საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის საბაჟოს მიმდებარე ტერიტორიაზე კლდის ნაწილის ჩამოშლის გამო, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე ტრანსპორტის და ქვეითთა გადაადგილება დროებით შეიზღუდა.
"სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ახლოს, თურქეთის მხარეს, კერძოდ თურქეთის საბაჟოს მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყერის შედეგად ჩამოიშალა კლდის ნაწილი, რის გამოც დაკეტილია სარფი-ტრაპზონის დამაკავშირებელი მაგისტრალი. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თურქეთის თხოვნით და ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილებით, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე (სარფის მონაკვეთზე) დროებით შეიზღუდა როგორც ტრანსპორტის, ასევე ქვეითთა გადაადგილება", - აცხადებენ შსს-ში.
უცნობია, როდის აღდგება მოძრაობა. სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო საზღვარზე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს თურქეთის მხარეს გზის სავალი ნაწილის გაწმენდის და მოძრაობის აღდგენისთანავე დაუბრუნდება.