მოწმის მოსყიდვის ბრალდების საქმეზე მერაბ მორჩაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

newstory.ge
თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, მოწმის მოსყიდვის ბრალდების საქმეზე მერაბ მორჩაძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ განცხადებას საქალაქო სასამრთლო ავრცელებს. მორჩაძეს ბრალად ედება მიწოდებული ინფორმაციის შეცვლისთვის მოწმის მოსყიდვა ქონებრივი სარგებლის შეთავაზებით.
 
"საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე, ერთ-ერთ მოწმესთან სახლში მივიდა, გაეცნო როგორც ნათესავი და მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გ.ჯ.-ს მამის მეგობარი. მ.მ მას გადასცა თანხა 200 ლარის ოდენობით და პერიოდულად თანხის გადაცემის მიზნით უკავშირდებოდა მოწმეს. მკვლელობის საქმეზე არსებითი განხილვის დაწყების შემდეგ ბრალდებული მ.მ კვლავ ეწვია მოწმეს სახლში და ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ მკვლელობაში ბრალდებულის სასარგებლოდ ჩვენების შეცვლა შესთავაზა(ურჩია). აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულის მიერ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ჩადენილი ქმედების სპეციფიკა, მიზანი, ის გარემოება, რომ სავარაუდო დანაშაული მიმართულია მტკიცებულებათა მოპოვების საპროცესო წესის წინააღდეგ, რაც ბრალდებულისა და საქმეზე დაკითხული ძირითადი მოწმეების ურთიერთობის, ასევე ბრალდებულის სავარაუდო ქმედებების გათვალისწინებით, ქმნის მაღალ რისკებს ანალოგიური მეთოდებით დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებთან მიმართებაში." - წერია საქალქოს განცხადებაში.
 
მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 30 ივლისს 12 საათზე გაიმართება.
 
მერაბ მორჩაძე 8 ივნისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულმა მერაბ მორჩაძემ მოწმე მიხეილ კალანდიას სასურველი ჩვენების სანაცვლოდ ფული გადასცა, რათა კალანდიას ჩვენება შეეცვალა და ბრალდებული გ.ჯ. დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ არ ეცნოთ.

კომენტარები