კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ

მეხანძრეები, რამდენიმე სამინისტროს თანამშრომლები - ვის შეიძლება აეკრძალოს აქციებში მონაწილეობა

ხატია ღოღობერიძე
0 კომენტარი

იმ ადამიანების ჩამონათვალი, ვისაც აქციებზე გამოსვლა ეკრძალება, შესაძლოა, გაიზარდოს. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების ავტორები და ინიციატორები "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან.

სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, მერაბ ქვარაია, დავით მათიკაშვილი, სავალან მირზოევი, ვანო ზარდიაშვილი, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, დიმიტრი მხეიძე, ირაკლი ბერაია, ლევან ბეჟანიძე მიიჩნევენ, რომ წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ შეკრების უფლება არ უნდა ჰქონდეთ:

  • პროკურატურის მუშაკებს;
  • შსს-ს მოსამსახურეებს;
  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს;
  • იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს;
  • საქართველოს თავდაცვის ძალების მოსამსახურეებს;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეებს;
  • დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებს;
  • სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს;
  • სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეებს;
  • სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებს;
  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეებს;
  • გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტის მოსამსახურეებს.

რა წერია კანონპროექტში

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ცვლილებების მიზეზად კანონმდებლობის ახალ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა სახელდება.

დღეს მოქმედი კონსტიტუციით წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ შეკრების უფლება აქვს ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში.

ახალ კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი შეიცვალა და ჩაიწერა, რომ მშვიდობიანი მანიფესტაცია ეკრძალება "თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს მოსამსახურეს". სწორედ ამ ტერმინს განმარტავს შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები და მათ შორის მოიაზრებს უკვე ჩამოთვლილ პირებს, მათ შორის მეხანძრეს, იუსტიციის ან ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელს და ა.შ.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტს გავლენა ექნება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, კერძოდ "კანონით დადგენილი აკრძალვის შემთხვევაში, მითითებულ თანამდებობებზე დასაქმებული პირების მიმართ დადგება დისციპლინური პასუხისმგებლობა, მათ შორის, სამსახურიდან გათავისუფლებაც. ამ პირების სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, საჯარო დაწესებულებას არ მოუწევს მათზე ხელფასის გაცემა, ხოლო ეს პირები ვერ მიიღებენ შესაბამის ანაზღაურებას და შესაბამისად, არ მოუწევთ საშემოსავლო გადასახადის გადახდა. ამდენად, ამ პირთა ნაწილში სახელმწიფო ბიუჯეტში აღარ გადაიხდება საშემოსავლო გადასახადი".

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, ამ შემთხვევაში, განმარტებით ბარათში მხოლოდ ის არის აღნიშნული, რომ "ამ პირების სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, საჯარო დაწესებულებას არ მოუწევს მათზე ხელფასის გაცემა. შესაბამისად, ამ პირის ნაცვლად ამ თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნამდე, საჯარო დაწესებულებებს არ მოუწევთ თანამდებობრივი სარგოს გადახდა".

განმარტებით ბარათში აღწერილია კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: "კანონით დადგენილი აკრძალვის შემთხვევაში, მითითებულ თანამდებობებზე დასაქმებული პირების მიმართ დადგება დისციპლინური პასუხისმგებლობა, მათ შორის, სამსახურიდან გათავისუფლებაც. ამ პირების სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, საჯარო დაწესებულებას არ მოუწევს მათზე ხელფასის გაცემა, ხოლო ეს პირები ვერ მიიღებენ შესაბამის ანაზღაურებას და შესაბამისად, არ მოუწევთ საშემოსავლო გადასახადის გადახდა".

კანონპროექტის შეფასება

დაგეგმილ ცვლილებებს აკრიტიკებს საქართველოს სახალხო დამცველი. მისი განცხადებით, იმ პირთა წრის გაფართოება, რომლებსაც მანიფესტაცია ეკრძალებათ, უფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტს აუარესებს და ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო პრინციპებს ეწინააღმდეგება.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ დღეს მოქმედი კანონიც კი, რომელიც მანიფესტაციას მხოლოდ სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში მყოფ პირებს უკრძალავს, არაერთხელ გამხდარა სახალხო დამცველისა და ვენეციის კომისიის კრიტიკის საგანი.

