ევროპული საქართველო

ევროპული საქართველო მთავარ პროკურორად შალვა შავგულიძის კანდიდატურას აყენებს

ტაბულა

ევროპულმა საქართველომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შალვა შავგულიძის კანდიდატურა წამოაყენა და საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საქართველოს პრეზიდენტს და პოლიტიკურ პარტიებს ამ საკითხზე კონსულტაციის დაწყებას სთავაზობს.

"შალვა შავგულიძე არასდროს არ ყოფილა ჩვენი პოლიტიკური მოკავშირე. ჩვენ ვიყავით ყოველთვის სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკებში. მახსოვს, როდესაც ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში, შალვა შავგულიძე იყო სანდრო გირგვლიანის ადვოკატი. მაშინ მან დაამტკიცა და აჩვენა, რომ ის არის ღირსეული, რომელსაც შეუძლია და არ ეშინია სისტემის წინააღმდეგ წასვლა." განაცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით "საზოგადოებამ გუშინ იხილა, რომ ქართული ოცნების ოფისში დაიწყო დახურული კონსულტაციები ახალი მთავარი პროკურორის შესარჩევად. ეს არის ხელისუფლების და ქართული ოცნების პასუხი იმ ათობით ათასი ადამიანისთვის, რომელიც თბილისის ქუჩებში უსამართლობას აპროტესტებს და ითხოვს სისტემის დანგრევას. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ჭკუა ვერ ისწავლა და აპირებს ახალი პროკურორის დასახელებას ზუსტად იმავე სისტემის ფარგლებში, რომლის დანგრევასაც ითხოვს ხალხი."

"რა თქმა უნდა ჩვენი ვალდებულებაა, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის, არ დავუშვათ პროცესის ამ მიმართულებით წასვლა. ამიტომ, ერთის მხრივ, ჩვენ სრულად ვიზიარებთ ყველა იმ მოთხოვნას, რომელსაც აჟღერებს ზაზა სარალიძე და ჩვენი საზოგადოება მიტინგზე და ამ მოთხოვნების მიმართ სრულიად სოლიდარული ვართ, მაგრამ როგორც საპარლამენტო ოპოზიცია, რომელსაც გააჩნია დამატებითი პასუხისმგებლობა, გამოვდივართ დამატებითი ნაბიჯებით, რომელიც, საზოგადოებასთან ერთად საშუალებას მოგვცემს დავანგრიოთ ეს სისტემა და შევცვალოთ ის ვითარება, როდესაც გადაწყვეტილებები მიიღება დახურულ კარს მიღმა." განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ 31 მაისს ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ახალი მთავარი პროკურორის კანდიდატურა ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსით შეირჩეოდა და პროცესში ჩართული იქნებოდა პარლამენტის ყველა ფრაქცია, სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი.

კომენტარები