მთავარი პროკურორი, პროცესში უნდა იყოს ჩართული პარლამენტის ყველა ფრაქცია, სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი, მთლიანად საზოგადოება, რომ არც ერთი მისხალი ეჭვი მთავარი პროკურორის პიროვნულ რეპუტაციასა და პროფესიონალურ მახასიათებლებზე არ არსებობდეს. ეს პროცესი დასრულდება კანონით გათვალისწინებული ვადების მაქსიმალურად ეფექტური გამოყენებით. ამ ნაბიჯით ჩვენ საზოგადოების მოთხოვნას გავცემთ პასუხს".

კვირიკაშვილმა ასევე თქვა, რომ მოკლულების ოჯახის წევრებს "გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე, ყოველდღიურად, რა ხარისხითაც ისინი მოითხოვენ ინფორმაციის მიღებას და ჩართვას პროცესში, იმ ხარისხით მიიღებენ ინფორმაციას და იქნებიან მაქსიმალურად ჩართულნი, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმართულ პროცესში, ასევე, საგამოძიებო კომისიის მუშაობაში და ეს კომუნიკაცია იქნება მაქსიმალური".

კვირიკაშვილის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ის დაუფიქრებლად დათმობდა თანამდებობას, მაგრამ "ეს მომენტი არ დამდგარა".

რუსთაველის გამზირზე კვლავ მიმდინარეობს აქცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები