სოფლის მეურნეობა

ბახტაძე: მოსახლეობის 50% არის სოფლად დასაქმებული - ეს იწვევს სიღარიბეს

საქართველოს პარლამენტი

"დღეს სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია ჩვენი მოსახლეობის 50%, რა თქმა უნდა ეს იწვევს მხოლოდ სიღარიბეს და ვერ იწვევს განვითარებას,"- განაცხადა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს ერთ მილიონამდე მოქალაქე სოფლის მეურნეობის სექტორშია თვითდასაქმებული. მათი შემოსავლები დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე მინიმალურია და ისინი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 10%-ს ქმნიან, როდესაც დასაქმებულთა დანარჩენი ნაწილი, ანუ 750 ათასი მოქალაქე, მთლიანი შიდა პროდუქტის 90%-ს ქმნის. სწორედ ამ პრობლემის შესახებ საუბრობს პრემიერმინისტრი.

"დღეს სამწუხაროდ სოფლის მეურნეობის დიდ ნაწილში არის ისევ ნატურალური მეურნეობა და როდესაც ასეთ მნიშნელოვან სექტორში ნატურალური მეურნეობა დომინირებს და შეგახსენებთ, რომ დღეს სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია ჩვენი მოსახლეობის 50%, რა თქმა უნდა ეს იწვევს მხოლოდ სიღარიბეს და ვერ იწვევს განვითარებას. შემიძლია დაგპირდეთ,  რომ ამ მიმართულებით იქნება ფუნდამენტური რეფორმები,"- თქვა ბახტაძემ.

ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სოფლის მეურნეობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგად გამოცხადდა და მასში მილიონობით ლარის საბიუჯეტო რესურსი ჩაიდო. მთავრობამ ბიძინა ივანიშვილის დაპირების შესაბამისად, 2013-2016 წლებში უფასო ხვნის პროგრამაც კი შეიმუშავა, რაზეც ყოველწლიურად 40-45 მილიონი ლარი იხარჯებოდა. ამის მიუხედავად დარგში ეკონომიკური ვარდნაა. სოფლად ხალხის "დამაგრება" წინა წლებში მთავრობის გამოცხადებული პრიორიტეტს წარმოადგენდა. 

საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობის სექტორის ეკონომიკურმა ვარდნამ 2.2% შეადგინა. 

სოფლის მეურნეობის სფეროს კომერციალიზაციისათვის მნიშვნელოვანია დიდი ზომის მეურნეობების არსებობა (50 ჰა და მეტი), თუმცა საქართველოს შემთხვევაში მეურნეობების ძირითადი ნაწილი - 85% მცირემიწიანია და მათი ფართობი 5 ჰექტარზე ნაკლებს შეადგენს. დაბალია დარგის კომერციალიზაცია, რაც სოფლად სიღარიბის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. 

მიწის ნაკვეთების გამსხვილების გარეშე სოფლის მეურნეობის დარგის მოდერნიზაცია პრაქტიკულად წარმოუდგენელია. 

ამავდროულად, დარგის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ინოვაციების არარსებობა. უცხოეთის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენის აკრძალვით ქართულ სოფლის მეურნეობაში ინოვაციების დანერგვის ტემპიც შეიძლება შემცირდეს.

კომენტარები