პრემიერი მზადაა ხორავას ქუჩაზე მოკლულების მშობლებს, პოლიტიკოსების გარეშე შეხვდეს

გიორგი კვირიკაშვილი
ქართული ოცნება

"პრემიერმინისტრი მზად არის, მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მონაწილეობის გარეშე, პირადად შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს." - განუცხადეს ტაბულას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში. 

"გიორგი კვირიკაშვილი პირველსავე დღეს მივიდა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, რის შემდეგაც განაცხადა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც ხელისუფლება საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხის გასაცემად გადადგამდა. ამასთან, 1 ივნისს, მთავრობის მეთაური, შინაგან საქმეთა მინისტრსა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად, შეხვდა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, რომლისგანაც მოისმინა დამატებითი ინფორმაცია ორი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე არსებულ კითხვებთან დაკავშირებით. გუშინ კი, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერმა დეტალურად ისაუბრა ხელისუფლების მიერ დაწყებული პროცესის შესახებ. ამ ეტაპზე აუცილებელია არსებული ინსტიტუციური ფორმატების მაქსიმალურად გამოყენება და მათი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ამასთან, პრემიერ-მინისტრი მზად არის, მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მონაწილეობის გარეშე, პირადად შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს; მათი სურვილის შემთხვევაში - სახალხო დამცველთან ერთადაც." - წერია პრესსამსახურის განცხადებაში.

პრემიერმინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ რადიკალურად განწყობილ ჯგუფებს ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა სურთ. მისი თქმით, მთავრობა იზრუნებს, რომ ყველა კითხცაზე იყოს პასუხი გაცემული და ქვეყანაში შენარჩუნდეს სტაბილურობა. 

კომენტარები