სექსუალური შევიწროება

კაცმა გაზეთის 5 თანაშრომელი მის შესახებ გამოქვეყნებული სტატიის გამო მოკლა

womenintheworld.com

აშშ-ში, მერილენდში მამაკაცმა გაზეთის 5 თანამშრომელი იმის გამო მოკლა, რომ გამოცემამ მისი მხრიდან ქალის შევიწროების შესახებ სტატია გამაქვეყნა.

The New York Times-ის ცნობით, ჯაროდ რამოსი ყოფილ კლასელ ქალს ავიწროებდა და ამაზე მერილენდის გაზეთმა, Capital Gazette-მ სტატია მოამზადა.

თავდაპირველად ბრალდებულმა გამოცემას რეპუტაციის შელახვისთვის უჩივლა, თუმცა ორი ინსტანციის სასამართლომ სარჩელის მიღებაზე უარი უთხრა და აღნიშნა, რომ რამოსმა "ჭკუა ვერ ისწავლა". ამის შემდეგ ის Capital Gazette-ს ნუსრუმში შეიარაღებული შეიჭრა და გაზეთის 5 თანამშრომელი მოკლა, 2 კი დაჭრა.

რაც შეეხება რამოსის მხრიდან შევიწროების საქმეს, მას ქალმა 2009 წელს უჩივლა. ის ყვება, რომ სწორედ ამ პერიოდში ყოფილმა კლასელმა მასთან ხელახლა დაკავშირება სცადა, თუმცა უარის შემდეგ ელექტრონული ფოსტასა და სოციალური ქსელში სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, ავიწროებდა. დაზარალებულის თქმით, კაცი იმ ბანკშიც რეკავდა, სადაც ის მუშაობდა და თანამშრომლებს ეუბნებოდა, რომ ქალი სამსახურიდან უნდა დაეთხოვათ, რის გამოც მას დროებით გამოსაცდელი პერიოდი დაუწესეს.

"მან როგორც ჩანს იფიქრა, რომ ჩვენს შორის გარკვეული ტიპის ურთიერთობა არსებობდა, თუმცა ეს ასე არ იყო. შევეცადე თავიდან მომეშორებინა, მაგრამ გაბრაზდა და ვულგარული სიტყვები მითხრა. შევაწყვეტინე და ვუთხარი, რომ აღარ დამკონტაქტებოდა", - ამბობს ქალი.

ჯაროდ რამოსი სასამართლომ დამნაშავედ სცნო. მას 90-დღიანი პირობითი სასჯელი განესაზღვრა. გარდა ამისა, რამოსს თერაპიის კურსი დაუნიშნეს და ყოფილ კლასელთან კონტაქტი აუკრძალეს.

სწორედ ეს ისტორია გამოაქვეყნა Capital Gazette-მ. რეპუტაციის შელახვისთვის სარჩელზე სასამართლოსგან უარის მიღების შემდეგ, ჯაროდ რამოსი მედიას სოციალურ ქსელში წლების მანძილზე ემუქრებოდა. მიმდინარე წლის 28 ივნისს ის კვლავ დაემუქრა გაზეთს Twitter-ზე, ხოლო სოციალური ქსელის ანგარიშის სახელად მის საქმეზე მომუშავე მოსამართლის სახელი გამოიყენა.

29 ივნისს კი რამოსი Capital Gazette ნიუსრუმში შიეარაღებული შეიჭრა და გაზეთის 5 თანამშრომელი მოკლა, 2 კი დაჭრა.

კომენტარები