სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

საპარლამენტო კომისია ორშაბათს შსს-ს სამ წარმომადგენელს და ზვიად კუპრავას მოუსმენს

პარლამენტის პრესსამსახური

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით პარლამენტში არსებული დროებითი საგამოძიებო კომისია ორშაბათს, 2 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ წარმომადგენელს და ზვიად კუპრავას მოუსმენს, რომელიც ზაზა სარალიძესთან ერთად ალტერნატიულ გამოძიებას აწარმოებდა.

გარდა ამისა, ორშაბათსვე კომისიის წევრები განიხილავენ იმ ორ რეკომენდაციას, რომელიც "ევროპულმა საქართველომ" შეიმუშავა, თუმცა მათგან ერთ-ერთს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არ ეთანხმებიან.

კომისიას ამ დროისთვის ორი რეკომენდაცია აქვს - კონფლიქტში მონაწილე მ.კ.-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის, ხოლო ამავე კონფლიქტში მონაწილე გ.მ.-ს დაჭრაზე გამოძიების დაწყება.

ორშაბათის სხდომის დღის წესრიგი კომისიის წევრებმა დღეს დაამტკიცეს. თავდაპირველად უთანხმოება იყო ზვიად კუპრავას მოწვევასთან დაკავშირებით.

კომისიის თავმჯდომარემ თქვა, რომ კუპრავამ თავად მოითხოვა სხდომაზე მისვლა და იმ საკითხებზე საუბარი, რომლებიც, მისი აზრით, რელევანტურია. მამუკა მდინარაძის აზრით, მისი გამოკითხვა მიზანშეწონილი არაა და საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანის მცდელობა იქნება. თანაგუნდელს დაეთანხმა სოფიო კილაძე და აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნება კომისიამ მეტი ინფორმაცია მიიღოს იმ პირებისგან, ვინც უშუალოდ არის ჩართული გამოძიების პროცესში.

"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, გიგა ბოკერია კი ამბობს, რომ კუპრავა ალტერნატიული გამოძიების სათავეში იყო კუპრავა და მის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია. მისი თქმით, პოლიტიზება შეიძლება მოახდინოს კომისიის რომელიმე წევრმა ან კომისიამ და არა ადამიანმა, ვისაც მოუსმენენ.

"ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ ჩვენი საქმიანობის პოლიტიზებას ვერავინ მოახდენს", - აღნიშნა ბოკერიამ.

საბოლოოდ, კომისიის წევრები შეთანხმდნენ, რომ ორშაბათს ზვიად კუპრავასაც მოუსმენენ, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა კომისიის თავმჯდომარე უთხრა, რომ თუ პოლიტიზება მოხდება, ამაზე პასუხისმგებელი სწორედ ის იქნება.

შედეგად, ორშაბათს, 2 ივლისს კომისია თავდაპირველად განიხილავს რეკომენდაციებს, შემდეგ მოუსმენს ზვიად კუპრავას და ამის შემდეგ შსს-ს სამ წარმომადგენელს: ირაკლი ფიფიას, იოსებ სიგუას და შალვა ბედოიძეს. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პირის გამოკითხვა დღის განმავლობაში ვერ მოესწრება, სამშაბათს, 3 ივლისს გაგრძელდება.

ორშაბათს საპარლამენტო კომისიის სხდომა 11:00 საათზე დაიწყება. სულ მომდევნო კვირაში კომისია სამჯერ შეიკრიბება - ორშაბათს, სამშაბათს და შაბათს. ამასთან, სავარაუდოდ სამშაბათს, დახურულ ფორმატში გამოიკითხებიან არასრულწლოვნებიც.

კომენტარები