ძალადობა

"ოცნება" ენმ-ის დეპუტატის ცემაზე: ნაციონალური მოძრაობა დესტრუქციულ მეთოდებს ირჩევს

41.ge

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს ენმ-ის დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს, თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ პარტია ემიჯნება "ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას". ცნობისთვის, ოზურგეთის საკრებულოს შენობაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ ბესო ქათამაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც მან თავის არეში დაზიანება მიიღო. ცემის ფაქტზე ბრალი ქართული ოცნების დეპუტატს ტარიელ აროშიძეს წარედგინა.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციულ ქმედებებს, რაც ვითარების ესკალაციას ისახავს მიზნად. როგორც ჩანს, ნაციონალური მოძრობა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის ერთადერთ გზად დესტრუქციულ მეთოდებს ირჩევს. სწორედ ასეთი ქმედებების ნაწილად ვაფასებთ გუშინ, ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს. თუმცა, აქვე ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით ძალადობის ნებისმერ გამოვლინებას და პროვოკაციების მიუხედავად, დაუშვებლად მიგვაჩნია ფიზიკური დაპირისპირება.

ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ სახელმწიფო არ დაუშვებს ვითარების ესკალაციას. ყველა მსგავს ინციდენტზე შესაბამისი სამსახურები მოახდენენ ადეკვატურ რეაგირებას. 

მივმართავთ ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის წევრებს, მხარდამჭერებს - ჩვენ მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა გვაკისრია და ჩვენი ხელწერა ყოველთვის იყო და იქნება მხოლოდ კანონისმიერი პასუხი ყველა პროვოკაციაზე. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ, არ აჰყვეთ არანაირ პროვოკაციას. ნურავის მივცემთ საშუალებას, ხელოვნურად მოახერხონ სიტუაციის ესკალაცია. 

აქვე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ არსებობს საჯარო სივრცეში მიზანმიმართული მუქარისა და შეურაცხყოფის არაერთი ფაქტი, რომელიც აუცილებლად გადაეცემა სამართალდამცავ უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და ყველა ის ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს, სათანადოდ აგებს პასუხს, მიუხედავად მისი პოლიტიკური, თუ თანამდებობრივი პოზიციისა,” - აცხადებს ქართული ოცნება.

კომენტარები