კრიმინალი

შსს: PAY აპარატების ინკასატორმა ყაჩაღური თავდასხმა გაითამაშა და ფული მიითვისა

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატების დაყაჩაღების ფაქტი გახსნეს. პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და უკანონო საზღვრის კვეთის ბრალდებით ნათესავები - რ.ხ. და ლ.ზ. თბილისში და სარფში დააკავა.

"დადგინდა, რომ დაკავებულებმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ინკასატორზე რ.ხ.-ზე ვითომ ყაჩაღური თავდასხმა დაგეგმეს და ზაჰესში განახორციელეს. თავდასხმის იმიტაციით მათ პოლიციისთვის კვალის არევა და დიდი ოდენობით თანხის (149,828 ლარი, 220 დოლარი) მითვისება, ასევე ქვეყნის უკანონოდ დატოვება სცადეს" - აცხადებს შსს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 2-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების მსვლელობისას მოწმის სახით გამოკითხულმა ინკასატორმა რ.ხ.-მ სამართალდამცველებს თავდაპირველად განუცხადა, რომ ზაჰესში მას ორმა დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით გააღებინა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის კარი და წაართვეს ინკასაციის დროს ამოღებული 149,828 ლარი და 220 დოლარი. ამის შემდეგ შეუკრეს ხელები, წაართვეს ავტომანქანის გასაღები, მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ

"გამოძიების მსვლელობისას ჩატარდა ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები, რა დროსაც გამოიკვეთა აღნიშნული დანაშაულის ჩადენის ხერხი და მისი ჩამდენი პირები. როგორც გამოძიებით გაირკვა, წინასწარი შეთანხმებით სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ინკასატორმა 1985 წელს დაბადებულმა რ.ხ.-მ, მისი ნათესავის 1990 წელს დაბადებულ ლ. ზ.-ის მონაწილეობით დაგეგმა ყაჩაღობის ინსცენირება და წინასწარ შერჩეულ ადგილზე, სადაც არ არის დამონტაჟებული ვიდეო–სათვალათვალო კამერები, გაითამაშეს დაყაჩაღების ფაქტი.

რ.ხ. სარფში სასაზღვრო–გამშვები პუნქტზე, ხოლო ლ.ზ. ქ.თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა საგამოძიებო ექსპერიმენტისას ლ.ზ.-ს საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში მითვისებული თანხის დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს" - აცხადებს შსს.

დაკავებულებს ბრალად ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ „დ“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე 370-ე მუხლის მე–3 ნაწილით და 344 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა (წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისება, ცრუ ჩვენება და საზღვრის უკანონო კვეთა.)

კომენტარები