თურქეთი

ერდოღანმა და მისმა პარტიამ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვეს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი მხარდამჭერებს ხვდება
REUTERS

24 ივნისს თურქეთში გამართულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიმარჯვა. თურქული სახელმწიფო მედიის მიხედვით ერდოღანმა ხმათა 52,5% მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა, მუჰარემ ინჯემ 31%. შესაბამისად 64 წლის ერდოღანმა გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვა.

პარალელურად, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ერდოღანის სამართლიანობის და განვითარების პარტიამ 600 ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება შეძლო (42% - 293 ადგილი), ხოლო მათმა პარტნიორმა ნაციონალისტური მოძრაობის პარტიამ ხმათა 11% მიიღო (50 ადგილი). მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ ხმათა 23% დააგროვა და შსაბამისად პარლამენტში 146 ადგილი ექნება. პარლამენტში შესვლა შეძლო ეთნიკურ უმცირესობათა უფლებებისათვის მებრძოლმა სახალხო დემოკრატიულმა პარტიამაც. 67 ადგილით ის სიდიდით მეორე ოპოზიციური პარტია იქნება პარლამენტში.

არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 87%-მა მიიღო.

გამარჯვების აღნიშვნისას ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი გააძლიერებს ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლას და გააგრძელებს სირიის მიწების გათავისუფლებას იმისათვის, რომ მიგრანტებმა დაბრუნება შეძლონ.

ერდოღანის მომხრეებმა თურქეთის ქუჩებში გამარჯვება უკვე აღნიშნეს. ოპოზიცია მარცხს ამ დრომდე არ აღიარებს და დარღვევებზე და სახელმწიფო მედიის მიხრიდან "მანიპულაციაზე" საუბრობს.

თურქეთის ახალი კონსტიტუცია პრეზიდენტის უფლებებს ზრდის. ერდოღანს შეეძლება პირდაპირ დანიშნოს მინისტრები და ვიცე-პრეზიდენტები, ჩაერიოს ქვეყნის საკანონმდებლო სისტემაში და გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა მთელს ქვეყანაში. რეფერენდუმის შედეგების მიხედვით გაუქმდა პრემიერმინისტრის პოსტიც.

შეგახსენებთ, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტი 2014 წელს გახდა. მანამდე ის 11 წლის მანძილზე პრემიერმინისტრის პოსტს იკავებდა. ახალი კონსტიტუციის მიხედვით, 2023 წელს მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მას კვლავ შეეძლება პოსტზე კენჭისყრა. 

კომენტარები