"ვენეციის კომისია განმარტავს, რომ [...] ეს შეზღუდვები უნდა დაწესდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და პროპორციულობის პრინციპის დაცვით. უფრო მეტიც, ვენეციის კომისიის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) ერთობლივ სახელმძღვანელო პრინციპებში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობით არ უნდა შეიზღუდოს პოლიციის ან სამხედრო პერსონალის შეკრების თავისუფლება, თუ შეზღუდვის მიზეზები პირდაპირ არ უკავშირდება მათ სამსახურებრივ მოვალეობებს და მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს აბსოლუტურად აუცილებელია პროფესიული მოვალეობის გათვალისწინებით. ამასთან, შეზღუდვა უნდა დაწესდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც შეკრებაში მონაწილეობა ეჭვქვეშ აყენებს პოლიციის ან სამხედრო პერსონალის ნეიტრალურობის შენარჩუნების შესაძლებლობას საზოგადოების ყველა ჯგუფისათვის სამსახურის გაწევისას.

დისკრიმინაციის აკრძალვა OSCE/ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის სახელმძღვანელო პრინციპებიდან ერთ-ერთია. ამ პრინციპის მიხედვით, აბსოლუტური აკრძალვა არ შეიძლება დაწესდეს პოლიციისა და სამხედრო პერსონალზე მშვიდობიანი შეკრების უფლებასთან მიმართებით. სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით ყველა თანაბრად უნდა სარგებლობდეს", - აცხადებს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენის აპარატის აზრით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საკითხი, თუ რამდენად გამართლებულია ამ პირთა წრისათვის მშვიდობიანი შეკრების უფლების აბსოლუტური აკრძალვა, იმ პირობებში, როდესაც მათი უშუალო პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე ცალსახად არ დგინდება.

გარდა ამისა, სახალხო დამცველის განცხადებით, უკვე წლებია პრობლემაა გარკვეულ უწყებებში სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე უშუალოდ პასუხისმგებელი პირებისა და ამავე დაწესებულებაში დასაქმებული სამოქალაქო პერსონალის გამიჯვნის საკითხი.

"აღნიშნულიდან გამომდინარე, გაუმართლებლად ფართოა იმ პირთა წრე, რომელზეც ვრცელდება მშვიდობიანი შეკრების უფლების ბლანკეტური აკრძალვა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან კანონმდებლობის ჰარმონიზების პროცესში განხორციელდეს მსგავსი გამიჯვნა, რაც გამოასწორებს დღეს არსებულ ხარვეზს და დაადგენს უფლების დაცვის მაღალ სტანდარტს", - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს გაითვალისწინოს სახალხო დამცველის მოსაზრებები და ცვლილებების საკანონმდებლო განხილვის შემდგომ პროცესში აქტიური მონაწილეობის მზადყოფნას გამოთქვამს.

სახალხო დამცველის მოსაზრებებს იზიარებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე, იურიდიული და ადამიანის უფლებათა კომიტეტების თავმჯდომარეებს უკვე შეხვდნენ. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი, გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ შენიშვნებს "ქართული ოცნებაც" ეთანხმება და არასამთავრობო ორგანიზაციებს სთავაზობს, მათ დაწერონ ჩამონათვალი იმ ფორმულირებით, რომელსაც ეთანხმებიან.

"ჩვენი და პარლამენტის მიზანი დაემთხვა ერთმანეთს, უბრალოდ კანონპროექტის ფორმულირება არ გამოხატავს ამ მიზანს. გაგრძელდება ერთობლივი მუშაობა, შევთავაზებთ ჩვენს წინადადებას", - აცხადებს მშვენიერაძე.

GDI-ის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ მართალია კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია აქციებში მონაწილეობას მხოლოდ შსს-სა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს უკრძალავს, თუმცა აქ არ იგულისხმება მხოლოდ ეს სამსახურები. გიორგი მშვენიერაძის თქმით, შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობა ეკრძალებათ იმ პირებსაც, რომლებიც მსგავსი ფუნქციის მატარებლები არიან. იურისტს ამის მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოჰყავს, რომელმაც თქვა, რომ აქციაში მონაწილეობა ფინანსური პოლიციის თანამშრომლებსაც ეკრძალებათ.

"კონსტიტუციის ახალ რედაქციაშიც სწორედ ეს ჩაიწერა, ხაზი გაესვა იმ ადამიანების ფუნქციონირებას, რომლებიც ჩართულები არიან სახელმწიფო უშიშროების, უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის, ასევე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში. ამიტომ მოსაძებნია სწორი ფორმულირება, ვინ არიან ეს ადამიანები. მაგალითად, შსს-ს თანამშრომელს, რომელიც საერთოდ არ ასრულებს საპოლიციო ფუნქციებს და არის ბუღალტერი, უნდა ჰქონდეს შეკრება-მანიფესტაციაში მონაწილეობის უფლება, როცა შეიძლება ფინანსური პოლიციის გამომძიებელს არ ჰქონდეს, რადგან მისი ფუნქცია არის განსხვავებული", - ამბობს გიორგი მშვენიერაძე.

მისივე თქმით, მთავარია არა ინსტიტუტი, რომელსაც პირი წარმოადგენს, არამედ ამ პირის ფუნქციურობა - რას საქმიანობს, რა თანამდებობრივი წოდება აქვს, აქვს თუ არა იარაღის ტარების უფლება და ა.შ.

"შეზღუდვა უნდა იყოს მიბმული იმაზე, რა საქმიანობას ახორციელებს პირი. ანუ შსს-ს ყველა თანამშრომელს კი არ შეეზღუდოს აქციებში მონაწილეობა, არამედ მათ, ვისი ფუნქციებიც ისეთია, რომ მათი აქციებში მონაწილეობა არ იქნება გამართლებული. ეს ეხება პოლიტიკურ ნეიტრალობასაც", - აცხადებს მშვენიერაძე.

იურისტი ასევე განმარტავს კონკრეტული პროფესიების წარმომადგენლებისთვის აქციაზე გამოსვლის აკრძალვის მნიშვნელობას.

"შეკრება-მანიფესტაცია არის გამოხატვის სპეციალური ფორმა, რომელსაც თან ახლავს გარკვეული რისკები. მის არასწორ განხორციელებას შესაძლოა სახელმწიფომ დაუპირისპიროს ლეგიტიმური ძალა. ეს ძალა პირველ რიგში არის პოლიცია. მაგალითად, თუკი აქცია გავიდა კონსტიტუციური ფარგლებიდან, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება, გამოიყენოს პროპორციული ძალა შეკრება-მანიფესტაციის აღსაკვეთად, რომელიც არის უკანონო. თუკი პოლიცია ატარებს აქციას, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - რამდენად შეძლებს სახელმწიფო დაიცვას დემოკრატიული რეჟიმი, სახელმწიფო უსაფრთხოება, საზოგადოებრივი წესრიგი თავად შესაძლო სამართალდამრღვევი პოლიციელებისგან. ამიტომაც, კონსტიტუცია გარკვეულ პირებს უზღუდავს მანიფესტაციის უფლებას, ესენი არიან ის პირები, რომლებიც შესაძლებელია სახელმწიფოს საკუთარი ინტერესების დასაცავად სჭირდებოდეს. ეს ინტერესები არის საზოგადოებრივი წესრიგი, სახელმწიფო უშიშროება, სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის საკითხი და ა.შ.", - ამბობს გიორგი მშვენიერაძე.

იურისტი გიორგი ჩიტიძე კი მიიჩნევს, რომ იმ ადამიანებს, ვისაც აქციაზე გამოსვლა ეზღუდება, სასურველია ამის უფლება არასამუშაო საათებში ჰქონდეთ. მისი აზრით, ეს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ იქნება.

"ახალ კანონპროექტში ჩამოთვლილი თანამდებობების ნაწილი არ შეესაბამება როგორც მოქმედ, ასევე ახალ კონსტიტუციას. გარდა ამისა, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ კონსტიტუციაში ჩამოთვლილი პროფესიის ადამიანებს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება ყოველთვის არ შეეზღუდოს - ანუ, თუ შვებულებაშია ან სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებს, შეკრების უფლება ჰქონდეს. დაგეგმილი ცვლილებებით, უფრო მეტი ადამიანი მოექცა იმ პირთა წრეში, ვისაც მანიფესტაცია ეკრძალება. მიმაჩნია, რომ ეს არ იქნება პროპორციული შეზღუდვა, რადგან არანაირი ინტერესი არ არის, რომ მაგალითად, მეხანძრე არ დადგეს არასამუშაო საათებში აქციაზე. ეს კონსტიტუციასთან პრობლემური იქნება ყველა ვარიანტში, მიუხედავად იმისა, რომ ახალ კონსტიტუციაში დამატებითი ცნებები შემოდის. იმდენად ფართოა ეს პირთა წრე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში დავის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, სასამართლო მთელი რიგი თანამდებობის მიმართ ამ რეგულაციას გააუქმებს", - ამბობს ჩიტიძე.

როდის და რა ფორმით მიიღებს ცვლილებებს პარლამენტი და ზუსტად ვის აეკრძალება შეკრება-მანიფესტაციებში მონაწილეობა, ამ დროისთვის უცნობია.

კანონი, საქართველოს ახალ კონსტიტუციასთან ერთად, ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე უნდა ამოქმედდეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს პირველი ოქროს მედალი გურამ თუშიშვილმა მოუტანა (video)

კომენტარები