ოკუპაცია

ევროპარლამენტი წევრ ქვეყნებს: სანქციები დაადეთ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შესულ პირებს

0 კომენტარი
ფოტო: europarl.europa.eu

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი სახელწოდებით - "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ", ხმათა სრული უმრავლესობით დამტკიცდა. ევროპარლამენტი 20-პუნქტიანი რეზოლუციით რუსეთს მოუწოდებს უარი თქვას ოკუპირებული რეგიონების აღიარებაზე და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, სრულად სცეს პატივი საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ევროპარლამენტი დადებითად აფასებს საქართველოს პარლამენტის მიერ ოთხოზორია ტატუნაშვილის სიის ერთხმად მიღებას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს ამ სიის შემადგენელი პირებისთვის სანქციების დადებას.

საქართველოს მთავრობამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია 15 ივნისს უნდა გამოაქვეყნოს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ - ევროკავშირის რეზოლუციის ტექსტი

"ვინაიდან საქართველო აღნიშნავს 100 წლის იუბილეს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის პირველად გამოცხადებიდან, რომელიც 1918 წელს დაფუძნდა და ამაყობს თავისი თანამედროვე მიღწევებით.

ვინაიდან ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ვინაიდან 2008 წლის აგვისტოს - საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 10 წლის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას, საერთაშორისო სამართლის ნორმების და წესების დარღვევით, რასაც ემყარება საერთაშორისო სისტემა. ვინაიდან ე.წ ინტეგრაციის და თანამშრომლობის ხელშეკრულებები, რომლებიც აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან 2014 და 2015 წლებში გაფორმდა, იყო საერთაშორისო სამართლის, ეუთოს პრინციპების და რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებების აშკარა დარღვევა; ვინაიდან ევროკავშირი არ აღიარებს ე.წ არჩევნების და რეფერენდუმის ჩარჩოს, რომელსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა ჩაატარეს საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში 2016 და 2017 წლებში.

ვინაიდან ევროკავშირი მხარს უჭერს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში;

ვინაიდან რუსეთი მუდმივად აძლიერებს უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აგებს ახალ ბაზებს, შემოჰყავს დამატებითი ჯარები და ტექნიკა და ატარებს სამხედრო წვრთნებს.

ვინაიდან რუსეთი განაგრძობს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას და უარს აცხადებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების აღსრულებაზე.

ვინაიდან რუსეთი აგრძელებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის იზოლაციას დანარჩენი ქვეყნისგან და ამისთვის ქმნის გამშვებ პუნქტებს, ალაგებს ფიზიკურ ბარიერებს საოკუპაციო გასწვრივ და აგრძელებს კამპანიას, რომელიც მიმართულია ქართული კულტურის აღმოფხვრისკენ.

ვინაიდან საოკუპაციო ხაზი ნელა, მაგრამ სტაბილურად მოიწევს თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისკენ, პროცესი, რომელსაც ჩვენ ბორდერიზაციას ვეძახით, ზოგ ადგილას ძალიან ახლოს არის კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ადგილებთან, როგორიცაა სამანქანო გზები და გაზსადენები.

ვინაიდან აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ასიათასობით იძულებით გადაადგილებული პირი და დევნილია, რაც ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღამ გამოიწვია. მათ ჩამორთმეული აქვთ ფუნდამენტური უფლება, სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნდნენ.

ვინაიდან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის გადაადგილების და ცხოვრების უფლება, ასევე ქონების ფლობის და მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის უფლება ირღვევა. ვინაიდან ადამიანების უკანონო დაკავებები და გატაცებები გრძელდება.

ვინაიდან რუსეთის ფედერაცია არის ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, მას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევასა და ჰუმანიტარიულ სიტუაციაზე.

ვინაიდან 2008 წელს საქართველოში შეჭრა იყო პირველი დიდი ღია თავდასხმა ევროპულ დღის წესრიგზე და ვინაიდან მას მოგვიანებით სხვებიც მოჰყვა, მათ შორის ყირიმის ანექსია და ომი აღმოსავლეთ უკრაინაში.

