#1000წერილითეას

#1000წერილითეას - წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით სამინისტროში წერილებს გზავნიან

#1000წერილითეას - მოქალაქეები თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროში წერილებს გზავნიან, გაგზავნის დასადასტურებლად კი ქვითარს ფეისბუქზე დებენ. გაგზავნა ყველას შეუძლია. 

წერილის ტექსტში ის არგუმენტებია ჩამოყალიბებული, რომელთა გამოც, მათი აზრით, წულუკიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს. 

"ქალბატონო მინისტრო,

მე, საქართველოს რიგითი მოქალაქე, მივიჩნევ, რომ:

  • თქვენ პირადად ხართ პასუხისმგებელი სამართალდამცავ სისტემაში განუხორციელებელ რეფორმებზე, რომლებსაც წლებია მოითხოვს საზოგადოება და რომლებსაც უნდა მოჰყოლოდა პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძირეული ინსტიტუციური გარდაქმნა და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა. სწორედ ამ რეფორმების განუხორციელებლობის სავალალო და ტრაგიკულმა შედეგებმა გამოიწვია ათასობით მოქალაქის ქუჩაში გამოსვლა. არსებული სისტემური პრობლემების საუკეთესო ილუსტრაციად ზაზა სარალიძის ტრაგედია იქცა, რომლის შვილის მკვლელი სწორედ ამ სისტემამ არ გამოავლინა. ეს სისტემა შვილმკვდარ მამას საკუთარი შვილის მკვლელობის საქმის მასალების ასლის მოპოვების უფლებასაც კი არ აძლევს და თქვენ ამ სისტემის რეფორმირებას წლებია გაურბიხართ;
  • თქვენ პირადად ხართ პასუხისმგებელი მართლმსაჯულების სიტემაში განუხორციელებელ რეფორმაზე, რომლის შედეგად სასამართლო სისტემაში მივიღეთ კლანური მმართველობა, ხოლო სასამართლოსადმი ნდობა დღითიდღე იკლებს; თქვენ მიერ ჩატარებული ე.წ. სამი ტალღის რეფორმები სასამართლო ხელისუფლებაში არსებული ძირეული პრობლემების მხოლოდ შენიღბვის საშუალება აღმოჩნდა, რომელიც პირველივე მნიშვნელოვანი საქმეების განხილვისთანავე ჩამოირეცხა და ხელში კვლავ მურუსიძის და ჩინჩალაძის მიერ დაბეჩავებული თემიდა შეგვრჩა.
  • თქვენ პირადად ხართ პასუხისმგებელი სხვადასხვა დროს კბილაშვილის, ფარცხალაძის, ბადაშვილისა და შოთაძის მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნაზე და პოლიტიკურად პასუხისმგებელი მათ უვარგის საქმიანობაზე.
  • თქვენ პირადად ხართ პასუხისმგებელი თანამშრომლების უკანონო გათავისუფლებაზე, მათ აღსადგენად სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობასა და უპატივცემულობაზე;
  • თქვენ პირადად ხართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელობდა თანამშრომლებზე სექსუალურად მოძალადე პაპუნა უგრეხელიძე. თქვენ იცოდით ამ ძალადობის შესახებ, მაგრამ სანამ მწვავე საზოგადოებრივი რეაქცია არ მიიღეთ, ერთი წელი უარს აცხადებდით მის გათავისუფლებაზე. სწორედ ამ საქმის გამოა ფუჭი ყველა ის ინიციატივა თუ განცხადება, რომელიც ქალთა უფლებების დასაცავად წამოგიყენებიათ ან გამოგითქვამთ;
  • თქვენ პირადად ხართ პასუხისმგებელი ქსენოფობიის და სიძულვილის თესვაზე, ამიტომ ფუჭია დისკრიმინაციის წინააღმდეგ თქვენ მიერ გაკეთებული განცხადებები თუ გადადგმული ნაბიჯები;
  • თქვენი პირადად ხართ პასუხისმგებელი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის შესარჩევი კონკურსის სამარცხვინოდ ჩატარებაზე.

ქალბატონო მინისტრო,

სწორედ ამიტომ, ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა მოვითხოვო, რომ დატოვოთ იუსტიციის მინისტრის თანამდებობა!

თუ მიგაჩნიათ, რომ ამ საკითხის განხილვა და გადაწყვეტა ცდება თქვენს შესაძლებლობებსა და კომპეტენციას და ის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს (პრემიერ-მინისტრის) უფლებამოსილებას განეკუთვნება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გთხოვთ, ეს განცხადება, 5 დღის ვადაში, უფლებამოსილ ორგანოს გადაუგზავნოთ, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, ამის შესახებ 2 დღის ვადაში წერილობით მაცნობოთ", - ნათქვამია წერილში.

თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით თბილისში, იუსტიციის სახლთან აქცია რამდენიმე დღის წინაც გაიმართა.

ასევე, შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ქართული ოცნების მთავარ ოფისში სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც, გავრცელებული ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებები განიხილება. ჯერჯერობით უცნობია, მართლაც დატოვებს თუ არა პოსტს თეა წულუკიანი. 

კომენტარები