ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია

კობახიძე: ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია უახლოეს დღეებში იქნება წარმოდგენილი

0 კომენტარი
ფოტო: პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას პარლამენტს უახლოეს დღეებში წარუდგენენ. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობისგან ამის პირობა უკვე მიიღეს. აღსანიშნავია, რომ სია 15 ივნისამდე უნდა ყოფილი წარდგენილი, ვადის გადაცილების გამო კი საპარლამეტო უმცირესობა ხელისფულებას აკრიტიკებს.

"ჩვენ ვადევნებდით თვალყურს ამ პროცესს. რეზოლუციაზეა აქ საუბარი, კანონით არ არის დადგენილი აქ შესაბამისი ვალდებულება. 15 ივნისამდე უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი ეს სია, თუმცა, მიზეზი იყო ობიექტური, მიზეზი იყო ის, რომ შეიცვალა ზუსტად ამ დროისთვის მთავრობის შემადგენლობა, გადადგა პრემიერმინისტრი, ზუსტად იმ დროს, როცა უნდა დაემტკიცებინა მთავრობას 15 ივნისამდე შესაბამისი სია. როგორც კი შეიკრიბება მთავრობა, რა თქმა უნდა, განახლდება მსჯელობა სიასთან დაკავშირებით და ჩვენ გვაქვს უკვე პირობა მიღებული მთავრობის ახალი შემადგენლობისგან, რომ უახლოეს დღეებში იქნება წარმოდგენილი, შეძლებისდაგვარად, მალე იქნება წარმოდგენილი, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები. ამ კონსულტაციებში ჩართული იყო, მათ შორის,საპარლამენტო ოპოზიცია. ზუსტად ამ კონსულტაციების შედეგი იქნება ის სია, რომელსაც წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნა ევროპული საქართვლოს ინიციატივა იყო. სიაში ის პირები უნდა შევიდნენ, ის ადამიანები, რომლებმაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაიდინეს ძალადობრივი დანაშაულები და ის პირებიც, რომლებმაც ამ სამართალდარღვევებს ხელი დააფარეს. 

სია მას შემდეგ შეიქმნა რაც, ახალგორიდან დევნილი, სოფელ წილკანში მცხოვრები არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს და წამების მოკლეს.

რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც წერია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნასთან დაკავშირებით და მის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს შავ სიაში შეიყვანონ ის პირები, რომლებიც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შევლენ. ასევე მათ მიმართ შემოღებული იყოს ევროკავშირის მასშტაბით სანქციები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები