ძველი თბილისი

კალაძე ძველ თბილისში ფასადებზე კონდიციონერების და გამათბობლების დემონტაჟს ითხოვს

თბილისის მერია

ძველ თბილისში მოსახლეობას ფასადებზე დამონტაჟებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი მოუწევს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. კალაძის თქმით, ფასადებზე დამონტაჟებული კონდიციონერები და გამათბობელი სისტემები იერსახეს აზიანებს. თბილისის მერმა ზედამხედველობის უფროსს დაავალა აღრიცხოს მსგავსი ფაქტები და მოსახლეობას მათი დემონტაჟისთვის დრო მისცეს. 

"ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა იერსახის და ფასადების დაზიანება. ეს ხდება კონდიციონირებით, გამათბობლებით და სხვა საყოფაცხოვრებო საჭიროებებით. ძალიან სამწუხაროა ეს. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ 30 მილიონი ლარი დაიხარჯა აღმაშენებლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის. მე მაქვს ფოტოები თუ რა მდგომარეობაშია დღეს იქ არსებული ისტორიული ძეგლები, შენობა-ნაგებობები და ნამდვილად გულდასაწყვეტია, რომ ასეთ მდგომარეობაშია. ჩვენ თვითონ ვაზიანებთ იმას, რასაც ვაკეთებთ. ასეთი ფაქტებია არის უამრავი, არის სკვერებში. როდესაც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვამთავრებთ არის ვანდალიზმის ფაქტები, რაც ძალიან მძიმეა. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ ამას მოვუაროთ აღვადგინოთ და შევინარჩუნოთ და შემდეგ ისევ ჩვენ თვითონ ვაზიანებთ. მე მესმის რომ საყოფაცხოვრებო პირობებისთვის საჭიროა სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ფასადების დაზიანების ხარჯზე. კატეგორიულად მიუღებელია ეს მიდგომები და დამოკიდებულება. მე მინდა დავავალო ზედამხედველობის სამსახურს, რომ დააფიქსიროს და აღრიცხოს თითოეული მსგავსი ფაქტი, მესაკუთრეებს მივცეთ გონივრული ვადა, რომ თვითნებურად მოწყობილი ინფრასტრუქტურის დემონტაჟი განახორციელონ. ის დაზიანებები რაც არის ფასადებზე მონგრეული-მინგრეული და გაუბედურებული, ამას ჩვენი ხარჯებით აღვადგენთ ჩვენ, დედაქალაქის მერია ჩაერთვება გამგეობასთან და ფონდთან ერთად, ხოლო რაც არის კონდიციონერების მოტორები, გამათბობლების მილები, რომლებითაც მოხდა იერსახის დამახინჯება, აუცილებად დაიწყეთ ამის დემონტაჟი. მე იმედი მაქვს , რომ ჩვენ მიერ დადგენილ ვადებში მოხდება დემონტაჟი და არ მოგვიწევს სხვა უფრო მკაცრი ზომების მიღება და მომავალში ადგილი აღარ ექნება მსგავს ფაქტებს." - ამბობს კალაძე. 

კომენტარები