ვინაიდან საქართველოში მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული პირები, არჩილ ტატუნაშვილი, გოგა ოთხოზორია და დავით ბაშარული დაიღუპნენ ცხინვალის და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების ბრუტალური ქმედებების შედეგად.

ვინაიდან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაიწყო ომის დანაშაულების და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება, რაც ამ კონფლიქტის დროს მოხდა.

ვინაიდან მიჩნეულია, რომ 2008 წლის12 აგვისტოს, ცენტალური და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერების, პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის, ესტონეთის პრეზიდენტის, ტომას ჰენდრიკ ილვეშის, ლიტვის პრეზიდენტის, ვალდას ადამკუსის, ლატვიის პრემიერმინისტრის, ივარს გოდმაინის და უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იუშენკოს ერთად დგომა იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც შეაჩერა რუსეთის ჯარების სვლა თბილისისკენ, რომლებიც თბილისიდან, საქართველოს დედაქალაქიდან 50 კილომეტრში იმყოფებოდნენ და ხელი შეუწყო ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების გაფორმებას ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის მიერ.

ვინაიდან რუსეთის ფედერაცია განაგრძობს ხელის შეშლას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის, შევიდნენ საქართველოს ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რითაც არღვევს ევროკავშირის შუამავლობით მიღებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რაც ხელს უშლის მისიის მანდატის სრულყოფილად განხორციელებას:

ევროპარლამენტი:

1. ადასტურებს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ცალსახად მხარდაჭერას; აღიარებს, რომ გაეროს ქარტიაში დაცული პრინციპები, 1975 წლის ჰელსინკის საბოლოო აქტი და 1990 ეუთო-ს პარიზის ქარტია წარმოადგენენ ევროპის კონტინენტის მშვიდობის ქვაკუთხედებს;

2. კვლავ იმეორებს, რომ სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და დავების მშვიდობიანი მოგვარება ევროპის უსაფრთხოებისთვის ძირითადი პრინციპებია; ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარება აუცილებელია ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცებაში; მიიჩნევს, რომ ეს კონფლიქტები და საქართველოს ტერიტორიების გრძელვადიანი ოკუპაცია კვლავ საფრთხეს უქმნის სხვა ევროპულ ქვეყნებს სუვერენიტეტს;

3. მოითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციამ შეცვალოს გადაწყვეტილება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე; გმობს ვენესუელის, ნიკარაგუას, სირიასა და ნაურუს გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე და მოუწოდებს მათ, შეცვალონ ეს აღიარება;

4. ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციის საჭიროებას, უპირობოდ შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ყველა დებულება, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიიდან სამხედრო ძალების გაყვანის ვალდებულება;

5. მოითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და სრულად სცემს პატივს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობას და მოითხოვს, შეაჩეროს ორივე რეგიონი რუსეთის ადმინისტრაციაში დე ფაქტო ინტეგრაცია;

6. ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე ვალდებულებას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საქმეში, მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, ყოვლისმომცველი მიდგომის ფარგლებში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის ჩართულობით და ჟენევის დისკუსიებში თანათავმჯდომარეობით, ასევე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნით და არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკით;

7. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს თანამშრომლობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისთან გამოძიების ხელშეწყობის მიზნით, ისევე, როგორც უზრუნველყოფისთვის, რომ ICC-ის რეგისტრატურამ შეასრულის თავისი მანდატი აუთრიჩის და დაზარალებულის მონაწილეობის თვალსაზრისით;

8. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მისცეს საქართველოს ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შესვლის უფლება, ისი მანდატის შესაბამისად. შეახსენებს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არის ადგილზე მყოფი ერთადერთი მუდმივმოქმედი საერთაშორისო მისია, რომელიც მოიპოვებს მიუკერძოებელ ინფორმაციას საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების შესახებ, და მოუწოდებს მანდატის გაგრძელებისკენ 2018 წლის 14 დეკემბრის შემდეგაც;

9. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ბორდერიზაცია ადმინისტრაციულ ხაზთან, რაც მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების დადგმით გამოიხატება. ასევე, მოუწოდებს, დაასრულოს საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის ხელყოფა და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გაფართოება, რითიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა ერთმანეთთან კონტაქტის შესაძლებლობას კარგავს და აღრმავებს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებთა იზოლაციას;

10. გმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ათობით ქართული ეკლესიისა და ქართული სოფლების განადგურებას, ასევე გამიზნულ მცდელობას ამ ტერიტორიებიდან წაიშალოს ქართული ისტორიისა და კულტურის ნაკვალევი. ევროპარლამენტი ასევე გმობს 2017 წელს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმს;

11. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაემორჩილოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პრინციპს, თავადაც ძალის გამოუყენებლობით უპასუხოს საქართველოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ძალის გამოიყენებლობის შესახებ, რის შესახებაც საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტისადმი სიტყვით მიმართვაში 2010 წლის 23 ნოემბერს განაცხადა;

12. ევროპარლამენტი მეისალმება ახალ სამშვიდობო ინიციატივას, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო. "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" - არის საქართველოს მთავრობის ინიციატივა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მცხოვრები პირების ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" ადამიანებს შორის კონტაქტის ზრდასა და ოკუპაციით გაყოფილ ხალხს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად;

13. ევროპარლამენტი რუსეთს, როგორც საოკუპაციო ძალას შეახსენებს მის ვალდებულებებს მოსახლეობის წინაშე, რომ მან უნდა შეწყვიტოს ძალადობა და ადამიანის უფლებების ხელყოფა, მისცეს ადამიანებს თავისუფლად გადაადგილების უფლება, შეაჩეროს ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაცია, შეწყვიტოს ეთნიკურ ქართველთა საკუთრების უფლების ხელყოფა და მისცეს მათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა;

14. ევროპარლამენტი რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს ეთნიკურად მოტივირებული დანაშაულები საქართველოს ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ამასთანავე ევროპარლამენტი რუსეთს მოუწედებს აღასრულოს სამართალი და ბოროტმოქმედები, რომლებმაც არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის უფლება ხელყვეს გასამართლებულ იქნენ;

15. ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის სექმნასთან დაკავშირებით, რომლის მეშვეობითაც შავ სიაში სევლენ ის ადამიანები, რომლებმაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაიდინეს ძალადობრივი დანაშაულები და ის პირებიც, რომლებმაც ამ სამართალდარღვევებს ხელი დააფარეს. ევროპარლამენტი მის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს შავ სიაში შეიყვანონ ის პირები, რომლებიც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შევლენ. ასევე მათ მიმართ შემოღებული იყოს ევროკავშირის მასშტაბით სანქციები;

16. ევროპარლამენტი რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება უზრუნველყოს საკუთარ სახლებში. ამასთანავე, უზრუნველყოს ამ პროცესში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების შეუფერხებელი მონიტორინგი;

17. ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის მიერ ქართული დემოკრატიის დასუსტებისთვის პროპაგანდის, დეზინფორმაციის, სოციალურ ქსელებში ინფლიტრაციისა და საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის მცდელობებს. ევროპარლამენტი გმობს რუსეთის მიერ ყალბი ნარატივების გავრცელებასა და სოციალური დაძაბულობების გაღვივებას, რისთვისაც რუსეთი მათ შორის მის სახელმწიფო მედიასაშუალებებს იყენებს, რათა ამ გზებით გავლენა მოახდინოს საქართველოს შიდა პოლიტიკურ მდგომარეობაზე, რის შედეგადაც ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს;

18. ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო საზოგადოებას უნდა ჰქონდეს,მყარი მკაფიო და კოორდინირებული პოზიცია რუსეთის აგრესიული და ოკუპაციური პოლიტიკის მიმართ, რაც ერთადერთი გზაა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და რეგიონის ქვეყნებში მსგავსი კონფლიქტების თავიდან აცილებისთვის;

19. ევროპარლამენტი ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრი სახელმწიფოების პარლამენტებს მოუწოდებს გამოიყენონ უფრო მკაფიო და ზუსტი ტერმინები რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისა და მისი აგრესიული პოლიტიკის შესახებ;

20. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროპარლამენტის პრეზიდენტს ეს რეზოლუცია გადააგზავნოს ევროპულ საბჭოში, ევროკომისიასა და ევროკავშირის დიპლომატიურ სამსახურში, წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებში და ასევე რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და პარლამენტში,"- წერია ევროკავშირის რეზოლუციაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები